ხელოვნება

ფილარმონია წიგნის სამსახურში

19 მაისი, 2010 •
ფილარმონია წიგნის სამსახურში

ნინო ძანძავას ფოტო
ნინო ძანძავას ფოტო

მეორე დღეა, რაც თბილისში წიგნების მეთორმეტე ფესტივალი მიმდინარეობს. წელს ფესტივალზე 80-ზე მეტი გამომფენი, მათ შორის, 55-მდე გამომცემლობა იღებს მონაწილეობას. გამომფენებს შორის არიან მუზეუმები, ბიბლიოთეკები, საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები. ფესტივალი საერთაშორისოა, თუმცა, ამჯერად, მას უცხოელი სტუმრები არ სწვევიან. ამის მიზეზად ფესტივალის ორგანიზატორი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნათია ლურსმანაშვილი საორგანიზაციო დროის სიმცირეს ასახელებს. ფესტივალს საფუძველი სწორედ ამ ორგანიზაციამ ჩაუყარა, რომელიც დაახლოებით 70 წევრს ანუ საქართველოში არსებულ თითქმის ყველა გამომცემლობას აერთიანებს.

ვერ ვიტყვით, რომ წელს თბილისის წიგნების ფესტივალს ბევრი სტუმარი ჰყავს. გამომცემლობები ამბობენ, რომ პირველ დღეს მეტი ხალხი იყო და, სავარაუდოდ, დახურვის დღესაც მეტი ხალხი იქნება. პოეტი გიორგი კეკელიძე ამის მიზეზს ფესტივალისთვის არასათანადო დროის შერჩევაში ხედავს და თვლის, რომ „იმ ყველაფერის ფონზე, რაც გარშემო ხდება, ფესტივალი სასიხარულო მოვლენაა. მას გარკვეულწილად აკლია ორგანიზება:  სამუშაო დღეებში ტარდება, რაც დამთვალიერებლის ნაკლებობას იწვევს. ამით მკითხველი ზარალდება. როგორც ვიცი, ვილნიუსის წიგნის ბაზრობაზე, სადაც მოსახლეობა გაცილებით ნაკლებია, მნახველი ათჯერ მეტია. ეს, ალბათ, იმდენად ფესტივალის პრობლემა არ არის, რამდენადაც მკითხველის. თუმცა ფესტივალსაც მეტი პიარი სჭირდება. ეს ისეთი სპეციფიკის ღონისძიებაა, სადაც, ბუნებრივია, მკითხველი დადის, მაგრამ გამოფენას მეტი დამთვალიერებელი უნდა ჰყავდეს“.

სტენდების უმეტესი ნაწილი წიგნების გაყიდვითაა დაკავებული, თუმცა რამდენიმე მათგანი პროდუქციას მხოლოდ გამოფენს. ასეთია ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში. საელჩო დამთვალიერებელს ირანული ლიტერატურის ქართულ თარგმანებს და ასევე სპარსულენოვან ლიტერატურას წარუდგენს, რომელიც საგამოფენოდ ირანიდან ჩამოვიდა. საელჩოს წარმომადგენელი ელენე კარაპეტიანი ამბობს, რომ ირანული სტენდი ფესტივალზე უკვე მეორედაა და ბოლო დღეს წიგნები, შესაძლებელია, დამთვალიერებელს საჩუქრადაც გადაეცეს.

წიგნების მოყვარულს ახალი პროდუქციის დათვალერების საშუალებას სტუდენტური სახელოსნო „ვირგამიც“ აძლევს. 2005 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამარჯვებული კატალოგების გარდა, „ვირგამი“ დამთვალიერებელს ხელნაკეთი ქაღალდის გაცნობის საშუალებასაც აძლევს. თბილისის სამხატვრო აკადემიასთან არსებული სტუდენტური სახელოსნო ოფიციალურად შარშან გაფორმდა. ის აკადემიის ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულების სტუდენტებისგან შედგება. ვირტუალურ გამომცემლობა „ვირგამს“ გამომცემლობისთვის საჭირო ბევრი ატრიბუტი არ აქვს, მაგრამ ის მაინც მუშაობს და აპირებს, რომ დასაბეჭდად გამზადებული ელექტრონული ფაილები გამომცემლებს შესთავაზოს. ხვალ „ვირგამი“ ნამუშევრების ვიდეო-პრეზენტაციას მოაწყობს და დამთვალიერებელს მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით დამზადებულ ხელნაკეთი წიგნების მაკეტების თითო ეგზემპლარს შესთავაზებს. სახელოსნოს, რომელსაც სამხატვრო აკადემიის გრაფიკული დიზაინის და სარეკლამო გრაფიკის პედაგოგი ოთარ ყარალაშვილი ხელმძღვანელობს, საქმის პოლონელი მცოდნე, ვიქტორ კშიშტოპოლსკიც ეხმარება. ამავე დაწესებულებაში მას ხელნაკეთი ქაღალდის და ხელით ბეჭდვის სახელოსნო აქვს გახსნილი.  

ფესტივალზე სტენდებს შორის ერთი უცნაური ობიექტიც დგას. ეს არის კარცერი-ლუქსი, რომელიც გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“) აღწერილი ამბის ანალოგს წარმოადგენს. კარცერში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოხვედრა. იქ ერთი სავარძელი, ნათურა და ბევრი წიგნია. „აქ არის წარმოდგენილი ქართული პროზის ყველა ტომი. აქედან მკითხველები მოთხრობას ირჩევენ და წაკითხვის შემდეგ, სასურველი ტომით საჩუქრდებიან. უკვე 39 ტუსაღი გვყავდა“, – ამბობს გამომცემლობა „პალიტრა L“ -ის კრეატიული პროექტების მენეჯერი თინათინ ასათიანი.

სპეციალურად ფესტივალისთვის გამომცემლობებმა ფასდაკლებები დააწესეს. მათ შორის ზოგი საკმაოდ სოლიდურია. მაგალითად, გამომცემლობა „სიესტა“ მკითხველს თითქმის ყველა წიგნზე 40 %-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

ფილარმონიის პირველ სართულზე გამომცემლობები ახალი წიგნების პრეზენტაციას მართავენ. ხვალინდელი პრეზენტაციების განრიგი ასეთია:

14:00 – გამომცემლობა „არტანუჯი“

14:30 – თსუ-ს გამომცემლობა

15:00 – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“

15:30 – „ვირგამის“  წიგნების პრეზენტაცია

16:30 – „მწვანე გამომცემლობა“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი