წელს ფესტივალის სტუმრები იქნებიან ანიმატორები და ანიმაციის ცნობილი სკოლის წარმომადგენლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან; კერძოდ, ანესის ანიმაციური ფილმების ფესტივალის სელექტორი იტალიიდან, კანადიდან, ბელორუსიიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან. ანესის ფესტივალი ორგანიზატორთა განცხადებით, ანიმაციაში კანის კინოფესტივალის ტოლფასია.
ფესტივალის პროგრამაში შედის მსოფლიოს ანიმაციურ ფესტივალებზე გამარჯვებული ფილმები, რომელთა ნაწილს ფესტივალზე თავად ავტორები წარადგენენ.
ფესტივალის ჩატარების იდეა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას ეკუთვნის. გელა კანდელაკის მხარდაჭერით, ფესტივალთან ერთად სოფელ ნიქოზში დაარსდა ანიმაციის სკოლაც, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიბომბა, შემდეგ კი,იაპონიისა და პოლონეთის საელჩოების და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აღდგა და დღეს იქ ომგამოვლილი ბავშვები ხელოვნების სხვადასხვა სფეროს ეუფლებიან.
ფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებით, ნიქოზის ფესტივალი გამორჩეულია იმით, რომ არ წარმოადგენს ტრადიციულ კონკურსს. მას უფრო ხელოვნების ფორუმის სახე აქვს, რომელიც რეგიონის მოსახლეობას მაღალ სახელოვნებო ღირებულებებთან აზიარებს. ასევე, ფესტივალი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია.
ამერიკის, პოლონეთისა და იაპონიის საელჩოების დახმარებით ფესტივალს ყოველწლიურად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილი ანიმატორები, ფესტივალების დირექტორები, რომლებიც თავიანთი გამარჯვებული პროექტებით წარსდგებიან ფესტივალზე. ორგანიზატორთა თქმით, ამ ყველაფერმა საგრძნობლად გაზარდა ფესტივალის ხარისხი და უკვე საერთაშორისო დონეს აკმაყოფილებს.
ფესტივალსა და რეგიონის მოსახლეობისთვის მისი მნიშვნელობას ცნობილი რუსი ანიმატორი, იური ნორშტეინი შემდეგნაირად აფასებს:
“ეს ფესტივალი ვაჟკაცური დაპირისპირებაა ნგრევასთან და გაპარტახებასთან. დაბომბილი სახლების აღდგენა უფრო ადვილია, ვიდრე დამსხვრეული ცხოვრების ხილვით შეძრული სულის გამრთელება და თქვენი ფესტივალი სწორედ სულის მკურნალია, რომელსაც შეუძლია სამართლიანობის, იმედის მეშვეობით სიმშვიდე აღადგინოს.”
ფესტივალის მხარდამჭერები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი არიან. ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის განყოფილება, ანესის, სუზდალის, ლაიფციგის, დრეზდენის ანიმაციური ფილმების ფესტივალები და ევროპის კინოაკადემია.