ეკონომიკა

“ლატარიის კომპანიას” საგადასახადო შეღავათებს უწესებენ

13 ოქტომბერი, 2011 •
“ლატარიის კომპანიას” საგადასახადო შეღავათებს უწესებენ

“ლატარიის კომპანიას” საგადასახადო შეღავათებს უწესებენ. ამასთან დაკავშირებით ცვლილებების პროექტის ინიცირებაპარლამენტის  დღევანდელ სხდომაზე განხორციელდა. კანონპროექტის თანახმად, დღგ-სგან თავისუფლდება ლატარიებით, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა იმ ლატარიის ორგანიზატორის მიერ, რომლის წილის 50%-ზე მეტს სახელმწიფო ფლობს.

ასევე, მცირდება ლატარიის ბილეთების ექსპერტიზა-უტილიზაციისთვის დადგენილი მოსაკრებელი. ამავე პაკეტით ლატარიის ორგანიზატორის მიერ გაწეულ გარკვეულ შესყიდვებზე “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი არ გავრცელდება, ლატარიის ორგანიზატორს უფლება მიეცემა, მოთამაშეზე ლატარიის ბილეთის უფასოდ მიწოდება განახორციელოს და ა.შ.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები კახაბერ ანჯაფარიძე და ანდრო ალავიძე არიან.

საკანონმდებლო ცვლილებები  იმან განაპირობა, რომ  შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ 70 პროცენტის მფლობელი გახდა საქართველოს სახელმწიფო, რომლის წილის მართვაც  შპს „საქართველოს ფოსტას“ გადაეცა, რომლის 100 პროცენტს სახელმწიფო ფლობს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ ანჯაფარიძე განმარტავს, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეული შეღავათების დაწესებას ლატარიის ორგანიზატორი კომპანიისათვის, რომლის 70 პროცენტის მფლობელიც საქართველოს სახელმწიფო გახდა. კერძოდ, მოხდება დღგ–ს გადასახადისაგან  ჩათვლის უფლებით გათავისუფლება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტი დანახარჯების თავიდან აცილების გამო მცირდება ლატარიის ბილეთის ექსპერტიზა–უტილიზაციისთვის დადგენილი მოსაკრებელი. ასევე, რადგან საქმე გვაქვს ორი სახელმწიფო კომპანიის ურთიერთობასთან, კომპანიების ერთმანეთისათვის გაწეული მომსახურება სახელმწიფო შესყიდვების რეჟიმისაგან თავისუფლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი