თბილისის ივენთ ჰოლში ჯაზ სერიების ბოლო საღამო გაიმართა.
ამჯერად სცენზე ზაიდეკოს შემსრულებლები იდგნენ: დუეინ დოპსი და მისი ბენდი “The Hellraisers”.
“ამერიკის ცეცხლოვან აკორდეონად” წოდებული დოპსი თანამედროვე ზაიდეკოს (ბლუზის მიმდინარეობა) ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია, თუმცა საქართველოში მის შესახებ ცოტამ თუ იცის.
დუეინი პატარაობიდან უკრავდა სხვადასხვა ინსტრუმენტზე, თუმცა საბოლოოდ მისი არჩევანი აკორდეონზე შეჩერდა. ეს ალბათ მამის გავლენაც იყო. მამამისი, აკორდეონისტი როკინ დოპსი “ზაიდეკოს პრინცადაა” აღიარებული.
19 წლის ასაკში დოპსმa საკუთარი ბენდი ჩამოაყალიბა და მას შემდეგ მასთან ერთად უკრავს. ისინი ზაიდეკოს უმატებენ ბლუზის, სოულის, ფანკის ელემენტებს და საბოლოო ჯამში მათი მუსიკა ენერგიული და ემოციურია. ეს არის მუსიკა, რომელიც ყველა ჟანრის მსმენელს მოსწონს.
13 –წლიანი კარიერის განმავლობაში დოპსს დაუკრავს ისეთ ლეგენდებთან ერთად, როგორებიც არიან: Etta James, Al Green, Smokey Robinson, James Brown, B.B. King, „Sly and the Family Stone“, Robert Cray, Elvin Bishop, The Blues Travelers, Booker T. & M.G.’s და Van Morrison.
დუეინს და მის ბენდს “The hellraisers” მოპოვებული აქვთ „საუკეთესო აკორდეონის“, „საუკეთესო Zydeco ბენდის“ და „საუკეთესო დამწყები მუსიკოსის“ ჯილდოები, ბენდის ბოლო 2 ალბომი, „The Traveling Man“ და „Up in Flames“ ნომინირებული იყვნენ გრემზე, მისი სინგლი “Hey Rosalee” კი ინტერნეტ ჩარტების სათავეში მოექცა.
სწორედ ამ მუსიკოსებს ელოდებოდა მსმენელი ივენთ ჰოლის სცენაზე, თუმცა კონცერტი, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, დაგვიანებით დაიწყო.
რამდენიმე კომპოზიციის შესრულების შემდეგ მივხვდით, რომ ლოდინი ნამდვილად ღირდა.
“ამერიკის ცეცხლოვანმა აკორდეონმა” თავისი ზედმეტსახელი გაამართლა და შეძლო ივენთ ჰოლის სცენაზეც დაენთო ცეცხლი.
ზაიდეკო XIX საუკუნის დასაწყისში ლუიზიანას შტატში შეიქმნა. ეს იყო აფრო–ამერიკული სტილის მუსიკა, რომელსაც ოჯახური თავყრილობების დროს უკრავდნენ. შეუძლებელია ამ რიტმების წყნარ, მშვიდ გარემოში მოუსმინო, თუმცა ივენთ ჰოლში თავიდან სწორედ ასეთი გარემო იყო. მიუხედავად იმისა, რომ სცენიდან ენერგიული მუსიკა მოდიოდა, ხალხი მაგიდებთან იჯდა და მსუბუქად აყოლებდა ფეხს მელოდიას. მალე დოპსმა მსმენელს ფეხზე ადგომა და სცენასთან მისვლა სთხოვა და ნამდვილი ზაიდეკო ივენთ ჰოლში სწორედ აქედან დაიწყო.
ხალხი მუსიკოსებთან ერთად მღეროდა, ცეკვავდა. ყველანაირი ზღვარი სცენასა და მსმენელს შორის მაშინ წაიშალა, როცა დოპსი და ჰელრაიზერსის ერთ–ერთი წევრი ალექს მაკდონალდი (washboard – სარეცხი დაფა) სცენიდან ჩამოვიდნენ და თითოეულ მაგიდასთან მივიდნენ დასაკრავად. ეს ორი მუსიკოსი, საკუთარი სოლოებით სცენაზეც და სცენის გარეთაც, იუმორის გრძნობითა და საოცარი ენერგიულობით, შოუს სულის ჩამდგმელი იყო.
დოპსმა სცენიდან ჩამოსვლა არ იკმარა, მსმენელებს შორის ერთი გოგონა ამოარჩია, სცენაზე აიყვანა და თავისი მიკროფონიც დაუთმო.
მუსიკოსებსა და მსმენელს შორის ასეთი უშუალობით არც თუ ისე განებივრებული პუბლიკა ბოლომდე გათავისუფლდა კომპლექსებისგან და დუეინს აღარ დასჭირვებია ხალხისთვის ეთხოვა, მუსიკას აყოლოდნენ. ძნელი მისახვედრი იყო, სად მთავრდებოდა სცენა. დოპსმა და მისმა ბენდმა მთელი ივენთ ჰოლი ერთ დიდ სცენად აქციეს.
კონცერტის დასრულების შემდეგ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ბენდი აუცილებლად გამოვიდოდა “ბისზე”. დუეინი მიკროფონთან მივიდა, “are you ready for the party?” მიმართა მსმენელს და როცა პასუხად ხალხის აპლოდისმენტები და შეძახილები მიიღო, დაკვრა გააგრძელა.
მას არც ფოტოების გადაღებაზე და ავტოგრაფების დარიგებაზე უთქვამს უარი. უფრო მეტიც, თვითონვე შესთავაზა მსმენელს კონცერტის დასრულების შემდეგ ფოტოების ერთად გადაღება და ბარში თითო ჭიქის დალევაც კი.
ჯაზ სერიები დასრულდა, მაგრამ დასრულდა ისე, რომ ემოციები და შთაბეჭდილებები მინიმუმ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალამდე მაინც გაყვება მსმენელს.
რაც შეეხება შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს, პროგრამა ჯერ უცნობია, თუმცა ისთერნ პრომოუშენი გვპირდება, რომ ერთკვირიანი ფესტივალი ძალიან საინტერესო იქნება.