ბლოგები

ლეილა მჭედლიშვილის ქუდბედი, ფერწერა და გობელენები

7 აგვისტო, 2019 • 1907
ლეილა მჭედლიშვილის ქუდბედი, ფერწერა და გობელენები

ია მერკვილაძე, ნიუ იორკი, აშშ

“გრეიტ – ნეკში ჩემი ოთახის ფანჯრიდან მწვანეში ჩაფლული ეზო მოჩანდა. დღისით ეზოს ყვავილები, იები ამშვენებდა. ღამით კი, როცა შუქები აინთებოდა, ფანჯრებიდან ძალიან  ლამაზად ჩანდა მოპირდაპირე სახლის წინ მდგარი ერთი ხე, რომელსაც განშტოება ჰქონდა ანუ ორად იყო გაყოფილი. ხის ამ განშტოებაში ნათურა ჩანდა და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს მთვარე ანათებსო. მთვარიან ღამეს სპეციალურად ველოდებოდი იმ მომენტს, როცა მთვარე ამ ხეს გაუსწორდებოდა. ხის განშტოებაში  მოქცეული ეს ორი ნათება  ორ ზღაპარს ჰგავდა და მიყუჩებულ მიდამოს ანათებდა. მე რომატიკოსი ვარ…  ვფიქრობდი, რომ  ერთი მთვარე  საქართველოს მთვარეა, მეორე კი – ამერიკის. მე კი ყოველთვის  ჩემი  საქართველოს მთვარეს ვესაუბრებოდი. მთვარესთან ხომ ყველას უსაუბრია. იმასაც ამბობენ, მთვარეს შეყვარებული ადამიანი ესაუბრებაო. ეს ნამდვილად ასეა. მე საქართველოზე ვარ შეყვარებული…” – წერს თავის 500-გვარდიან წიგნში “უცხო ცის ქვეშ” (2014) აშშ-ში თითქმის საუკუნის მეოთხედის განმავლობაში მცხოვრები ემიგრანტი ლეილა მჭედლიშვილი. წიგნი 2002-ში  დასტამბული მისი პირველი წიგნისა და მას მერე დაწერილი წერილების ერთობლიობაა. ლეილას მიერ ამერიკაში ცხოვრების მემატიანე – დღიურებში შეხვდებით ამბებს კედლებზე მცოცავ კაცზე, ბანკის მძარცველებზე, გინესის წიგნზე, დღეგრძელ ადამიანებზე, ამერიკის პრეზიდენტებზე, ამერიკულ მედიცინაზე, ევთანაზიაზე, სიკვდილის შემდგომ გამოცდილებაზე – სამოთხესა და ჯოჯოხეთზე, “რუსეთის ჩექმაზე”, ნიუ იორკში ქართულ რესტორნებზე და, ცხადია, შვილებზე,  მეგობრებზე, ჰამლეტ გონაშვილზე, თბილისზე და იმ მუდმივ სევდაზე, რომელსაც  “უცხო ცა” გაგრძნობინებს და იმაზეც, თუ რა შეიძლება ამ სევდამ აღმოგაჩენინოს. 

ნიუ იორკში მოქმედ ქართული კულტურის ცენტრში “მოცეკვავე წერო” ლეილა მჭედლიშვლის 25 ფერწერული ნამუშევრებისა და 50 გობელენების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა.  ლეილა მჭედლიშვილმა ხატვა ჯერ კიდევ საქართველოში, 45 წლის ასაკში, ხოლო გობელენების კეთება ამერიკაში – 75 წლისამ დაწყო. გობელენის მასწავლებელი კი იყო ინტერნეტსა და იუტუბზე მოძიებული ინფორმაცია.  

“ამერიკაში 1997 წელს ჩამოვედი. უმეტესობის მსგავსად, არსებულ სიტუაციასთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. მოხუცის მომვლელად ვმუშაობდი და როგორც კი მას საღამოს დასაძინებლად დავაწვენდი, მაშინვე ხატვას ვიწყებდი.” – მიყვება ლეილა მჭედლიშვილი. ” – ეს ჩემი წინა ცხოვრებისგან ძალიან განსხვავებული რიტმი აღმოჩნდა. ძალიან ბევრი შემოქმედი ადამიანი, ძალიან კარგი პროფესიონალი იძულებულია ასეთი სამუშაო უცხო ცის ქვეშ ეძებოს, რათა თავი და საკუთარი ოჯახი შიმშილს გადაარჩინოს.

სკოლაში მასწავლებლობაზე ვოცნებობდი, ვმღეროდი, ვცეკვავდი, ვუკრავდი გიტარაზე, ფანდურზე, აკორდეონზე და თან სულ დამქონდა “იამაჰა”…. მაგრამ ისე მოხდა, რომ დავამთავრე უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, მეორადი ფაკულტეტით – კინორეჟისურა. რამდენიმე ქართულ ფილმში ეპიზოდური როლიც შევასრულე. ჟურნალისტი არ ვარ, მაგრამ ტელევიზიაში, გადაცემაში “მოამბე” კორესპონდენტად დავიწყე მუშაობა; შემდეგ კი ხალხურმა შემოქმედებამ გამიტაცა და გადავედი კიდეც ტელევიზიის “ხალხური შემოქმედების” რედაქციაში. სწორედ ეს ის პერიოდია, როცა მეგობრების რჩევით, რომლებმაც ჩემი ნახატები ნახეს, საქმეს სერიოზულად მივუდექი. პირველად ჩემი ბუხარი დავხატე. ჩემთვის ეს ჩემი სახლის ის ადგილია, სადაც არა მხოლოდ ფიზიკურად ვთბებოდით, არამედ  ბევრი წუხილისა და სიხარულის გასაზიარებლად ახლობლები – მეეგობრები ვიკრიბებოდით და ვმღეროდით. მუსიკა, სიმღერა ჩემი ოჯახის დიდი ხნის სიყვარულია. ჩემი შვილებიც, დაიანა და მადონა ირემაშვილები მღერიან და აქ, ნიუ იორკსა თუ კანადაში, ტორონტოში არაერთ სახელოვნებო საღამოზე მიუწვევიათ. ჩემმა შვილიშვილებმა კი, რომლებიც ინგლისურენოვან გარემოში გაიზარდნენ, ქართული არ იციან, საქართველოში გამართულ ემიგრანტების სამუსიკოს კონკურსზე გააგზავნეს თავიანთი ჩანაწერები, რომელშიც “მრავალჟამიერს”, “მხედრულს”, სხვა ხალხურ სიმღერებს მღერიან და პირველი ადგილიც აიღეს… ჰოდა, ბუხრის შემდეგ დავიწყე ნატურმორტების ხატვაც და ეს პროცესი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

ერთხელაც პროფესიონალმა მხატვერმა, სამხატვრო აკადემიის პროფესორმა ილია პატაშურმა მირჩია, რომ დამეხატა და მისთვის მეჩვენებინა. მახსოვს, დღე და ღამე ვხატავდი და როცა მას ეს ნახატები ვაჩვენე,  მითხრა, რომ განსხვავებული ხელწერა მქონდა. მას მერე ხატვა არ შემიწყვეტია და რა ვიცოდი, რომ ერთხელაც ოკეანის გადაღემა აღმოვჩნდებოდი და ხატვა არა მარტო ჩემი თერაპია, არამედ მთავარი საქმეც გახდებოდა?  ხატვის დაწყებიდან ზუსტად ერთი წლისთავზე თბილისში ჩემი პერსონალური გამოფენა გაიმართა, მერე მონაწილეობა ჯგუფურ ექსპოზიციებშიც მივიღე… აქ, ამერიკაშიც გაიმართა ჩემი პერსონალური და ჯგუფური გამოფენები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ნიუ იორკის “არტ–ექსპოზე” (2005) მსოფლიოს მხატვრებთან ერთად ჩემი ნამუშევრებიც გამოიფინა და თან ამ მასშტაბური ექსპოზიციის კატალოგში ერთი გვერდი ჩემს ნამუშევრებსაც დაეთმო. ხატვა დამეხმარა უცხო ცის ქვეშ გაუცხოებისა და დეპრესიის გადალახვაში.  ხელოვნება, სიმღერა დაეხმარა ჩემს მეგობრებსაც, ზაირა ჩოხელს, თამილა ზატიკაშვილსა და მზია ბეკურაშვილსაც, რომლებთან ერთად ვმღერი და, შეიძლება ითქვას, ჩვენი ანსამბლი მარტოობისგან, ნოსტალგიისგან თავის დასაღწევად, ცხოვრების გასახალისებლად შევქმენით…. ყოველ შაბათს ვიკრიბებოდით და ვმღეროდით, რათა  სევდა გაგვექარწყლებინა…

მე თურმე ქუდბედით დავბადებულვარ. ბებიაქალს დედაჩემისთვის უთქვამს – შენი შვილი ბედნიერი იქნებაო. სანამ დედა ცოცხალი იყო, ქუდბედი შენახული ჰქონდა და მახსენებდა ხოლმე, ქუდბედიანი ხარო.  მაგრამ რა ვიცი, რა  მიშველა იმ ჩემმა ქუდბედმა? ბედისწერამ  ჩემს ქვეყანას მომაცილა და უცხო ქვეყანაში გადამკარგა. დედა რომ გარდაიცვალა, არც მომიძებნია ის სიფრიფანა ქაღალდი. მიშველიდა კი რამეს? გაჭირვებიდან გამოსვალი  ადამიანმა თავად უნდა მოძებნოს. მე რომ სახლში ვმჯდარიყავი, ქუდბედი მიშველიდა? ანდა აქ ამერიკაში  რომ არ მებრძოლა და ბრძოლით არ გადამელახა სიძნელეები, განა ქუდბედი დამახმარებოდა?” – ამბობს ლეილა მჭედლიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი