ვიდეოს ავტორი ვლოდეკ მარკოვიჩი, პოლონელი Youtuber-ია. საიტისათვის ვიდეოებს დაახლოებით 6 თვეა იღებს. საქართველოს მეგობრის რჩევით ესტუმრა.
”მეგობარი მყავს, რომელიც გიჟდება საქართველოზე; მეც მირჩია, რომ წავსულიყავი და მენახა ეს ქვეყანა. მეც ვიფიქრე, რატომაც არა? თავად უდაბნოში პატარა ბიზნესი აქვს, რესტორანი და ჰოსტელი გახსნა. ეს ამბავი იმდენად მომხიბვლელად ჟღერდა, რომ უდაბნოში არ წასვლას ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი,”- ამბობს ვლოდეკი.
ვლოდეკის თქმით, ადვილია იყო ტურისტი, ვისაც ყველაფერს წინასწარ უგეგმავენ, მიუთითებენ რომელი ადგილი მოინახულოს და სად გადაიღოს ფოტო, რომელიც მანამდე ალბათ ათასობით ადამიანმა გადაიღო, მაგრამ ნამდვილი მოგზაური ყოველთვის ცდილობს გზებიდან გადაუხვიოს და იპოვოს ალტერნატიული ბილიკები, რომლებიც ახალ ადგილებთან მიიყვანენ. მოგზაურობა ძიებაა. სწორედ ასე იპოვა უდაბნოც. ყველაზე მეტად უდაბნოს უბრალო ცხოვრების სტილით მოიხიბლა.
”ძალიან ადვილად ვეჯაჭვებით ყველაფერს რაც გვაქვს. მნიშვნელობა არ აქვს ეს ინტერნეტი იქნება, მანქანა, ნებისმიერი სახის ტექნოლოგია, გზები, კონდიციონერი თუ სულ ახალი ფეხსაცმელები. ყოველთვის უფრო და უფრო მეტი გვინდა. ეს დაუსრულებელი პროცესია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბედნიერების დონე არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას ფლობ ან რას ხარ შეჩვეული. წარმოიდგინე რომ გაქვს 20 სახლი, 10 თვითმფრინავი და მილიარდი დოლარი. მაინც ყოველთვის მოგინდება უფრო მეტი და დაიწყებ იმაზე ფიქრს, შენი ერთი მილიარდი ორად როგორ აქციო,”- ამბობს ვლოდეკი.
პატარა უკრაინულ ქალაქში, პერემიშლანში დაიბადა. როგორც თვითონ ამბობს, მისი ქალაქიც უდაბნოზე სულ ცოტათი დიდია.
“ძალიან გამიხარდა, რომ თითქმის ისეთ ადგილს კიდევ მივაგენი უდაბნოს სახით, დიდია მსგავსება ამ ორ ადგილს შორის. თითქოს არსად გეჩქარება, არად აგდებ ფულს, უბრალოდ ცხოვრობ. ქართველებში ყველაზე მეტად სტუმართმოყვარეობას ვაფასებ. ძალიან ადვილი შესამჩნევია, რომ პოლონელები უყვართ უბრალოდ გექცევიან, დიდი ხნის მეგობარივით გმასპინძლობენ,”- ამბობს მარკოვიჩი.
ვიდეოს ინტერნეტში განთავსება თავიდანვე არ ჰქონია დაგეგმილი. შეგროვებული მასალის ყურების შემდეგ გადაწყვიტა, რომ უინტერნეტო უდაბნოს შესახებ თავისი ინტერნეტ აუდიტორიისათვის მოეყოლა.
“თავიდან ვიდეო უბრალოდ მოკლე მოგზაურობის ამსახველი მასალა უნდა ყოფილიყო, მაგრამ როცა დავბრუნდი და ყველაფერს ვუყურე, მივხვდი რომ საინტერესო ისტორიების შეგროვება მოვახერხე და უკეთესად შემეძლო ვიდეოს დაგეგმვა. ამიტომ დავჯექი და მოვუყევი კამერას ჩემი ქართული მოგზაურობის შესახებ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეოში მუსიკა ძალიან დიდ როლს თამაშობს. დიდი დრო დავუთმე სწორი მელოდიის შერჩევას, რაც ვიდეოს ხასიათს სრულად შეესაბამებოდა.”
საქართველოში დაბრუნებას კვლავ აპირებს. ამჯერად, სვანეთი მოხვდება მისი კამერის ობიექტივში და სავარაუდოდ მის Youtube გვერდზეც.