ეკონომიკა

GPRS-ის აპარატებით ძველი სალარო აპარატები ჩანაცვლდება

11 ოქტომბერი, 2011 • 2351
GPRS-ის აპარატებით ძველი სალარო აპარატები  ჩანაცვლდება

პირველი GPRS-ის სალარო აპარატები ბაზრობებზე უკვე გამოჩნდა. ”ნეტგაზეთი” ერთ-ერთ მცირე მეწარმეს  გაესაუბრა, რომელმაც განუცხადა, რომ  ახალი  GPRS-ის აპარატი 306 ლარად იყიდა. სალარო აპარატის ფასი 290 ლარია, მაგრამ 16 ლარის გადახდა მომსახურებისათვის  წინასწარ მოუწია.

საგადასახადო შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე ”ნეტგაზეთთან”საუბარში  განმარტავს, რომ სალარო აპარატებს ტენდერის შედეგად გამარჯვებული კომპანია ემსახურება. ’’ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი და  თავიდანვე იყო ის პრინციპი ჩადებული, რომ იმ კომპანიის ყოველთვიური მომსახურების გადასახადი შეადგენდა 5 ლარს. ეს თანხა ემატება აპარატის ფასს. ეს მეწარმეზეა დამოკიდებული, ვისაც უნდა სამი თვისასა დაფარავს, ვისაც უნდა 12 თვისას გადაიხდის”.

ებანოიძის განმარტებით, GPRS-ის სალარო აპარატები ყველა  ტიპის ბიზნესისითვის არ გახდება სავალდებულო.

’’გარკვეული ბიზნესები იყენებენ  უფრო მაღალი კლასის სალარო აპარატებს, რომელიც მიბმულია მათ შიდა აღრიცხვის ელექტრონულ სისტემასთან. რა თქმა უნდა, ეს  სალარო აპარატი ყველა ტიპის აპარატს ვერ ჩაანაცვლებს. თუმცა  GPRS-ის აპარატებით ძველი სალარო აპარატების ჩანაცვლება  გარკვეულ დროში მოხდება. ძველი აპარატების ამოღების ვადები დადგენილი არ არის, ეს დამოკიდებულია იმ პროცესზე, თუ  როგორ მოხდება ცენტრალიზებული სისტემის დანერგვა, მხოლოდ ამის  შემდეგ  მოხდება თარიღის დათქმა.”

ებანოიძის განმარტებით, ”მიკრობიზნესი გათავისუფლებულია სალარო აპარატებისაგან, მაგრამ საშუალო ბიზნესს,  ვისაც 30 ათასზე მეტი აქვს ბრუნვა,  ვინც გამოწერს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს , მას სჭირდება  ქვითარი  და სალარო აპარატიც .”

მასალების გადაბეჭდვის წესი