იცით რა არის ორგაზმი?
თითქმის რიტორიკული კითხვაა.
საქართველოში, ქალების დიდ ნაწილს ანორგაზმია აქვს. ქალების დიდი ნაწილისთვის სექსი ურთიერთობებში არაპრიორიტეტულია, ქალების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ქმართან სექსი სიამოვნებას არ ანიჭებს, ეს განქორწინების არასაკმარისი მიზეზია.
ასე ფიქრობს მეგიც, რომელიც ამტკიცებს, რომ თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ ეწყობა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა დაშორდნენ. როგორ, პატივისცემა, მეგობრობა, შვილები? „მოითმინოს ქალმა, დიდი ამბავი თუ სექსი არ სიამოვნებს“.
მეგი 17 წლის ასაკში გათხოვდა. 6 თვე იცხოვრეს ერთად, მერე დაცილდნენ. მეგის სექსი აღარავისთან ჰქონია. არადა სულ ცოტა 5 შეყვარებული ყავდა. ერთს ცოლადაც უნდა გაყოლოდა, ბეჭედიც ეკეთა, მაგრამ ჯიუტად იმეორებდა, ქორწილამდე არაფერი იქნებაო. მას შემდეგ 11 წელი გავიდა. მეგის საერთოდ დაავიწყდა როგორია სექსი. ფიქრობს, რომ მას სექსი არ სჭირდება, სექსი მხოლოდ პრობლემებს შეუქმნის.
რა არის ორგაზმი, ხო მომიყევი როგორია? მეგი დუმს. მან არ იცის რა მითხრას, არ იცის როგორია ორგაზმი.
მე მისი მესმის. იყო დრო არც მე ვიცოდი როგორი იყო ორგაზმი.
პირველი სექსის შემდეგ საკუთარ თავს ვკითხე, სულ ეს იყო? და გამიკვირდა, რატომ ფიქრობენ ადამიანები, რომ სექსი კარგია. დიდი დრო გავიდა, სანამ ვიპოვნიდი განსხვავებას სექსსა და „ქართულ სექსს“ შორის.
ჩემი სექსუალური ცხოვრება „ქართული სექსით“ დაიწყო. ის არ იყო არც ჩემი ქმარი და არც ჩემი საქმრო. ის ჩემი პირველი შეყვარებული იყო. მაშინ ვფიქრობდი, რომ რაღაცას ვაშავებდი, ჩემ დანაშაულს კი მსხვერპლად ჩემი პარტნიორისადმი სიყვარულს ვწირავდი.
სიყვარული ხომ ყველაფრის გამართლების ყველაზე დიდი არგუმენტია. მაგალითად ღმერთის სიყვარული. ამართლებდა წიგნების დაწვას, ადამიანების ეშაფოტზე აყვანას, მათ დასჯას და წამებას. ჩვენ დროში ამართლებს ადამიანების შეურაცხყოფას, მათ მიმართ ზიზღს, განსხვავებულობის ნიშნით.
რა გასაკვირია თუ ჩემ სურვილსაც, მქონოდა სექსი, სიყვარული გაამართლებდა.
ეს „სიყვარული“ იქამდე მივიდა, რომ სექსი მტანჯველ და დამთრგუნველ პროცესად იქცა. როცა არ მოგწონს „შენი ცხოვრების სიყვარულთან“ სექსი, მაგრამ სხვანაირად არ შეგიძლია. არ შეგიძლია უთხრა უარი, არ შეგიძლია აუხსნა რომ არ მოგწონს. არ შეგიძლია იმიტომ, რომ თავი ათასგვარი სტერეოტიპული წარმოდგენებით გაქვს გაძეძგილი.
ვფიქრობდი, რომ პრობლემები მქონდა. რას არ ვაბრალებდი ჩემ უუნარობას სექსით სიამოვნება მიმეღო.
არადა ასე იყო: „ჩემი ცხოვრების სიყვარულისთვის“ მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა მეც მიმეღო სიამოვნება. მამაკაცები ხომ, როგორც წესი, გაცილებით მალე იღგზნებიან, ვიდრე ქალები. როცა ქალი იღგზნება, მამაკაცი უკვე ღრმა ძილისთვის ემზადება. შენი შეხებაც კი ნერვებს უშლის. ამიტომ გვერდს იცვლის, ან პატივს დაგდებს, ხელს გადაგხვევს და მის მკერდზე, გახელილი თვალებით ფიქრის უფლებას მოგცემს. მას მაინც ძინავს, შენ გინდა იფიქრე, გინდა შხაპი მიიღე, გინდა წადი – აბა რა მნიშვნელობა აქვს.
დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, სანამ შევხვდებოდი მას, ვინც პირველად მაგრძნობინა, როგორია ბედნიერება, ანუ ორგაზმი.
ახლა მკითხეთ როგორია ორგაზმი და მე ღიმილით გიპასუხებთ…