ხელოვნება

ფეისბუქელები ”სოციალური ქსელის” წინააღმდეგ

22 სექტემბერი, 2010 • • 1529
ფეისბუქელები ”სოციალური ქსელის” წინააღმდეგ

პირველი ოქტომბრიდან რეჟისორ დევიდ ფინჩერის ახალი ფილმი ”სოციალური ქსელი” ეკრანებზე გამოდის. ფილმი,რომელიც ფეისბუქზე და მისი შექმნის რეალურ ისტორიაზე მოგვითხრობს.

საქართველოს კინოთეატრებში ფილმი  მოგვიანებით  გამოჩნდება. კინო რუსთაველის და ამირანის მარკეტინგის მენეჯერი, ნიკა აფრიაშვილი, ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ კინოთეატრები ფილმის პრემიერას 21 ოქტომბერს გეგმავენ.

ამერიკელი ავტორის, ბენ მეცრიჰის გახმაურებული ბესთ სელერი ”შემთხვევითი მილიარდერები”  ფილმის სცენარს საფუძვლად ედება.

ფილმი მოგვითხრობს ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებზე და მათ იდეაზე, შეექმნათ სოციალური ქსელი. მოვლენები კი მათ შორის დაპირისპირებით და კონფლიქტებით განვითარდა.

არც ერთი ფეისბუქის თანამშრომელი,მათ შორის დამაარსებელი მარკ ზუკერბერგი, არ იყო ჩართული ფილმის შექმნაში. თუმცა სოციალური ქსელის ერთ-ერთი თანადამაარსებელი, ედუარდ სავერინი წიგნის ”შემთხვევითი მილიარდერები” კონსულტანტი იყო.

რეალური ისტორიის დრამატიზებაში ფილმის ავტორები ფეისბუქელებმა უკვე დაადანაშაულეს. მათ შორის სოციალური ქსელის დამაარსებელმა, ზუკერბერგმა განაცხადა,რომ ისურვებდა ფილმი საერთოდ არ გადაეღოთ. სოციალური ქსელის კიდევ ერთი თანადამაარსებელი, დასტინ მოსკოვიტსი კი ტრეილერის ნახვის შემდეგ, აცხადებს,რომ რეალური მოვლენები ფილმში გადაჭარბებულად არის წარმოჩენილი.შონ პარკერი, ფეისბუქის ყოფილი პრეზიდენტი კი სცენარისტს ემდურის,მისი პერსონის არასათანადოდ წარმოჩენისთვის.

ფილმში მარკის როლს ამერიკელი მსახიობი ჯესი ადამ აიზენბერგი ასრულებს. ”სოციალურ ქსელში” ასევე პოპულარული ამერიკელი პოპ მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი შონ პარკერის როლში.  

კრიტიკოსების ნაწილმა ფილმი  ასე შეაფასა: ”მეტი,ვიდრე წლის საუკეთესო ფილმი”,”ფინჩერის საუკეთესო ფილმი ”შვიდის” შემდეგ.

ნიუ იორკის 48-ე კინოფესტივალი, 24 სექტემბერს, სწორედ ამ ფილმით გაიხსნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი