ვარძიის კედლის მხატვრობის გადარჩენის პროგრამის ხელმძღვანელი დევიდ პარკი და ვარძიის კლდის მხატვრობის კვლევისა და პროექტის ბრიტანული დონორი ორგანიზაციის, “ჯექსონის ფონდის” წარმომადგენლები- პიტ ბრაუნი და ამანდა ტეილორი ამ თემასთან დაკავშირებით დღეს კულტურის მინისტრს შეხვდნენ და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრას ასევე დაესწრო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული – ვარძიის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში დაწყებულია კომპლექსის ყველაზე დაზიანებული უბნების გამაგრება და კონსერვაცია. დასკვნით ეტაპზეა ვარძიის უძველესი კედლის მხატვრობის დიაგნოსტიკური სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის ბოლოს, სახელმწიფოს ექნება ვარძიის უძველესი მხატვრობის მდგომარეობის ანალიზი, სრული კვლევითი დოკუმენტაცია და კონსერვაციის ზუსტი მეთოდები.
პროგრამის ხელმძღვანელის, დევიდ პარკის განცხადებით, ვარძიის კედლის მხატვრობის შესწავლა მსოფლიო მნიშვნელობის პროექტია. ექსპერტი მოხარულია, რომ საქართველოს მთავრობა პროექტის მიმართ ინტერესს იჩენს.
“კედლის ეს მხატვრობა მნიშველოვანია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად მსოფლიოს ამ ნაწილში. ბოლო 4 წელია სამხატვრო აკადემიასა და მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ვთანამშრომლობთ და ვაწარმოებთ უმნიშვნელოვანეს მოკვლევას- ვაკვირდებით კედლის მხატვრობას, შესრულების ტექნიკას და მის დღევანდელ მდგომარეობას. ყველა ვთანხმდებით, რომ ნახატები საოცრად მრავალფეროვანია,” – აცხადებს დევიდ პარკი.
ვარძიაში ამ დროისათვის მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დიდი მოცულობის 2 ახალი იარუსი და მასში არსებული 10 ქვაბული. როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ახალაღმოჩენილ საცხოვრებელ და სამეურნეო დანიშნულების დარბაზებში უძველესი თონის, სათავსოების და ქვევრების ნაშთები იკვეთება, სადაც ერთი ათეული საუკუნის წინ ღვინოს და მარცვლეულ კულტურას ინახავდნენ. ვარძიის ახლად გამოვლენილ უბანზე ასევე აღმოჩენილია მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკის ჭურჭელი – ფიალა, ქოთანი, სარქველები, რკინის შუბისპირი და გოძალი, რომელსაც არქეოლოგები XIII-XIV საუკუნით ათარიღებენ.
კულტურის მინისტრის, მიხელ გიორგაძის განცხადებით, ვარძიის პროექტი მნიშვნელოვანია მისი საგანმანათლებლო მიზნებითაც. ვარძიის მხატვრობის კვლევისა და გადარჩენის პროგრამაში ჩართული არიან თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და კონსერვაციის ფაკულტეტი და ინგლისის კურტოს უნივერსიტეტი, რაც ქართველ სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.
“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის საგანმანათლებლო კომპონენტი. პროექტში უკვე არიან ჩართული სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და პრაქტიკულ სამუშაოებში სწავლობენ იმ ახალ ტექნოლოგიებს, რომლებითაც მოწინავე კვლევითი ინსტიტუტები მუშაობენ. შეხვედრაზე განვიხილეთ ასევე იმისი შესაძლებლობა, რომ ერთ-ერთი სტუდენტი ჩავიდეს ლონდონში და მთელი კურსი გაიაროს. 3 წელიწადში მხოლოდ 7-8 კაცი თუ აბარებს ამ უნივერსიტეტში, იმდენად რთულია იქ მოხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მაღალკვალიფიციური კადრი დაგვიბრუნდეს,”- აცხადებს მიხეილ გიორგაძე.
“ჯექსონის ფონდის” წარმომადგენელი პიტ ბრაუნი, რომელიც პროექტის ფინანსური მხარდაჭერია, ქართველი წინაპრებით ამაყობს. როგორც ბრაუნი ამბობს, პროექტი საშუალებას აძლებს, რომ ქართველი ხალხის მიმართ მისი პატივისცემა და სიყვარული გამოხატოს.
“ჩემი ბაბუა ქართველი იყო. ვარძიის პროექტის შესახებ შემთხვევით გავიგე “ბრიტანულ-ქართულ საზოგადოებაში” და გადავწყვიტე, რომ როგორც შემეძლო, ისე დავხმარებოდი. ბედნიერი ვარ, რომ ბაბუის მიწას რაღაც თვალსაზრისით უკან ვუბრუნებ,”- ამბობს პიტ ბრაუნი.
ვარძიაშ,ი კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის მიზნით, სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: კლდის კვლევა, კლდის გამაგრება-კონსერვაცია, ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა, კედლის მხატვრობის დიაგნოსტიკა და ტურისტული ინფრასტუქტურის კეთილმოწყობა.