ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს ახალი კურსი

19 ივლისი, 2011 • 1196
ფინანსთა სამინისტროს ახალი კურსი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემისთვის ახალი კურსის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მიზანია ბიზნესის კეთების გაიოლება, საგადასახადო სისტემის მიმართ სანდოობის ამაღლება, ბიზნესის ლეგალიზაციის ხელშეწყობა და სხვა.

ანგარიშში ჩამოთვლილია ის რეგულაციები, რაც შემოღებული იქნა ახალი საგადასახადო კოდექსით, ესენია:

– პრინციპი – GOOD FAITH – „პატიოსნება“ – თუ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით და მიზნად არ ისახავდა გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებას, გადამხდელი შესაძლებელია გათავისუფლდეს სანქციისაგან.

წინასწარი გადაწყვეტილება – გადამხდელს უფლება ენიჭება, წინასწარ შეათანხმოს „თამაშის წესები“ და დაბეგვრის პირობები შემოსავლების სამსახურთან.

– შეიქმნა საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი გადამხდელის ინტერესებისა და უფლებების დაცვისათვის, ასევე, დარღვეული უფლებების აღდგენისათვის.

– შემოღებულ იქნა დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი – გადამხდელი, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დღგ-ის სახით გადაიხადა 200 000 ლარი, იმპორტისას თავისუფლდება დღგ-ის გადახდის ვალდებულებისაგან, რაც სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორში განხორცილებული ინვესტიციის ტოლფასია.

– მიკრობიზნესი გათავისუფლდა საშემოსავლო გადასახადისაგან;

– მცირე ბიზნესისათვის შემოღებულ იქნა გამარტივებული საგადასახადო რეგულირება – დადგინდა საგადასახადო შეღავათები – ბრუნვის 3% ან 5%; გადამხდელი უფლებამოსილია აწარმოოს გამარტივებული ბუღალტერია.

ანგარიშში, ასევე, საუბარია განხორციელებულ ცვლილებებზე, როგორიცაა საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება (მაგალითად, იზრდება ფიზიკური პირის მიერ იმპორტირებული საქონლის ნუსხა და ლიმიტი, რომელიც გათავისუფლებული იქნება იმპორტის გადასახდელებისაგან (კვების პროდუქტები). ასევე გათავისუფლდება 400 ღერი თამბაქო, ნაცვლად 200 ღერისა. აღნიშნული შეღავათი გავრცელდება საფოსტო გზავნილების შემთხვევაშიც), ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის შემოღება (რაც ფიზიკურ პირებს, რომლებიც მოკლე ვადით აქირავებენ საცხოვრებელ სახლებს, უფლებას აძლევს, მოკლე ვადით გაცემული საცხოვრებელი ადგილის ფართობი დაბეგრონ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით. ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლისას პირი თავისუფლდება: დაქირავებულისათვის გადახდილ ხელფასზე წყაროსთან დაკავების ვალდებულებისაგან ; საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან), ჯარიმების ლიბერალიზაცია (მაგალითად, გაუქმდა ქრონომეტრაჟის შედეგად გამოვლენილი გადასახადის გადამხდელის მიერ ბრუნვის შემცირებაზე დაწესებული ჯარიმა და 500 ლარამდე შემცირდა განმეორებითი ქმედებისათვის დაწესებული 1500 და 2500– ლარიანი სანქციები საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისა და ჩეკში ნაკლები თანხის ჩვენებისათვის) და სხვა.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ახალი კურსის ფარგლებში დაგეგმილია ორაზროვანი დებულებების მინიმუმამდე შემცირება და კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის მიზნით ბიზნეს –სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი” დადებითად აფასებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალ კურსს სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემისათვის. თუმცა, ამავე დროს ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ”ახალი კურსით” დასახული მიზნების ნაწილი, მაგალითად, საგადასახადო სისტემის მიმართ სანდოობის ამაღლება, საგადასახადო დებულებების გამარტივება – ბუნდოვანობების აღმოფხვრა ჯერ კიდევ შეუსრულებელია. შესაბამისად, ინსტიტუტი ურჩევს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ამ მიმართულებით უფრო აქტიური ქმედებები განახორციელოს.

ამასთან, ”ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი” მიიჩნევს, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის პოტენციური წარმომადგენლები ჯერ კიდევ საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან მათი სტატუტის განსაზღვრასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არის შემთხვევები, რომლის თანახმადაც ისინი დაბეგვრის კვლავ ძველი რეჟიმის მიხედვით მოქმედებენ და გარკვეულწილად ადგილი აქვს მთელ რიგ გაუგებრობებს. გამომდინარე აღნიშნულიდან, ინსტიტუტი ასევე ურჩევს ფინანსთა სამინისტროს გააქტიუროს საინფორმაციო კამპანია მიკრო და მცირე ბიზნესისათვის დაბეგვრის სპეციალური, შეღავათიანი რეჟიმების შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი