26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოწყობილი სამხედრო აღლუმის პარალელურად, იპოდრომზე სულ სხვანაირი ”თავისუფლების აღლუმი” მოეწყობა. ”მშვიდობიანი “პოხუისტებისა” და კაი ტიპების შეკრება და გართობა იპოდრომზე” – ასე ჰქვია ივენთს სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში”.
”შევიკრიბოთ იპოდრომზე .. 26 მაისს, ხუთშაბათს !!! ყველამ წამოვიღოთ ისეთი რამ, რაც გართობაში დაგვეხმარება !!! წამოვიღოთ გიტარები და ვიმღეროთ ჩვენს პონტში … ვიყიდოთ სასმელი და გავერთოთ მაგრად !!! აი, ძალიან ბევრნი მივიდეთ და გავიხაროთ, რომ ერთად ვართ … გავერთოთ მაგრად და ვიყოთ ჩვენს პონტში” – ამბობს ივენთის ავტორი, დავით ჩიხლაძე.
”26-ში უნდა იყოს აღლუმი და ყველგან შეგვხვდება სამხედრო ტანსაცმელსა და ჩოხებში გამოწყობილი ხალხი. მთელ ქალაქში იქნება აგრესია და საზოგადოებაც ძალადობაზე ორიენტირებული გახდება. მე არ მიყვარს ძალადობა და აგრესია. ამიტომ, გადავწყვიტე მშვიდობიანი, ასე ვთქვათ, ”პონტი” შემექმნა და ჩემ ირგვლივაც შემომეკრიბა ხალხი, რომელთან ერთადაც პატარა და კარგ ამბავს გავაკეთებდი”,-თქვა ჩიხლაძემ.
დაიკიდეთ ასაკი და შეხედულებები !!! ერთად მივცეთ შანსი მშვიდობას და მაგრად გავისწოროთ … მოიწვიეთ თქვენი მეგობრები და ამ დღეს მთელი ახალგაზრდობა და არა მარტო ახალგაზრდობა, გავხდეთ ერთმანეთის მეგობრები … მივცეთ შანსი მშვიდობას…”-მოუწოდებს თანამოაზრეებს იდეის ავტორი სოციალურ ქსელში.
”ფეისბუქში” დავით ჩიხლაძის მიერ გაკეთებულ ივენთს უკვე 276-მა იუზერმა მისცა თანხმობა დასწრებაზე. ზოგიერთმა მათგანმა დაგეგმილი შეკრება მინი ვუდსტოკსაც შეადარა.
”26 მაისს იპოდრომზე იქნება კარგი სიტუაცია. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ, მოვა ხალხი გიტარებით, თავიანთი ლექსებით, ნახატებით – რაც უნდათ რომ გვაჩვენონ. ყველა მოვა თითო ბოთლი ლუდით, დავსხდებით და ვიქნებით ძალიან კარგად”,-ამბობს ჩიხლაძე.

