ეკონომიკა

დასუფთავების გადასახადის ახალი წესი და დებატები საკრებულოში

24 ივნისი, 2011 • 1588
დასუფთავების გადასახადის ახალი წესი და დებატები საკრებულოში

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, თბილისის საკრებულომ დედაქალაქში დასუფთავების გადასახადის ახალი წესი დაამტკიცა.

ზურაბ აბაშიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი, ამბობს, რომ საკრებულომ აბსოლუტურად უსამართლო, უკანონო და მოქალაქეების გაძარცვისკენ მიმართული გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, ისინი გამართავენ კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და უკვე შემდგ სასამართლოს მიმართავენ.

“მოსაკრებლის შესახებ კანონში” გასული წლის ბოლოს შეტანილი ცვლილების თანახმად, ერთ სულ მოსახლეზე დასუფთავების მოსაკრებელი 3 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

 

საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დასუფთავების გადასახადის ოდენობა თითოეული ოჯახისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება და მისი დადგენა მოხდება ყოველთვიურად დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით. კერძოდ, მოქალაქემ 1 კვტ დახარჯულ ენერგიაზე უნდა გადაიხადოს 0.05 ლარი დასუფთავების მოსაკრებელი. ამჟამად დასუფთავების  ტარიფი ფიქსირებულია და ერთ სულ მოსახლეზე 2.50 ლარს შეადგენს.

ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ ებმება დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიას, ამასთან მიაჩნია, რომ ტარიფის განსაზაღვრის ახალი წესი უთანასწორია და კიდევ უფრო გაუძვირებს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს. 

თბილისის ადგილობრივი მთავრობა კი თვლის, რომ ახალი წესი სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც არ მოიხმარენ  დიდი ოდენობით ელექტროენერგიას, ტარიფის ახალი წესის მიხედვით  დასუფთავების გადასახადი გაუიაფდებათ.

თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსმა, ტარიელ ხიზანიშვილმა, რომელმაც საკრებულოს სხდომაზე დაასაბუთა მერიის გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით, თქვა, რომ ეს არის ყველაზე უფრო სამართლიანი და მოსახლეობის თანასწორობის პრინციპზე დამყარებული გადაწყვეტილება.

“ამ წესის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 75 %–ს დასუფთავების გადასახადი შეუმცირდება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ოფოციალური მონაცემები, რომლის მიხედვითაც ეს რიცხვი დავიანგარიშეთ. პირადად ჩემი ოჯახი ყოველთვიურად 10 ლარსა და 50 თეთრს იხდის დასუფთავებაში. ახალი წესის მიხედვით კი, დაახლოებით 24 ლარის გადახდა მოგვიწევს. ჩემნაირები უნდა იხდიდნენ მეტს, რა თქმა უნდა”, –განაცხადა ტარიელ ხიზანიშვილმა.

საკითხის განხილვის დროს დებატებიც გაიმართა, სადაც ინგა გრიგოლიამ თბილისის მოსახლეობისთვის განკუთვნილი წინასაარჩევნო დაპირებები უმრავლესობის წევრებს შეახსენა.

აღნიშნული საკითხის განხილვის დროს ოპოზიციურმა დეპუტატებმა არაერთი წინადადება წამოაყენეს. თინათინ ხიდაშელმა საკრებულოს წევრებს საკითხის განხილვის გადადება და მის ირგვლივ კონსულტაციები შესთავაზა.

კობა დავითაშვილის წინადადება კი დასუფთავების ტარიფის სეზონურად გამოთვლას უკავშირდებოდა. დავითაშვილმა დეპუტატებს შესთავაზა, რომ კენჭი ეყარათ ზამთრის პერიოდში დასუფთავების მოსაკრებლის განახევრებისთვის, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება.

ხმათა უმრავლესობით ორივე წინადადება კენჭისყრის შედეგად ჩავარდა.

ახალი წესი ძალაში პირველი ივლისიდან შევა.

 

 

ამავე თემაზე:

თბილისის საკრებულოში სხდომა დაიწყო

თინა ხიდაშელი: “ერთად გავაპროტესტოთ დასუფთავების ახალი გადასახადის შემოღება”

გამოთვალე შენი ოჯახის დასუფთავების გადასახადი

დასუფთავების გადასახადი სავარაუდოდ ძვირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი