სამი წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ მობილური ტელეფონით გადაღებული 3-წუთიანი ფილმების კონკურსის სამი გამარჯვებული გამოავლინა. მათ შემდეგი პრიზები გადაეცათ: IPhone 5, IPad და ციფრული კამერა.
პირველი ადგილისთვის პრიზი გადაეცა გიორგი გოგუას ფილმს “ჰომოფობიის ამბავი სომხეთსა და საქართველოში” – საინტერესო მულტიმედიური თხრობისა და თემის ინტერპრეტაციისთვის.
პრიზი მეორე ადგილისთვის გადაეცა ქეთევან ძუკაევის ფილმს ENPI FLEG II – კომპლექსური პროექტის მიზნების წარმოსაჩენად მარტივი და არასტანდარტული ხერხის გამოყენებისთვის.
მესამე ადგილისთვის პრიზი გადაეცა საბა ხარაბაძის ფილმს “ჩასჭიდე ხელი ყველა ადამიანის შესაძლებლობას” – წარმოების სამოყვარულო ხერხის გამოყენებით, წყაროების მიგნებისა და მნიშვნელოვანი ადამიანური ისტორიის წარმოჩენისთვის.
კონკურსი 27 მარტიდან 31 მაისამდე მიმდინარეობდა და მასში 29 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ფესტივალისთვის მათ მობილურით გადაიღეს ფილმები ევროკავშირის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების შესახებ. ვიდეოები ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე eu3min.ge.
საქართველოში ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალი „გახდი ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით“ წელს მეოთხედ ჩატარდა. სამწუთიანი ფილმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება მხოლოდ 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის იყო შესაძლებელი.
ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლების შეფასებით, 3-წუთიანი ფილმების ფესტივალი ბოლო სამი წელია საქართველოში წარმატებულად ტარდება. ფესტივალს მხარს უჭერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.





