კონცერტზე მსოფლიოს კლასიკური მუსიკის ვარსკვლავებად აღიარებულმა, მოწვეულმა სოლისტებმა – მევიოლინეებმა გერმანელმა ალისა მარგულისმა და ამერიკელმა იგორ პიკაიზენმა დაუკრეს. სცენაზე ვივალდის, სენ–სანსის, ჩაიკოვსკის, ბახის, გერშვინისა და ჯოპლინის ნაწარმოებები გაჟღერდა.
2011 წელს ლიანა ისაკაძის ინიციატივით ფეისბუკის საშუალებით ე.წ. საერთაშორისო ანსამბლი–ორკესტრი შეიქმნა და ამგვარად მისი თანამოაზრეების ჯგუფს მთელი მსოფლიოდან ცნობილი ახალგაზრდა სოლისტები, მათ შორის, სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულები და ლაურეატები შეემატნენ. “ვირტუოზების” პრემიერა ბათუმში, “ღამის სერენადების” მესამე ფესტივალზე შედგა. ამგვარად, ლიანა ისაკაძე ამ და ფესტივალის “მუსიკოსები ხუმრობენ” გარდა, კიდევ ერთი მუსიკალური ფორუმის – “ფეისბუკის მეგობრების” დამაარსებელიცაა.
მიუნხენის გერმანულმა გაზეთმა Sued Deutsche Zeitung ლიანა ისაკაძეს “საუკუნის მევიოლინე” უწოდა, ხოლო მის მიერ შესრულებული რაველის სავიოლინო სონატა “საუკუნის ოც მევიოლინეთა” ალბომში შევიდა. “კარნეგი ჰოლის” Playbill ქართველი შემსრულებლის ბიოგრაფიას დაწვრილებით მიმოიხილავს, მათ შორის, სსრკ–ის არსებობის დროს მის დეპუტატობასაც, და აღნიშნავს, რომ “ლიანა სამი წლის ასაკში უკვე მუსიკოსი იყო და დაკვრასა და მუსიკის წერას თავისით სწავლობდა. როცა შვიდი წლის იყო და მუსიკალურში გამოცდა საფორტეპიანო განყოფილებაზე უნდა ჩაებარებინა, გაცივდა და გამოცდა ერთი კვირით გადაუტანეს. ამ დროისთვის კი აღმოჩნდა, რომ აუდიტორია მხოლოდ მევიოლინეებისთვის იყო განკუთვნილი. მას იმდენად უნდოდა, რომ მუსიკოსი გამხდარიყო, რომ იმ დღეს ვიოლინოზე დაუკრა და მაშინვე პროფესორ ლეო შიუკაშვილის კლასში ჩაირიცხა. ცხრა წლის ასაკში კი ლიანამ სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრა, ხოლო ერთი წლის თავზე თავისი პირველი სოლო კონცერტითაც გამოვიდა. თორმეტი წლის ასაკში იგი კავკასიის სავიოლინო კონურსზე პირველი პრიზით დაჯილდოვდა”.
ლიანა ისაკაძე თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან რუდოლფ კემპი, იეჰუდი მენუჰინი, ვაცლავ ნეუმანი და კურტ მაზური. იგი მსოფლიოში ცნობილი ორკესტრების პირველ ვიოლინოდ კვლავ რჩება. ნიუ იორკში გამართული კონცერტის მიზანი კი გახლდათ ერთგვარი მუსიკალური პროტესტის გამოხატვა მსოფლიოში მიმდინარე ომებისა და სისხლიანი კონფლიქტების წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ იმის შესახსენებლად, რომ “ჩვენ სიყვარულისა და მშვიდობისთვის ვართ გაჩენილნი”.