ხელოვნება

კულტურის სფეროს გასაძლიერებლად ევროკავშირმა ახალი პროგრამა დაიწყო

1 ივლისი, 2015 •
კულტურის სფეროს გასაძლიერებლად ევროკავშირმა ახალი პროგრამა დაიწყო

აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის მიზანია ქვეყნებში: აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა, ხელი შეუწყოს კულტურული და შემოქმედებითი სექტორის მონაწილეობას და შენატანი ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური სფეროების განვითარებაში.

 

კულტურის რეგიონული პროგრამა ივნისში დაიწყო. ის სამწლიანია და მისი ბიუჯეტი შეადგენს 4.2 მილიონ ევროს, რომელიც ფოკუსირებული იქნება თითოეული მონაწილე ქვეყნის ინტერესებზე და საჭიროებებზე. ამის უზრუნველსაყოფად თითოეულ ქვეყანაში პროგრამის კოორდინატორები უკვე მუშაობენ. პროგრამა ევროპაში ქმნის  8.3 მილიონ სამუშაო ადგილს.

 

„პროგრამა ცვლილებებს შეიტანს რეგიონში სახელმწიფო სტრუქტურებსა და კულტურის სფეროს მნიშვნელოვან წარმომადგენლებს შორის ოცდამეერთე საუკუნის კულტურის კონცეფციის შესახებ მიმდინარე დისკუსიაში. პროგრამა ხელს შეუწყობს გააზრებას იმისა, თუ რამდენად პოზიტიური გავლენა შეუძლიათ იქონიონ შემოქმედებითმა ინდუსტრიებმა დასაქმებაზე, პატარა და საშუალო ბიზნესების განვითარებასა  და მუნიციპალიტეტების  და სოციალური ჩართულობის როლზე“ – განაცხადა ევროპული კომიტეტის დირექტორატის  გაფართოების მოლაპარაკებების პროგრამის მენეჯერმა რენათე უთშმიდმა.

 

პროგრამა ფოკუსირებული იქნება ოთხ ძირითად მიმართულებაზე: მტკიცებულებების შეგროვების კვლევითი მექანიზმების განვითარება, სფეროს პროფესიული განვითარება, ცნობიერების, ინფორმირებულობის ამაღლება და საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების შესაძლებლობების შეთავაზება.

 

პროგრამის ფარგლებში დამუშავებულ თემებს შორის იქნება პროექტის მენჯმენტი (დაგეგმარების, ორგანიზების და კოორდინაციის პროცესი), ლიდერობა კულტურის სფეროში, კულტურულ და სტატისტიკურ კვლევები, კულტურის ადვოკატირება, ფინანსების მოზიდვა, კულტურის სფეროს ჟურნალისტიკა და კომუნიკაციის სფეროს პროფესიონალიზმის ამაღლება.

 

პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ვორქშოფები, ინტენსიური ტრენინგები, ონლაინ სასწავლო პლატფორმები, სასწავლო ვიზიტები და პარტნიორობის ხელშეწყობის ღონისძიებები (მაგ, ბაზრობები), რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ხელისუფლების და საზოგადოების, ასევე საზოგადოებრივი და კერძო სექტორების წარმომადგენლების ერთად შეკრება დისკუსიებში ჩასართავად და პოზიციების შესაჯერებლად.

 

„სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნესსექტორის კულტურის სფეროში თანამშრომლობა აუცილებლობაა ყველა თანამედროვე სახელმწიფოსთვის. ამის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ ინკლუზიური და ერთობლივად ჩამოყალიბებული ეროვნული პოლიტიკით, რომელშიც ნათლადაა ჩამოყალიბებული კულტურის როლი პოზიტიური ცვლილებების  განხორციელების საქმეში“, – განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა ტერი სანდელმა.

 

კულტურის და შემოქმედებით სექტორში შედის არქიტექტურა, არქივები, ბიბლიოთეკები და მუზეუმები, ხალხური შემოქმედების სფერო, აუდიო-ვიზუალური სექტორი (კინო, ტელევიზია, ვიდეოთამაშები და მულტიმედია), სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, დიზაინი, ფესტივალები, მუსიკა, ლიტერატურა, საშემსრულებლო ხელოვნება, საგამომცემლო საქმე, რადიო და ვიზუალური ხელოვნება.

 

სატენდერო კონკურსის შედეგად აღმოსავლეთ ევროპის კულტურის პროგრამას განახორციელებს კონსორციუმი ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედიან მოლდოვის სოროსის ფონდი, პოლონეთის კულტურის ეროვნული ცენტრი და გოეთეს ინსტიტუტი. აღნიშნული პროგრამა დაფუძნებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამაზე (2011-2014), რომელიც შედგებოდა, როგორც ტექნიკური დახმარების, ისე საგრანტო პროექტებისგან.

აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამა
აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამა

მასალების გადაბეჭდვის წესი