ხელოვნება

იუნესკო მცხეთის ძეგლების ძირითად ნუსხაში გადატანაზე 2016 წელს იმსჯელებს

1 ივლისი, 2015 •
იუნესკო მცხეთის ძეგლების ძირითად ნუსხაში გადატანაზე 2016 წელს იმსჯელებს

კულტურის სამინისტროს ცნობით, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, იკომოსის და კომიტეტის წევრი ქვეყნების მიერ “უაღრესად პოზიტიურად” შეფასდა საქართველოს მხრიდან მსოფლიო მემკვიდრეობის მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკა.

 

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ანგარიში წარადგინა სახელმწიფოს მხრიდან ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის შესახებ, აცხადებს კულტურის სამინისტრო.

 

სამინისტრო აცხადებს, რომ კომიტეტის რეზოლუციაში მკაფიოდ აღინიშნა, რომ 2016 წელს, მომდევნო სესიაზე, კომიტეტი გარანტირებულად განიხილავს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან მცხეთის ისტორიული ძეგლების ამოღების საკითხს.

 

კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კოორდინირებით 2013-2014 წლებში პირველად განხორციელდა: მცხეთის კულტურული ლანდშაფტის კვლევა, მომზადდა ისტორიულ მცხეთაში განხორციელებული ახალმშენებლობების  კულტურულ მემკვიდრეობაზე ზემოქმედების შეფასება. 

 

სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთის თვითმმართველობის მიერ მზადების პროცესშია მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაცია და მოთხოვნები.

 

კომიტეტის სხდომას, რომელიც ქალაქ ბონში 2015 წლის 28 ივნისიდან 8 ივლისამდე გრძელდება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ესწრებიან.

 

იუნესკო წინასწარ დოკუმენტში წერს, რომ მიესალმება სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ძეგლების ეფექტური დაცვისთვის და მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს, არ მოხდეს შეუფერებელი ჩარევა, რომელმაც შესაძლოა ძეგლის ღირებულება საფრთხის ქვეშ დააყენოს.

 

იუნეკოს ურჩევს სახელმწიფოს, შექმნას ერთიანი ბუფერული ზონა, რომელიც შემოსაზღვრავს მცხეთის ისტორიულ ძეგლებს და დაიცავს უხეში ჩარევისგან. ასევე, იუნესკო სთხოვს სახელმწიფოს, რომ 2016 წლის 1 თებერვალს მსოფლიოს კულტურული მემკვიდროების ცენტრს მიაწოდოს ძეგლების მდგომარეობის შესახებ ხელახალი ანგარიში, რომელსაც დაეყრდნობა იუნსეკოს 2016 წლის მე-40 სესიაზე.

 

მცხეთის ისტორიული ძეგლების (სვეტიცხოველი, ჯვარი და სამთავროს მონასტერი) იუნსეკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდანაა შესული, ხოლო 2009 წლიდან ისინი იუნესკომ საფრთხის ქვეს მყოფი ძეგლების ნუსხაში გადაიტანა.

 

ამის მიზეზი მცეხთაში დაწყებული საშმენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები და მიმდებარე მიწების პრივატიზება გახდა, რამაც ძეგლების მოვლის ეფექტური მექანიზმის არქონასთან ერთად კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხე შეუქმნა, წერს იუნესკო წლევანდელი კომისიის სხდომის წინასწარი დოკუმენტის ტექსტში.

 

მცხეთა. ფოტო –  mtskheta.org.ge
მცხეთა. ფოტო – mtskheta.org.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი