ხელოვნება

რატომ ჩამოვიდა ტანია მარია საქართველოში

16 მარტი, 2011 •
რატომ ჩამოვიდა ტანია მარია საქართველოში

კომპანია ბრავო რექორდსის მოწვევით, ბრაზილიელი მომღერალი ტანია მარია ფილარმონიაში ხვალ, საღამოს 8 საათზე, კონცერტს გამართავს.

დღეს ტანია მარია  ბრავო რექორდსის დამფუძნებელ ზაზა შენგელიასთან ერთად ჟურნალისტებს შეხვდა.

პრესკონფერენციაზე შენგელიამ განაცხადა,რომ ტანია მარიას საქართველოში ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი კომპანია ბრავო რექორდსის გახსნაა.

შენგელიამ აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, ბრაზილიელმა მომღერალმა ბრავო რექორდსში ჩაწეროს რამდენიმე სინგლი. თუმცა, მისი თქმით, ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ტანია მარია საქართველოს უკვე მეოთხედ სტუმრობს. პირველად  ზაზა შენგელიას მოწვევით 1995 წელს ჩამოვიდა.

თავის მხრივ, ტანია მარიამ არ დაიშურა კომპლიმენტები ბრავო რექორდსის მიმართ და მისი და ზაზა შენგელიას განსაკუთრებულ მეგობრობაზეც ისაუბრა.

შენგელია ფიქრობს, რომ იმ პირობებში, როდესაც ძალიან ბევრ მუსიკოსს ფინანსური პრობლემები აქვს, მათთვის მისაღები იქნება მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება ალბომის თუ სინგლის ჩასაწერად, მისაღებ ფასად.

ბრავო რექორდსი თანამშრომლობს ისთერნ პრომოუშენთან, რომელიც ჯაზ ფესტივალების ორგანიზატორია საქართველოში.

ბრავო რექორდსი საქართველოში ჩამოსულ ჯაზ ფესტივალის სტუმრებს მომსახურებას შესთავაზებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს ზაზა შენგელია მუსიკალური ტელევიზიის გახსნაზე, ბრავო რექორდსის დამფუძნებელმა დადებითი პასუხი გასცა:

”რამდენიმე წლის, დაახლოებით 4-5 წლის შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ მუსიკალურ ტელევიზიას”.

ტანია მარიას პრესკონფერენციის შემდეგ მხატვარმა ზალიკო სულაკაურმა მომღერალს მისი კარიკატურა აჩუქა.

ტანია მარიამ ჩვეული ბრაზილიური ტემპერამენტით აღფრთოვანდა:”Wow, Its great”,  შემდეგ კი ათი წუთის მანძილზე  ფოტოგრაფებისთვის პოზირებდა.

ტანია მარია ზალიკო სულაკაურის ნახატით
ტანია მარია ზალიკო სულაკაურის ნახატით

მასალების გადაბეჭდვის წესი