ეკონომიკა

რუსეთი აფხაზეთთან საბაჟო კონტროლის გაუქმებას აპირებს

22 ივნისი, 2011 • 1122
რუსეთი აფხაზეთთან საბაჟო კონტროლის გაუქმებას აპირებს

რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების სანაცვლოდ საქართველო საკუთარი მებაჟეების დაშვებას მოითხოვს რუსეთ–საქართველოს საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე არსებულ სასაზღვრო–გამშვებ პუნქტებზე. რუსეთმა კი, შესაძლოა, საერთოდ გააუქმოს საბაჟო გაფორმების პროცედურა აფხაზეთთან.

“აფხაზეთის საზღვარზე ფიზიკური პირების მიერ გადაზიდული საქონლის საბაჟო გაფორმება უნდა გაუქმდეს,” – განაცხადა რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსმა ანდრეი ბელიანინოვმა ფედერაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. მისი თქმით, ფიზიკური პირები საბაჟო გაფორმებას რუსეთ–აფაზეთის სასაზღვრო მონაკვეთზე არ საჭიროებენ”.

“რა გადაზიდვა კი ხორციელდება იქ? მანდარინი, თხილი და მიმოზები,” – აღნიშნა ბელიანინოვმა.

იგი მიიჩნევს, რომ აფხაზეთიდან შეტანილი საქონელი უარყოფით ზემოქმედებას ვერ მოახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, “აქტიური ექსპორტი კი ხელს შეუწყობს აფხაზეთში სახალხო მეურნეობის აღდგენას”.

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის მხრიდან საბაჟო გაფორმების პროცესი ერთ–ერთი საკვანძო საკითხია საქართველოსთვის რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე. საქართველო მოითხოვს საკუთარი მებაჟეების დაშვებას აღნიშნულ სასაზღვრო–გამშვებ პუნქტებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი