ეკონომიკა

საპარლამენტო უმცირესობა ბიუჯეტის პროექტის პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვს

11 ოქტომბერი, 2011 • 1086
საპარლამენტო უმცირესობა  ბიუჯეტის  პროექტის პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვს

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი თარგამაძე პარლამენტიდან 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის გაწვევას მოითხოვს. ამის შესახებ თარგამაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა.  მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტი ეკლექტიკური დოკუმენტია და არ ითვალისწინებს იმ  გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე დგას.

”წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის მიზანი არ არის ეკონომიკის რეალური პრიორიტეტების გამოყოფა  და ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების უფრო მაღალი მაჩვენებლების მიღწევა. ბიუჯეტი მიზნად ისახავს, რაც შეიძლება ნაკლები წინააღმდეგობებით მხოლოდ არსებული ფინანასური რესურსის გადანაწილებას. ამავე დროს  ბიუჯეტი ვერ უზრუნველყოფს ჩვენი შეჭირვებული  თანამოქალაქეების  სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის ელემენტარულ პირობებს” – ამბობს თარგამაძე.

თარგამაძე აცხადებს, რომ 2012 წლის ბიუჯეტის პროექტში ხელისუფლებას თავისი პრიორიტეტები აქვს.  კერძოდ, 74 მილიონი ლარით (14,11 პროცენტით) იზრდება საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები.  თავდაცვის სამინისტროს დაფინანასება იზრდება 30 მილიონი ლარით (4,55 პროცენტით), შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება –18 მილიონი ლარით, საერთო დანიშნულების  სახელმწიფო მომსახურება იზრდება 143 მილიონი ლარით (7,6 პროცენტით).

მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება მცირდება 10 მილიონი ლარით, ანუ 12,64 პროცენტით.  ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება კი იზრდება მხოლოდ 1,75 პროცენტით, რაც ფასების ზრდის კომპენსირებას ნაწილობრივადაც კი ვერ მოახდენს.  განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 0.9 პროცენტით.

თარგამაძე ’’ნეტგაზეთთან” ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ მავნე ჩვევაზე საუბრობს, ” ხელისუფლება და პრეზიდენტი ცდილობს, არ დაარღვიოს პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის წარდგენის საკონსტიტუციო ვადა. ბიუჯეტი ფორმალურად შემოდის და თავისი ტექნიკური მახასიათებლებით  და პრიორიტეტებით სრულიად არაადეკვატურია  ხოლმე. ასეთი პრეცედენტი გასულ წელსაც იყო.”

2011 წლის ბიუჯეტის პროექტის გაწვევა პარლამენტიდან 2010 წელსაც საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით მოხდა.

პარლამენტის  საფინანასო –საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი  ”ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ  გიორგი თარგამაძემ პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცედურა არ იცის და, შესაბამისად, ბიუჯეტს  საკანონმდებლო ორგანოდან ვერ გაიწვევს.  ’’ მთავრობას შემოაქვს ბიუჯეტის პროექტის  თვისი ვარიანტი,  შემდეგ ხდება  განხილვა საკომიტეტო დონეზე და  ჩვენი შენიშვნებით და რეკომენდაციენბით  პროექტს მთავრობას ვუგზავნით. საფინანასო-საბიუჯეტო კომიტეტის   სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება, სადაც ყველა იმ მიმართულებაზე და რეკომენდაციაზე იქნება  საუბარი, რომელსაც ჩვენ გავცემთ. კანონის თანახმად, უნდა გავუგზავნოთ ჩვენი მოთხობვნები და შენიშვნები მთავრობას. შემდეგ მთავრობამ ხელახლა უნდა შემოიტანოს ბოუჯეტის პროექტი პარლამენტში. ამის მერე იწყება მესამე ეტაპი, ბიუჯეტი  გაგვაქვს სესიაზე და იწყება დებატები, მათ შორის, მთავრობას, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის, რის შემდეგაც  კიდევ ერთხელ ვუგზავნით  ბიუჯეტს მთავრობას.”

ზურაბ მელიქიშვილი განმარტებით, საკუთარ პოზიციას ბიუჯეტთან დაკავშირებით საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის სხდომაზე დააფიქსირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი