კინოხელოვნება

ქართული კინო ერთმორწმუნე ფესტივალზე

16 ივნისი, 2010 • • 1764
ქართული კინო ერთმორწმუნე ფესტივალზე

მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულ კინოს იმ პერიოდიდან სწყალობენ, როცა კინოფესტივალი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ფარგლებში იმართებოდა. ბოლო წლებია, საფესტივალო პროგრამაში ერთი ახალი ქართული ფილმი მაინც ხვდება. წელს საქართველოს ლევან კოღუაშვილის მხატვრული ფილმი ”ქუჩის დღეები” წარმოადგენს.

მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი დაბერებას იწყებს – წელს იგი ოცდამეთორმეტედ ტარდება. მისი ისტორია 1935 წელს დაიწყო, თუმცა, ფესტივალი ქრონოლოგიურ ათვლას 1959 წლიდან აწარმოებს, იმ დროიდან, როდესაც მან პერიოდული ხასიათი მიიღო.  საბჭოთა კავშირისთვის ეს მნიშვნელოვანი წელი იყო. პრეზიდენტ ეიზენჰაუერის მივლინებით ლენინგრადს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, რიჩარდ ნიქსონი ეწვია. მან ამერიკული ეროვნული გამოფენა გახსნა და ნიკიტა ხრუშჩოვს ელაპარაკა. 

ფესტივალი ამაყობს სტუმრებით, რომლებიც თავიანთ ფილმებს მოსკოვში ჯერ კიდევ საბჭოთა დროს აჩვენებდნენ. მათი სახელების მუდმივი ხაზგასმა თითქოს კომპლექსია, რომელიც მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალს საბჭოთა წარსულიდან გამოყვა. თავის მოწონების ეს ფორმა თვითდამკვიდრების სურვილზე მეტყველებს. კინოს ერთ-ერთ უძველეს პრეზენტატორს დღემდე ეჭვი ეპარება, რომ მსოფლიო კინემატოგრაფი რუსეთთან ერთად არაა. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ნიკიტა მიხალკოვი, ფესტივალის დირექტორი ბოლო 11 წლის განმავლობაში, თავმდაბლობით გამოირჩევა. მართლმადიდებლური მორალი და პერიოდულად სამრეკლოებში ზარების ჩამოკვრა მას ხელს არ უშლის, საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად,  რუსი კინემატოგრაფისტების დიდი ბანაკი გადაიმტეროს და მაფიოზის იმიჯი ჰქონდეს.

მიხალკოვი ფესტივალის გეოგრაფიის გაფართოების პოლიტიკას აქტიურად ეწევა. დასავლეთ ევროპაში ფანჯრის გაჭრის გარდა, იგი ძველი პარტნიორების დაბრუნებას და შენარჩუნებასაც ცდილობს. მაგალითად, წლევანდელ მთავარ საკონკურსო პროგრამაში, სადაც სულ 17 ფილმია, აღმოსავლეთ ევროპული პროდუქცია ჭარბობს: ”პატარა ვარდი” (პოლონეთი), ”ბესა” (სერბეთი), ”მიწიერი სამოთხე” (ჩეხეთი), ”ანას უკანასკნელი დასმენა” (უნგრეთი), ”განსხვავებული დედები” (რუმინეთი), ”ნაფეხურები ქვიშაზე” (ბულგარეთი).

ფესტივალის მეგობრები, ტრადიციულად, ფრანგი კინემატოგრაფისტები არიან. ჟიურის თავჯდომარე წელს ფრანგული ბლოკბასტერების ავტორი ლუკ ბესონია. ფესტივალი მისი ფილმით, ”ადელის ექსტრაორდინარული თავგადასავლები” დაიხურება. გახსნის საღამოზეც მაყურებელი კლოდ ლელუშის ნამუშევარს ნახავს. ”ქალი და კეცები” – ლელუშის ახალი ფილმი მოსკოვში ამ სათაურით გავა. მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი ღვაწლისთვის კი ხვალ, 17 ივნისს, ფრანგ რეჟისორს სპეციალურ პრიზსაც გადასცემენ. ამ პრიზით შარშან ქართველი კინორეჟისორი, რეზო ჩხეიძე დაჯილდოვდა.

შარშან მოსკოვის სცენაზე მსახიობი მიშა მესხი და პროდიუსერი არჩილ გელოვანიც ავიდნენ. მათი ფილმი, ”კონფლიქტის ზონა” (”მოგზაურობა ყარაბაღში 2”) მეორე საკონკურსო პროგრამის – ”პერსპექტივები” – საუკეთესო ფილმად გამოაცხადეს. მაშინ მიშა მესხმა მადლობა რატომღაც მოსკოვს გადაუხადა და არა ფესტივალს, მის ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებს ან დარბაზში მსხდომ კინომოყვარულებს. ფესტივალის ქალაქთან იდენტიფიკაცია და დადასტურებული მოწიწება იმ სიყვარულის ინდიკატორი იყო, რომელიც ქართველ კინემატოგრაფისტებს რუსეთის მიმართ შეიძლება ჰქონდეთ. რეზო ჩხეიძის, ყოფილი კინოჩინოვნიკის და რაიკომის მდივნის პერსონაჟის შემქმნელი ადამიანის შემთხვევაში, ფაქტია, რომ ეს სიყვარული ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდანაა გამოყოლილი. მაგრამ საინტერესოა, რომ ასეთ სითბოს ის ადამიანებიც იჩენენ, რომლებიც საბჭოთა კავშირის სიამტკბილობას არ მოსწრებიან.

მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმი წელსაც მონაწილეობს. ლევან კოღუაშვილის ”ქუჩის დღეები” თებერვალში როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ კონკურსშიც აჩვენეს, თუმცა, როგორც ფილმის ერთ-ერთმა პროდიუსერმა, გია ბაზღაძემ თქვა, როტერდამის ექსპერიმენტულ და არტ-ჰაუს კინოპროგრამაში კოღუაშვილის ტრადიციული ნარატივით გადაღებული სურათი ”თეთრი ყვავივით იყო”.

პროგრამა ”8 ½” აქცენტს ახალგაზრდა რეჟისორებზე აკეთებს. ”ქუჩის დღეები” კოღუაშვილის პირველი მხატვრული ფილმია. მხატვრულ კინოში ის დოკუმენტალისტიკიდან მოვიდა. ფილმი სოციალური პრობლემატიკის ჭრილში ნარკომანიის თემას უტრიალებს. საქართველოს ეხება, ოღონდ სხვა პროგრამაშია ჩართული (”პერსპექტივები”) ჰოლანდიელი რეჟისორის, ინეკე სმიტსის ფილმიც ”ყაზბეგელი მფრინავი ქალი”. 

”პერსპექტივების” ჟიურის წევრები ბრიტანელი რეჟისორი ჯონ ირვინი, რუსი რეჟისორი და სცენარისტი სერგეი ოვჩაროვი და პოლონელი მსახიობი კაროლინა გრუშკა არიან. საუკეთესო ფილმს ოქროს ”წმინდა გიორგის” გადასცემენ. ოქროსა და ვერცხლის წმინდა გიორგის ქანდაკება, რომელიც გველეშაპს ებრძვის, ფესტივალის მთავარი პრიზია.

”პერსპექტივებისგან” განსხვავებით, ”8 ½” არასაკონკურსო პროგრამაა. შესაბამისად, ლევან კოღუაშვილს არ მიეცემა საშუალება გველეშაპთან მებრძოლი წმინდა გიორგის ქანდაკება ხელში დაიჭიროს და რუსული სცენა ე.წ. არაშემოქმედებითი მიზნებით გამოიყენოს. იქნებ ამის საშუალება ინეკე სმიტს ჰქონდეს, რეჟისორს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე ამბოხებული ქართველი სამხედროების ისტორიით დაინტერესდა. მითუმეტეს, როცა წინა გამოცდილებით ვნახეთ, რომ ქართველი კინემატოგრაფისტები სცენას, როგორც სამოქალაქო პოზიცის დასაფიქსირებელ, საპროტესტო პლატფორმას ნაკლებად უყურებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი