ხელოვნება

სტალინი მოკლეს, ჰიტლერი ცოცხალია

30 აპრილი, 2010 • • 2080
სტალინი მოკლეს, ჰიტლერი ცოცხალია

თაკო რობაქიძის ფოტო
თაკო რობაქიძის ფოტო

აპრილის თვეში რუსთაველის დრამატულ თეატრში დრამის რეჟისურის მაგისტრანტი  სტუდენტების საკურსო სპექტაკლების ჩაბარება დაიწყო. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის  სამაგისტრო კურსის ხელმძღვანელი რობერტ სტურუაა. ის ამჟამად  თბილისში არ იმყოფება და ამიტომაც ვერ დაესწრო მისი სტუდენტის, მაკა ნაცვლიშვილის სპექტსკლს  „საპნის ოპუსი“, რომელიც  გუშინ რუსთაველის თეატრის  თანამშრომლებმა და სტუდენტებმა  ნახეს.

 სპექტაკლების დადგმა პროექტ „ახალი ტალღის“ ფარგლებში  ხორციელდება, რომელიც თეატრმა  შარშან ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში“ წარსადგენად მოამზადა და გაიმარჯვა კიდეც. პროექტი თანამედროვე, დაუდგმელი ქართული პიესების კონკურსის გამოცხადებას ითვალისწინებდა, რომელზეც შემდეგ მაგისტრანტები იმუშავებდნენ. ასე შეირჩა ათი პიესა – ბესო ხვედელიძის, გიგი გულედანის, ნენე კვინიკაძის, დავით გაბუნიას, ლელა კოდალაშვილის, ოთარ ქათამაძის და სხვა ახალგაზრდა ქართველი დრამატურგების ნამუშევრები.

 ყველა სპექტაკლის პრემიერა ივნისის ბოლომდე უნდა მოესწროს. მათგან ორის უკვე გაიმართა. ესენია რეზო შატაკიშვილის „აივანი“  და „საპნის ოპუსი“ მაკა ნაცვლიშვილის დადგმით. რადგანაც სპექტაკლებზე დასწრება ჯერ-ჯერობით შეზღუდულია, ნეტგაზეთმა მხოლოდ „საპნის  ოპუსი“ ნახა და პიესის ავტორთან, დავით გაბუნიასთან ინტერვიუც  ჩაწერა, რომელსაც ქვევით გთავაზობთ.

 „საპნის ოპუსს“ უჩვეულო  სივრცეში თამაშობენ – თეატრის  ერთ-ერთ უზარმაზარ სარეპეტიციო  დარბაზში. დარბაზს უსაშველოდ  მაღალი ჭერი, ჭერქვეშ კი ცეცხლჩამქრობი  სპრინკლერების სისტემის წითელი მილები აქვს დამონტაჟებული. გარედან თაბუკაშვილის ქუჩის  დატვირთული სამანქანო მოძრობის ხმაურიც იჭრება, რომელიც  გარკვეული დროის შემდეგ ყურს აღარ ხვდება, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები პათეტიურად არ ყვირიან (ორიოდე მომენტს  თუ არ ჩავთვლით) და არც ხმამაღალი  მუსიკაა ჩართული მაყურებლის გულის მოსაფონად. მუსიკა მხოლოდ დასაწყისსა (მატილდა  ვეზენდონკის ტექსტზე დაწერილი რიჰარდ ვაგნერის „სათბური“) და დასასრულს (იზოლდას სიკვდილის  სცენა რიჰარდ ვაგნერის ოპერიდან „ტრისტანი და იზოლდა“) ჟღერს.

 სივრცე არასტანდარტულია, ისევე როგორც დადგმა, ისევე  როგორც პიესა. თუკი რუსთაველის თეატრი სპექტაკლს რეპერტუარში  ჩასვამს, თეატრის მოყვარულებს  ქართული თეატრალური წარმოდგენებისგან ძალიან განსხვავებული სპექტაკლის ნახვა ელით. „საპნის ოპუსს“ პოტენციალი აქვს თეატრში ის მაყურებელი მიიყვანოს, ვისაც მსახიობების გამაყრუებელი კივილისა და მაღალფარდოვანი მეტყველების ჟრიამულით გაჯერებული ქართული თეატრი არ უყვარს. რუსთაველის სარეპეტიციო დარბაზში, რომელიც სცენურ რეალობაში საკონცენტრაციო ბანაკად გადაკეთებული აბასთუმნის ობსერვატორიის ოთახია, მას მდიდრული კოსტიუმები და დეკორაციებიც არ დახვდება. ფუფუნებაზე უარი ნაწილობრივ პიესის თემატიკამ განსაზღვრა.

 

„საპნის ოპუსში“ ცოტა მოქმედება, ბევრი საუბარი და მონოლოგია. მონოლოგები ზოგჯერ ერთმანეთს  ფარავენ, მაგრამ შინაარსი არ იკარგება – ოთხი ქალის ერთდროული  მეტყველებიდან ამოკრეფილი ცალკეული ფრაზები თუ სიტყვები შემზარავი რეალობის შთაბეჭდილებას  ქმნიან.

 მოქმედება 1953 წელს ხდება, როდესაც  ლენინის ძეგლი ჩამოგდებულია, სტალინს ბორკილები ადევს  და გერმანელი ნაცისტები  საქართველოში არიული რასის  გამოყვანის პროექტზე მუშაობენ. დიახ, ისტორიული რეალობა  შეცვლილია, მოვლენების განვითარების არსებული სისტემა დარღვეულია. სალომე, ქეთევანი, მედეა და ნესტანი (ნათია ფარულავა, ლელა ახალაია, რუსკა მაყაშვილი, ნატუკა კახიძე, ანო მურღულია) დაპატიმრებული ქალები არიან, მათი საშო კი სამშობლოს კუთვნილება – ქერათმიანი არიელების სერიული წარმოების აპარატია. „საპნის ოპუსი“ ამითაც განსხვავდება მაღალი სამოქალაქო პათოსის მქონე ისტორიული თემატიკის ქართული დადგმებისგან, სადაც მაყურებლები პერსონაჟების გმირულ საქციელზე უნდა აღეგზნონ და სპექტაკლიდან გამოსულებს ქუჩაში დროშების ფრიალის სურვილი უნდა გაუჩნდეთ.

 ლიტერატურული წარსულიდან გამოხმობილი სახელების  მატარებელი ოთხი ქალისგან სამშობლო გმირულ საქციელს მოითხოვს. საქართველოში საკონცენტრაციო ბანაკებია, სადაც ქართველების  მუცლის ქონისგან საპონს აწარმოებენ. გერმანელი ფაშისტების ბოროტ  ქმედებებს ქალები საპონზე  უარის თქმით აპროტესტებენ. თუმცა, პროექტში იძულებითი  მონაწილეობის შემდეგ მათ  იციან, რომ მოღალატის ლაქას  ვერც პროტესტის ასეთი ფორმით ჩამოირეცხავენ.

 დახვეწილ ლიტერატურულ  ტექსტს, რომელიც მრავალფეროვანი თემატური ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ახალგაზრდა რეჟისორის მიერ განხორციელებულ ოსტატურ, თითქმის ყველა  შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივად გამართლებულ დადგმას პერსონაჟების ემოციური განცდები მაყურებლამდე ძალიან ფაქიზად მიაქვს და ავიწყებს, რომ მის წინ ისტორია შებრუნებული სახით ვითარდება. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ისტორიული ფაქტების ამოყირავება, გნებავთ დამახინჯება უკიდურესად რეალისტურ შეგრძნებებს წარმოშობს და ამ შეგრძნებებს დარბაზში მსხდომი აუდიტორია საბოლოოდ მხატვრული სახის განზოგადებამდე მიჰყავს. 

 ინტერვიუ დავით გაბუნისათან:

 სხვა სტუდენტების  სპექტაკლები რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ  სცენაზე იდგმება, თქვენი არა.

 პიესის სპეციფიკიდან გამომდინარე  მაკა ნაცვლიშვილმა სარეპეტიციო დარბაზი აირჩია. არასტანდარტული სივრცე გვჭირდებოდა. თეატრი უზარმაზარია და არის სივრცეები, სადაც სპექტაკლები ჯერ არ დადგმულა.

 რატომ დაგჭირდათ?

 ამას ბევრი მიზეზი აქვს. შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ უბრალოდ კაპრიზია და არსებითად არაფერს ცვლის. რუსთაველის ექსპერიმენტული სცენა თვისობრივად ექსპერიმენტული არ არის. პატარა სცენაა, არ აქვს სიღრმე, დარბაზში ფიქსირებული სკამებია. ფორმის და სივრცის სხვანაირად ათვისების მხრივ ძალიან შეზღუდული ხარ. ეს სარეპეტიციო დარბაზი იმ მინიმალური საშუალებით რომელიც ჩვენ გვაქვს, ავთენტურთან მაქსიმალურად მიახლოებულ განწყობას შეუქმნიდა მაყურებელს.

 პროექტი სადადგმო თანხას ითვალისწინებდა. მცირე ბიუჯეტი გვქონდა. სამაგიეროდ სტუდენტების სამსახურში რუსთაველის თეატრის საამქროები იყო, სადაც დეკორაცია მზადდება, ყველაფერი იჭედება, იკერება, იხატება. შესაბამისად, მასალების შეძენის გარდა, რაც კი რამე შეიკერა და გაკეთდა, რუსთაველს თეატრმა უზრუნველყო.

 პიესა როგორ იწერებოდა?

 სპეციალურად კონკურსისთვის  დავწერე, იდეა დიდი ხნით ადრე მქონდა, მაგრამ როცა კონკურსის შესახებ გავიგე, უფრო კარგად ჩამოვაყალიბე, დავწმინდე. ბევრ ვარიანტზე ვიფიქრე და ბოლოს ამაზე შევჩერდი. თანაც კონკურსის პირველი ნაწილი ჯერ ვრცელი სინოფსისის და რამდენიმე სცენის წარდგენას ითვალისწინებდა, შემდეგ კი მთელი პიესის.

 წერის პროცესში რეჟისორთან ინტენსიურად ვითანამშრომლე. ასე დამებედა და იმედია ყოველთვის  ასე გაგრძელდება. რეჟისორს იდეის და სიუჟეტის შესაძლო  განვითარების შესახებ ვესაუბრე. ეშმაკის ადვოკატის როლში იყო. როდესაც შინაარსს ვუყვებოდი, კრიტიკულ კითხვებს მახვედრებდა – რატომ ვითარდება სიუჟეტი ასე და არა ისე და ა.შ. მართალია, პიესა მე დავწერე, მაგრამ მის განვითარებაში რეჟისორიც მონაწილეობდა. როგორც კინოში, სცენარის განვითარებისას ხდება. მგონი ეს კარგია, იმიტომ რომ საბოლოოდ, მაკამ მიიღო ისეთი პიესა, რომლის დადგმაც უნდოდა და არა პიესა, რომელმაც უბრალოდ გაიმარჯვა კონკურსში და მაკა იძულებული გახდა დაედგა.

 პიესაში სხვანაირი  ისტორიული სიმართლეა. ტარანტინო დაგეხმარა?

 პიესაში მოქმედება მთლიანად შეთხზულია, ისტორია ფაბრიცირებულია. ტარანტინოს შესანიშნავმა ფილმმა („უსახელო ნაბიჭვრები“) არც თუ ისე მცირე წვლილი შეიტანა იდეის განვითრებაში: 1953 წელია, მსოფლიოს ისტორია სხვაგვარად მიმდინარეობს. გერმანიამ მოკავშირეებთან ერთად მეორე მსოფლიო მოიგო და საქართველო დაიპყრო.  ასე რომ გავლენის სფეროები სხვანაირად გადანაწილდა. მოქმედება აბასთუმნის ყოფილ ობსერვატორიაში ხდება. რომელიც ქალების სპეციალიზებულ საკონცენტრაციო ბანაკად გადაკეთდა და ქართველ ქალებზე ექსპერიმენტებს ატარებენ. მათ გერმანელ ჯარისკაცებს აუპატიურებინებენ. ნაცისტურ გერმანიაში ლებენსბორნი ნამდვილად არსებობდა. ისინი მოუწოდებდნენ ქალებს, რომ ჯანმრთელი, „რასობრივად წმინდა“გერმანელებისგან დაორსულებულიყვნენ. ეს იდეა ამოვაყირავე. სპექტაკლში ოთხი ტყვე ფეხმძიმე ქალის ისტორიას ვისმენთ.  

 რატომ გააკეთე ფოკუსი ქალებზე?

 თავიდან მქონდა იდეა იმის შესახებ თუ რამდენად უარყოფილია ქალის გამოცდილება ომში. მერე ცოტა სხვა მხარეს წავედი, მაგრამ ამოსავალ წერტილად დარჩა თუ რა ემართებათ და რა სპეციფიკური გასაჭირი აქვთ ქალებს ომის დროს; როგორ ზემოქმედებს ომი ქალზე.

 პიესის მთვარი ამბავი არის ის, რომ ქალები საპონს არ იყენებენ, ისევე როგორც მთელი  საქართველო რომელიც ჯერ კიდევ რეზისტანსში იმყოფება გერმანიის მიმართ. იმიტომ რომ საპონი საკონცენტრაციო ბანაკებში ქართველი კაცების მუცლის ქონისგან მზადდება. ეს სპექტაკლის მთავარი მეტაფორაა. ისტორიულად ცნობილია, რომ საკონცენტრაციო ბანაკებში ებრაელებისგან საპონს ამზადებდნენ.

 ერთ-ერთი პირველწყარო რუსი ჟურნალისტისა და მკვლევარის, სვეტლანა ალექსეევიჩის კარგი წიგნი იყო – „ომს ქალური სახე არ აქვს“. ალექსეევიჩმა მთელი რუსეთი მოიარა და  მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქალებთან ბევრი ინტერვიუ ჩაწერა. უამრავი შემზარავი ისრტორიაა. ერთ-ერთი ქალი ყვება, რომ ფრონტის წინა ხაზზე, ექთნების დანაყოფში იყო. დიდი ხნის განმავლობაში დაბანის საშუალება არ ჰქონდათ. ერთი თვის შემდეგ, რისკის ფასად, დასაბანად წავიდნენ მდინარეზე. მტერი მდინარესთან ახლოს იყო დაბანაკებული. რათქმაუნდა, ცეცხლი გაუხსნეს და მხოლოდ ერთი ქალი გადარჩა. თავგანწირვის ეს რეალური ისტორია შთაგონების ერთ-ერთი წყარო გახდა ჩემთვის.

 

შეიძლება ვიღაცამ ამაში  ირონია ამოიკითხოს, მაგრამ მე ასე არ ვუყურებ. ეს არის სპეციფიკურად ქალური ტკივილი. წიგნში უამრავი სხვა საშინელი ისტორია იყო -დასახიჩრების, გაუპატიურების, მკვლელობის… მე ორი რამ შევაერთე. ერთი იყო გაუპატიურება, როგორც ომის იარაღი, როგორც ქალის მიმართ უკიდურესი ცინიზმის გამოვლინება, მისი უმწეობის, უსუსურობის ხაზგასმა. მეორე ის, რომ ქალს არ შეუძლია დაბანა, მაგრამ ის მაინც აკეთებს ამას ანუ მსხვერპლზე მიდის, იდეას ეწირება. რაღაც იდეის გამო უარს ამბობს იმაზე, რაც მისთვის არსებითი, მნიშვნელოვანია.

 

ჩემი სიუჟეტი ამ ორი კოპონენტის შეერთებით აეგო: ქალი, რომელიც ჩაკეტილ სივრცეში იმყოფება, გაუპატიურებულია და არასასურველი მამაკაცისგან არის ფეხმძიმედ, საპონს არ იყენებს, ამით კი მდგომარეობას ნებაყოფლობით იმძიმებს.

 

არ ვიცი დადგმაში რამდენად გამოიკვეთა, მაგრამ პიესაში ეს ქალები თითქოს  იძულებულები არიან გახდნენ გმირები, მათ აიძულებენ გმირობას. იციან, რომ უკან არავინ მიიღებს და მტრის ბავშვების გაჩენას არ აპატიებს. ისინი თავის მოკვლასაც ვერ ახერხებენ. უკიდურეს კრიზისს განიცდიან. აქედან გამომდინარე პერსონაჟებს ლიტერატურული სახელები დავარქვი – ნესტანი, მედეა, სალომე, ქეთევანი. ეს იმიტომაც გავაკეთე, რომ ისინი თან კონკრეტული ადამიანები ყოფილიყვნენ და თან განზოგადებული ტიპაჟები. პიესაში მათი ასეთი დამატებითი ლიტეარატურული წარმომავლობა მუშაობს და რაღაც მოლოდინს უქმნის მაყურებელს.

 თანამედროვე ქართულ დრამატურგიაში გასული საუკუნის ისტორიას სხვაგვარად უდგებიან.

 ისტორიას აცოცხლებენ იმდენად, რომ უკვე მოსაბეზრებელიც გახდა. ისტორიული ქრონიკის ჟანრში რამდენიმე სპექტაკლია. მე სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს. თავიდან რეალურ ისტორიაზე მინდოდა ამბის აგება. დოკუმნეტებში ქექვა დავიწყე, რამდენიმე წიგნი წავიკითხე, რომ ავთენტურობა და ისტორიული სისწორე მქონოდა, მაგრამ ეს სწორხაზოვნებაში მაგდებდა, ამიტომაც მოვიგონე პარადოქსული სიტუაცია, რომელიც რეალურად არ მომხდარა. საერთოდ არ ვარ პლაკატური ისტორიზმის მომხრე, როცა ცდილობ რომ ვერავინ შემოგედაოს.

 ისტორიის გადაკეთებაში ალბათ ცდუნებაც არის.

 რათქმაუნდა, გადაკეთებაში არის ცდუნება. პირობითობის შემოტანით შევეცადე მეტისმეტი პლაკატურობისთვის ამერიდებინა თავი, რომ ტექსტი ბრტყელი და ერთგანზომიელებიანი არ ყოფილიყო.

 კიდევ ერთი გავლენის წყაროა მნიშვნელოვანი – ევრიპიდეს  „ტროელი ქალები“. ტროას  ყოფილი დედოფალი დატყვევებულია. ბანაკში ფატალურობა სუფევს. პიესა საკმაოდ სტატიკურია. ბევრი ხდომილება არ გვაქვს, მაგრამ არის განცდა და გააზრება თუ რა მდმგომარეობაში არიან და რატომ არიან პერსონაჟები არსებულ მდგომარეობაში. მოქმედების რიტმი გაყინულია, სამაგიეროდ ერთ სიტუაციაში ხდება ჩაღრმავება, ტრაგედიის განცდაა. ჩემი პიესა არ არის ტრაგედია, ჟანრის წმინდა სახით – ძალიანაც რომ მინდოდეს, ძნელია ტრაგედიის დაწერა.

 თუმცა, დრამატული გამოვიდა.

 რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო არ მაქვს პასუხი რაზეა  ეს პიესა. ბევრ სხვადასხვა ქვეთემას ვხედავ. შეიძლება ეს ნაკლიც იყოს. როცა მსახიობები კითხვას და სახეების ძებნას იწყებენ, ტექსტი სულ სხვანაირად ცოცხლდება, ისეთ რამეებს აღმოაჩენ, რაზეც წარმოდგენა არ გქონდა. ამიტომაც მივეძალე თეატრს და დრამატურგიას. ტექსტი დაწერისთავანე არ კვდება, შენ არ კვდები როგორც ავტორი. სარა კეინი ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში: ძალიან მაინტერესებს როგორ დადგამენ ჩემს პიესებს, იმიტომ რომ არ ვიცი პიესები როგორ უნდა დადგა. ჩემი პიესები ტექსტებია წარმოდგენისთვის, ტექსტი სპექტაკლისთვის და არა პიესა.

 ეს მიდგომა ძალიან მომწონს, არ იცი რას უნდა ელოდე.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი