ხელოვნება

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის “განძი” გასაყიდად

8 აგვისტო, 2011 • 3931
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის “განძი” გასაყიდად

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი დაარსებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით 16 მარტს არქეოლოგიურ მუზეუმში ბრიტანეთის საბჭოს “შემოქმედებითი თანამშრომლობის” პროექტის ფარგლებში შექმნილი კოლექციის პრეზენტაცია და გამოფენა _ “საქართველო დროსა და სივრცეში”  გაიმართა. 

 

16 მარტს არქეოლოგიურ მუზეუმში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. დაარსებიდან 15 წლის იუბილე მუზეუმმა ექსპოზიციით: „საქართველო დროსა და სივრცეში“ აღნიშნა. ბრიტანეთის საბჭოს „შემოქმედებითი თანამშრომლობის“ პროექტის ფარგლებში შექმნილი კოლექციის პრეზენტაცია ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიალმა“ გამართა, რომლის მიზანი მუზეუმების, მცირე და საშუალო საწარმოების, ინდივიდუალური ხელოვანებისა და ხელოსნების ეკონომიკური სტაბილურობისა და საქმიანობის ხელშეწყობა; ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია და საგამოფენო საქმიანობის წარმოებაა.

„ისტორიალი» საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ნივთების მიხედვით შექმნილი კოლექციის ავტორიცაა.

არქეოლოგიური მუზეუმი ახლა მხოლოდ ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის აღარ იქნება მიმზიდველი. მუზეუმის მეორე სართულზე, პატარა მაღაზია-სალონში იმ ნივთების ასლების შეძენაა შესაძლებელი, რომლის ორიგინალები ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმსა და საქართველოს სხვადასხვა მუზეუმის კოლექციებშია დაცული.

კოლხური ცულების, კერამიკისა და სხვადასხვა სამკაულის შეძენა, მსურველებს, უკვე მუზეუმშიც შეუძლიათ, სადაც იმასაც აგიხსნიან, ჩვენს წელთაღრიცხვამდე რომელ საუკუნეშია აღმოჩენილი სასურველი ნივთი და რომელი მუზეუმის კოლექციაშია ამჟამად დაცული. მაღაზია-სალონში ფიჭვნარის კოლხურ და ბერძნულ ნეკროპოლზე აღმოჩენილი ძვ.წ. V ს. ოქროს სამკაულის მიხედვით შექმნილი ნიმუშებიცაა წარმოდგენილი. ნივთების ფასი 10 ლარიდან იწყება, თუმცა ოქროს ნივთების ფასი 600 ლარსაც აღემატება.

ოქროს მიმზიდველი ძალა გამოფენაზეც იგრძნობოდა. ყველაზე მეტი დამთვალიერებელი სწორედ ოქროსგან დამზადებულ ნივთებს ჰყავდა, განსაკუთრებული ყურადღება ვანში აღმოჩენილ ანტიკური ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშების მიხედვით დამზადებულ ასლებს ერგოთ, რომლის ორიგინალებმაც ევროპისა და აშშ-ს ცნობილი მუზეუმები მოიარეს.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი, პროფესორი – ამირან კახიძე მიიჩნევს, რომ ახალი მაღაზია-სალონი კიდევ მეტ დამთვალიერებელს მოიზიდავს მუზეუმში. მან არქეოლოგიური მუზეუმის მნიშვნელობასა და მიღწევებზე ისაუბრა: „15 წლის განმავლობაში ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნივთიერი კულტურის ძეგლები დაბინავდა. მოხდა მათი მეცნიერული შესწავლა, კატალოგიზაცია, გამოვიდა რამდენიმე მონოგრაფია ქართულ და უცხოურ ენებზე. უკვე თორმეტი წლის განმავლობაში ვაწარმოებთ ერთობლივ ექსპედიციას, ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმთან ერთად. ამ გათხრების შედეგად ჩვენს მუზეუმს აქვს კოლექცია, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ცნობილ მუზეუმს დაამშვენებდა. ჩვენთან გამოფენილი ნივთების 95 პროცენტი ორიგინალია და ჩვენ მიერ არის მოპოვებული. უახლოეს მომავალში გვინდა საგანძური, აჭარის ოქრო გამოვფინოთ. ბოლო ხანებში ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო თანამშრომლობა გვაქვს სკოლებთან, მუზეუმში იმართება საჩვენებელი გაკვეთილები“.

გამოფენამ – „საქართველო დროსა და სივრცეში“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით უკვე იმოგზაურა პარიზში (პარიზის მე-16 მერია, საფრანგეთი); ფლორენციასა (`OPA – Centro Arte e Cultura`, italia) და ნიუ იორკში (გაეროს სათავო ოფისი, აშშ).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი