კინოხელოვნება

კანის კინოფესტივალი 2010

12 მაისი, 2010 • • 1638
კანის კინოფესტივალი 2010

დღეს, საღამოს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი რიდლი სკოტის ფილმით “რობინ ჰუდი” 63-ედ გაიხსნება. 33 წლის წინათ სკოტის ფილმი “დუელიანტები” საუკეთესო სადებიუტო ფილმად გამოაცხადეს. 72 წლის წარმოშობით ბრიტანელმა ამერიკელმა რეჟისორმა მის საყვარელ მსახიობთან, რასელ ქროუსთან უკვე მეხუთედ ითანამშრომლა.   

ბევრი კინოკრიტიკოსი, ალბათ, ცხვირს აიბზუებს ფესტივალის დირექციის გადაწყვეტილებაზე, კანის პირველი ჩვენება სწორედ ექშენისთვის დაეთმოთ. თუმცა, მათთვის, ვინც ფესტივალს თავიდან ბოლომდე ესწრება, პირველი დღე ყოველთვის ეიფორიულია – ზღვის სუნი, მზე, აკრედიტაციებით და პრეს-კოდებით მომარაგება, საკუთარი პრეს-ყუთის პირველად გახსნა – ეს ყველაფერი საკმაოდ ამაღელვებელია იმისთვის, რომ გახსნაზე ნაჩვენები ფილმი გადაგავიწყდეს და იმაზე ფიქრს მისცე თავი, თუ რა სამოთხეში მოხვდი.

შარშანდელი ფესტივალი მარტო იმისთვის ღირდა, რომ წითელ ხალიჩაზე მოცეკვავე ტარანტინოსთვის და შემდეგ მისი დაუფასებელი შედევრისთვის გეყურებინა. ამერიკელები წელსაც მრავლად არიან. ჟიურის ტიმ ბარტონი უხელმძღვანელებს, რომელსაც, შესაძლოა, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაც მოუწიოს. ფესტივალის მთავარ კონკურსში  მონაწილე რამდენიმე ფილმი, სავარაუდოდ, მედიას პოლიტიკურ საღერღელს აუშლის. ასეთია, მაგალითად, ბოლო წუთს კონკურსში ჩასმული კენ ლოუჩის დრამა “ირლანდიური მარშრუტი”, ერაყში ირლანდიელი კონტრაქტორის ისტორიით; ნიკიტა მიხალკოვის “მზით გათანგულნი 2 – დასასრული” – კიდევ ერთი განაცხადი 40-იანი წლების საბჭოთა ტერორზე რუსი რეჟისორისა, რომელიც რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან კარგი დამოკიდებულებით არის ცნობილი. პოლიტიკურად კორექტული მიხალკოვის გარდა, ოფიციალურ კონკურსში რუსულ თემაზე სხვა ფილმიც მონაწილეობს. ესაა სერგეი ლოზნიცას “ჩემი სიხარული”. ლოზნიცას ფილმი სატვირთო მანქანის მძღოლზე მოგვითხრობს, რომელიც, შემთხვევით, რუსულ სოფელში ხვდება და თანდათანობით სოფლის ცხოვრებაში ერთვება.

ოქროს პალმისთვის წელს 19 ფილმი იბრძოლებს. როგორც ყოველთვის, წელსაც კონკურსში ბევრი ცნობილი სახელია: აბას კიაროსტამი, მაიკ ლი, ალეხანდრო Gონზალეს ინიარიტუ, ბერტრან ტავერნიე, ტაკეში კიტანო, მატიე ამალრიკი და სხვები.

სპეციალურ ჩვენებაში ჩართულია იტალიური დოკუმენტური ფილმი “დრაკუილა – იტალია ცახცახებს”. რეჟისორი საბინა გუძანტი სვამს კითხვას, თუ რატომ ირჩევენ იტალიელები ბერლუსკონის. ფილმის ოფიციალური სონოფსისის ბოლო წინადადება ცხადყოფს, თუ რატომ გამოუცხადა იტალიის კულტურის მინისტრმა სანდრო ბონდიმ ბოიკოტი ფესტივალს: “ბერლუსკონის ბატონობის დღეები დათვლილია: დროა მოვძებნოთ სიმართლე ნანგრევებს შორის და დასკვნები გამოვიტანოთ”.

ფილმის დოკუმენტურ სტილისტიკას და თხრობის მანერას მაიკლ მურის კინოს ადარებენ, რომელმაც 2004 წელს  ფილმისთვის “ფარენჰეიტი 9/11” ოქროს პალმის რტო მიიღო. წელს ისტორიის გამეორება შეუძლებელი იქნება – ფილმი მთავარ კონკურსში არ ზის.

სპეციალურ ჩვენებაშია ოთარ იოსელიანის ბოლო ნამუშევარიც “შანტრაპა”. იოსელიანის ავტობიოგრაფიული ფილმის ნაწილი შარშან საქართველოში, კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გადაიღეს. რეჟისორი პრესკონფერენციას კანში 19 მაისს გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი