ეკონომიკა

შეუსრულებელი პირობა და გაძვირებული მგზავრობა [video]

15 ივლისი, 2011 • 1255
შეუსრულებელი პირობა და გაძვირებული მგზავრობა [video]

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა ახვლედიანის 25 თებერვლის დაპირების მიუხედავად, ახალი მიკროავტობუსით მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა. “თბილისის მიკროავტობუსის” PR მენეჯერი კი ამბობს, რომ  „მიკროავტობუსით მგზავრობის ფასი რეალურად არ გაძვირებულა.”

თბილისში უკვე გამოჩნდნნენ ახალი, ყვითელი ფერის ფორდის მარკის მიკროავტობუსები. სიახლეს თან გაზრდილი ფასიც ახლავს – კომფორტული მგზავრობა პირველ ჯერზე 80 თეთრი ღირს, მეორედ კი – 65. ახალი მიკროავტობუსები ჯერ მხოლოდ #4 სამარშუტო ხაზზე – რესპუბლიკური საავადმყოფოდან ვაკის გავლით ავლაბრამდე – მოძრაობენ.

ახალი მიკროავტობუსების დედაქალაქში შემოყვანა პირველი ივლისიდან იყო დაგეგმილი, მაგრამ ამ პროცესმა 2 კვირით გადაიწია, რადგან თითოეულ ახალ მიკროავტობუსში ელექტრონული გადახდის სისტემის აპარატების მონტაჟი მიმდინარეობდა. სიახლე ეტაპობრივად შეეხება თბილისში მოძრავ ყველა მიკროავტობუსს.  “თბილისის მიკროავტობუსის” პიარმენეჯერის ინფორმაციით, 50%-იანი შეღავათებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ადამიანები. გარდა ამისა, აღნიშნული მიკროავტობუსის მძღოლები და მგზავრები დაზღვეულნი არიან და ავტოავარიის შემთხვევაში მათი მკურნალობის ხარჯებს სამარშრუტო ხაზის მფლობელი კომპანია გაიღებს.

სოციალურად დაუცველებისგან განსხვავებით, სამგზავრო შეღავათებით ვერ ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და ის ადამიანები, ვინც შეღავათებით მუნიციპალურ ავტობუსებში სარგებლობდნენ. მგზავრთა ნაწილი #4 სამარშუტო ხაზით გადაადგილების გაძვირებას უკმაყოფილოდ შეხვდა, ნაწილს კი კომფორტული მგზავრობისთვის გადახდილი ეს თანხა არ ენანება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, 25 თებერვალს აცხადებდა: „სატენდერო პირობების თანახმად, მგზავრობის საფასური არც ერთი თეთრით  არ გაიზრდება, რაც თითოეული თბილისელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

დღეს კი, როცა ახალი მიკროავტობუსები თბილისის სამარშუტო ხაზებზე ეტაპობრივად, გაძვირებული საფასურით იწყებენ მოძრაობას,  დედაქალაქის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი ამბობს: “მინდა აღვნიშნო, რომ სამარშუტო ტაქსებზე დაწესებული სამგზავრო გადასახადი არ შედის რეგულირებად სფეროში და არც მერია და არც საკრებულო არ არეგულირებს სამარშუტო ტაქსების საფასურს. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება კერძო კომპანიამ მიიღო, რომელმაც  აქვე საშეღავათო თემაც გაითვალისწინა. დედაქალაქში მილიონზე მეტი ბარათია დარიგებული, რომლებიც ითვალიწინებენ როგორც საშეღავათო სისტემას, ასევე სოცილურ დაუცველ პირთათვის 50%–იან ფასდაკლებას. ასე რომ, ფასებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას კერძო კომპანია იღებს. ეს არის ბიზნესი და სუბსიდია კერძო ბიზნესზე დაუშვებელია.”

თბილისში სამარშუტო ხაზების მომსახურებაზე ტენდერი რამდენიმე თვის წინ გაიმართა, რომელშიც ხუთმა კომპანიამ გაიმარჯვა, თუმცა აღნიშნულ კომპანიებს ახლა ერთი მენეჯმენტ კომპანია – „თბილისის მიკროავტობუსი“ მართავს.

აღნიშნული კომპანიის პიარმენეჯერმა თეონა ნიორაძემ ნეტგაზეთს განუცხადა: „მიკროავტობუსით მგზავრობის ფასი რეალურად არ გაძვირებულა. ფიქსირებული ფასი არის ახალ მარშუტკებზე, რომელიც არის 4 ნომერი და რომლით მგაზვრობის ერთჯერადი ფასი არის 80 თეთრი. ამას მგზავრი იხდის ბარათით და ყოველი შემდეგი მგზავრობა ღირს 65 თეთრი.“

მისვე თქმით, „მგზავრობის ფასის გაზრდა გამოიწვია იმან, რომ ნავთობის საერთაშორისო ბაზართან მიმართებით ვარეგულირებთ ჩვენ მგზავრობის ფასებს. ეს სისტემა მთლიანად ამ ლეგალურ სივრცეში მოექცა და უფრო კომფორტული, მოსახლეობისთვის უფრო უსაფრთხო მიკროავტობუსები შემოვიყვანეთ. შესაბამისად, ეს გაძვირება არ გამოდის. ეს შეეხება მხოლოდ 4 ნომერს, დანარჩენ ხაზებზე მგზავრობა არ გაძვირდება,“ – ამბობს კომპანია „თბილისი მიკროავტობუსის“ პიარმენეჯერი.

თეონა ნიორაძე ვერ აკონკრეტებს, გაიზრდება თუ არა მგზავრობის ფასი სხვა ხაზებზე ახალი მიკროავტობუსების შემოყვანის შემდეგ. მისი ინფორმაციით, ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა მოხდება ეტაპობრივად

„მე გეტყვით, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ 4 ნომერი გაძვირდა. ხოლო როცა სხვა ხაზებსაც დაემატება ახალი მიკროავტობუსები, მერე დავიანგარიშებთ ხარჯებს და ამ კითხვაზეც მერე გიპასუხებთ,“ – განუცხადა თეონა ნიორაძემ ნეტგაზეთს.

გაძვირებულ მგზავრობას საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, თინა ხიდაშელი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა: “თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა ახვლედიანმა ჩვენი პრეტენზიების საპასუხოდ საჯაროდ განაცხადა “სატენდერო პირობების თანახმად, მგზავრობის საფასური არც ერთი თეთრით  არ გაიზრდება, რაც თითოეული თბილისელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.” მოვითხოვთ, ბატონმა ახვლედიანმა განმარტება გააკეთოს დღეს კომპანია „თბილ-ლაინის“ ხელმძრვანელის ბატონი ასანიძის მიერ გამოცხადებული ტარიფების შესახებ, 80 თეთრიანი პირველი და 65 თეთრიანი მეორე მგზავრობის თაობაზე.

ამასთანავე, ვინაიდან ბატონმა ჯოხაძემ (თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა) განაცხადა, რომ შეღავათებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველები, მოვითხოვთ დღესვე საზოგადოებას წარმოუდგინონ ოფიციალური ინფორმაცია თბილისის ბიუჯეტიდან რომელიც ამ დაპირებას რეალობად აქცევს, ვინაიდან საკრებულოს სამარშრუტო ტაქსებით მომსახურების სფეროში სუბსიდიის დამტკიცების შესახებ არ უმსჯელია და არც შესაბამისი ცვლილება შეუტანია ბიუჯეტში”–ნათქვამია თბილისის საკრებულოს წევრის, თინა ხიდაშელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკრებულოს პრესსამსახურის თანამშრომელმა თამუნა ჯინჭარაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ შესაბამის საბიუჯეტო ცვლილებაზე თბილისის საკრებულო უახლოეს მომავალაში იმსჯელებს.

ამავე თემაზე:

თინა ხიდაშელი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისგან განმარტებას მოითხოვს

თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა

მასალების გადაბეჭდვის წესი