ხელოვნება

And The Oscar Goes To…

12 დეკემბერი, 2010 • 1497
And The Oscar Goes To…

არა, მთლად ოსკარი ვერა, მაგრამ ოსკარი საქართველოს მასშტაბით, რუსუდან პირველის ფილმმა სუსა აიღო.

თბილისის მეთერთმეტე საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოება გუშინ კინოთეატრ ამირანში გაიმართა.

სცენასთან ვიდექი, გადასაღებად ვემზადებოდი და ვფიქრობდი, რომელი გაიმარჯვებდა იმ ორი ფილმიდან, რომელსაც ვვარაუდობდი. როცა ენტონი ფაბიანის კანი ადამიანთა უფლებების დაცვის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის დააჯილდოვეს, მივხვდი, რომ ეს ფილმი ვერც ერთ ძირითად სამ პრიზს ვეღარ აიღებდა. არა, ფილმი აშკარად იმსახურებდა ამ პრიზს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ფაბიანს უბრალოდ გული არ დაწყვიტეს და ეს პრიზი სპეციალურად მისთვის მოიგონეს. არადა, მე თუ მკითხავთ, ეს ფილმი საუკეთესოებს შორის იყო და მეგონა, ოქროს ან ვერცხლის პრომეთეს აიღებდა.

შემდეგი სიურპრიზი იყო კიდევ ერთი კარგი ფილმის, პაველ სალას კატების დედა ტერეზას  ფარაჯანოვის პრიზით დაჯილდოვება (ხელოვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდის მიერ დაწესებული პრიზი ინოვაციური კინოენის ძიებისათვის).  რეჟისორი პირდაღებული დარჩა, როცა გაიგო, რომ პრიზი ინოვაციისთვის კინოში მისცეს. პირდაღებული დავრჩი მეც  და მგონი, მთელი დანარჩენი დარბაზიც. ჩემი ვერცხლისა და ოქროს პრომეთეს კანდიდატებს რაღაც პრიზები მაიჩეჩეს, წარმოდგენაც არ მქონდა, ვინ უნდა გამხდარიყო კონკურსის გამარჯვებული. ერთადერთ ვარიანტად ანდრეი სტემპოვსკის უკუსვლა  მრჩებოდა. ჰა და ჰა ლოზნიცას ჩემი ბედნიერებაც  შეიძლებოდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ორი ფილმიდან არც ერთი უხსენებიათ. შეიძლება იგულისხმეს მაშინ, როცა ბოდიში მოუხადეს ყველა უპრიზოდ დარჩენილ ფილმს.

გაოცებისგან ტაშის დაკვრაც კი ვერ მოახერხა ნახევარმა დარბაზმა (ან მე დამიქვეითდა სმენა), როცა ვერცხლის პრომეთეს მფლობელად ვლადიმირ პერისიჩის ჩვეულებრივი ადამიანები დაასახელეს. მართალი გითხრათ, ეს ფილმი საერთოდ აღარ მახსოვდა, იმიტომ, რომ გამოვედი თუ არა სეანსიდან, მაშინვე ვეცადე დამევიწყებინა. რეჟისორი არ იმყოფებოდა  ფესტივალზე, ამიტომ მისი პრიზი ჟიურის თავმჯდომარეს და ამვდროულად პერისიჩის თანამემამულეს, ჟელიმირ ჟილნიკს გადასცეს, რათა ამ უკანასკნელს რეჟისორისთვის გადაეცა იგი.

იმაზე ფიქრში ვიყავი გართული, თუ რა დაინახეს ჩვეულებრივ ადამიანებში ისეთი, რომ საუკეთესო რეჟისურისთვის დააჯილდოვეს, როცა მარიამ დაბოს (ჟიურის წევრი) მიერ ნათქვამი სუსა  და ტაშის გვრგვინვა გავიგონე. იმ წამს ვიფიქრე, ოღონდ ეს ის არ იყოს, რასაც ვფიქრობ-მეთქი, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ რომ ის იყო. სუსამ  ოქროს პრომეთე აიღო. ვისაც ნანახი არ აქვს, იმათთვის ვიტყვი, რომ ცუდი ფილმი ნამდვილად არ არის. არა უშავს-ზე უკეთესიცაა, თუმცა ისე უაზროდ მთავრდება, რომ გეგონება, შუა გზაში მიატოვეს გადაღებები. მოკლედ, ამ ფილმზე უკეთესი ბევრი იყო ფესტივალზე.

რუსუდან პირველიც გაოცებული ჩანდა. მან თქვა, რომ პირველად მოვიდა ფესტივალზე, რადგან ბავშვი შეეძინა  და მანამდე მოსვლის საშუალება არ ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, კონკურენტი ფილმები რომ ენახა, უფრო მეტად გაუკვირდებოდა თავისი გამარჯვება.

მთელი დღეა ვფიქრობ, რატომ გაიმარჯვა ამ ფილმმა? ჟიურიში ოთხი უცხოელი იყო, ამიტომ ქართული სოლიდარობა არაფერ შუაშია. იქნებ ამ უცხოელებმა მადლობის ნაცვლად გაამარჯვებინეს ქართულ ფილმს? არა, ვერაფრით მივმხდარვარ.

გუშინ მე შემრცხვა, რომ მართლა კარგი ფილმების რეჟისორებს ისე შეაჩეჩეს ეს „კუმ ფეხი გამოყო“ პრიზები, როგორც ძაღლებს გადაუგდებენ ხოლმე ძვლებს,  მთავარი ჯილდოები კი იმ ფილმებს შეხვდათ, რომლებიც საუკეთესოების ხუთეულშიც კი არ შედიოდნენ.

მაგრამ ეგ რა იყო, ჩემი სირცხვილი და ლამის სკამის ქვეშ შეძრომა უნდა გენახათ, როცა დაჯილდოვების მერე, ალეკო ცაბაძის ფილმის რენე მიდის ჰოლივუდში წარსადგენად, სცენაზე ლევან კორინთელი ავიდა. ზედმეტად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პროდიუსერი ბარბაცებდა და  სიტყვას სიტყვაზე ძლივს აბამდა. ბოლოს, „ჩვენ ვართ, რაც ვართ“ ტონით თქვა, ფესტივალი ქართული ფილმით გაიხსნა, ქართული ფილმით იხურება და ქართულმა ფილმმა მოიგო-ო. კიდევ კარგი, სანამ ალავერდს გადავიდოდა ვინმესთან, გაგა ჩხეიძემ ზრდილობიანად გამოართვა მიკროფონი და მაყურებელს მომავალ შეხვედრამდე დაემშვიდობა.

სულ ეს იყო… 

თბილისის მეთერთმეტე კინოფესტივალიც ჩაბარდა წარსულს…

Image 2729
Image 2729

მასალების გადაბეჭდვის წესი