შავი ზღვის ჯაზ ფესტივალამდე “Eastern Promotion” ჯაზის მოყვარულებს კიდევ ერთ საღამოს სთავაზობს.
22 მარტს თბილისის ივენთ ჰოლში ჯაზ სერიების ბოლო კონცერტი გაიმართება. მსმენელისთვის Dwayne Dopsie და „The Hellraisers” დაუკრავენ.
დვეინ დოპსი თანამედროვე ზაიდეკო-ს (ბლუზის მიმდინარეობა) ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. ზაიდეკო (zydeco) აფრო-ამერიკული სტილის მუსიკაა, რომელიც ლუიზიანას შტატში XIX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა.
აკორდეონისტ დოპსთან ერთად, ივენთ ჰოლში ჯგუფი „The Hellraisers”დაუკრავს.
საერთო ჯამში, შემსრულებელთა შემადგენლობა ასეთია:
Dwayne Dopsie – accordion / lead vocals აკორდეონი/წამყვანი ვოკალი
Alex MacDonald – washboard / vocals სარეცხი დაფა/ვოკალი
Shelton Sonnier – guitar / vocals გიტარა/ვოკალი
Damon Sonnier – saxophone საქსაფონი
Dion Pierre – bass ბასი
Calvin Sam – drums დასარტყამი ინსტრუმენტი
დუეინ დოპსი 13 –წლიანი კარიერის განმავლობაში დაუკრავს ისეთ ლეგენდებთან, როგორებიც არიან: ალ გრინი, ეტა ჯეიმსი, ვან მორისონი, ბიბი კინგი, ჯეიმს ბრაუნი.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დონის მუსიკოსებთან ჰქონია შეხება, მისი ერთადერთი მისაბაძი მაგალითი მამამისია – როკინ დოპსი, აკორდეონისტი, რომელსაც ზაიდეკოს პრინცსაც უწოდებდნენ. ასე რომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ დუეინმა პატარაობიდანვე აკორდეონი აიღო ხელში და ახლა, 32 წლის ასაკში, ის უკვე ცნობილია, როგორც „ამერიკის ცეცხლოვანი აკორდეონი“.
დუეინს და მის ბენდს მოპოვებული აქვთ „საუკეთესო აკორდეონის“, „საუკეთესო Zydeco ბენდის“ და „საუკეთესო დამწყები მუსიკოსის“ ჯილდოები.
ბენდის ბოლო 2 ალბომი– „The Traveling Man“ და „Up in Flames“– ნომინირებული იყვნენ გრემზე, მისი სინგლი “Hey Rosalee” კი ინტერნეტ ჩარტების სათავეში მოექცა.
ბოლო 2 წლის განმავლობაში დოპსიმ 50-მდე ფესტივალზე დაუკრა. ამბობს, რომ განსაკუთრებით სიამოვნებს უცხო აუდიტორიისთვის დაკვრა. www.accordions.com – თან ინტერვიუში დოპსი ამბობს: „მე ვმღერი და ვცეკვავ დაკვრის დროს. ეს ძალიან დიდი ენერგიაა. ეს ისაა, რასაც ვერ აღწერ, ვერ გადმოცემ. ყველაფერი თვითონ უნდა ნახო.“
ასე რომ, ჯაზის მოყვარულებო, ვისაც არ გინდათ გამოტოვოთ არაჩვეულებრივი მუსიკა და სანახაობა, დაიკავეთ თქვენი ადგილები თბილისის ივენთ ჰოლში 22 მარტს, 21:00-ზე.