ბერლინის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო. 10 თებერვალს ფესტივალი ძმები კოენების 2010 წლის ფილმმა, ‘’ნამდვილმა შერკინებამ’’ გახსნა, რომლის რეჟისორებიც და მსახიობები, ჯეფ ბრიჯისი და ჯოშ ბრიოლინი, ერთად წარსდგნენ ფესტივალის წითელ ხალიჩაზე. ფილმი არასაკონკურსო პროგრამაშია.
პარალელურად, წითელ ხალიჩასთან ირანელი რეჟისორის, ჯაფარ პანაჰის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდნენ. წელს ჯაფარ პანაჰი ფესტივალის ჟიურის წევრი უნდა ყოფილიყო, თუმცა მისი პატიმრობაში ყოფნის გამო (ირანის მთავრობამ იგი გაურკვეველი მიზეზების გამო დააპატიმრა) ეს ვერ მოხერხდა. ფესტივალის ორგანიზატორებმა და ჟიურის წევრებმა, რომლის თავმჯდომარეც იზაბელა როსელინია, გადაწყვიტეს ჯაფარ პანაჰის ადგილი სიმბოლურად ცარიელი დაეტოვებინათ. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ჯაფარ პანაჰის ფილმების რეტროსპექტივაც.
ბერლინალეს დირექტორის, დიტერ კოზლიკის თქმით, წლევანდელი ბერლინალე შარშანდელ რეკორდს (400 000 სტუმარი) მოხსნის და კინო-ინდუსტრიით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება. კოზლიკის მოლოდინი და მონდომება ჯერჯერობით ამართლებს – სულ უფრო მეტ ადამიანს სულ უფრო მარტივად შეუძლია ფესტივალის აკრედიტაციის აღება თუ ბილეთის ყიდვა. პირველივე დღეს უამრავი ადამიანი მივიდა კინოთეატრში ფრანგი რეჟისორის სელინ სკიამას ფილმის, ‘’თომბოის” სანახავად, თუმცა ორგანიზატორები მათ არც ისე მომზადებული დახვდნენ და მაყურებლების სიმრავლის გამო, რომლებიც კინოთეატრ ‘’სინემაქსის” ყველაზე დიდ დარბაზშიც ვერ დატიეს, დამატებით დარბაზში მოაწყვეს ფილმის პარალელური ჩვენება. თუმცა ამანაც არ უშველა – 100-ზე მეტი ადამიანი, ბილეთით ხელში და აკრედიტაციით კისერზე, ფილმის გარეშე დარჩა.
ფესტივალის საკონკურსო ფილმების ჩვენება 11 თებერვალს დაიწყება.