ინსტალაციის ავტორი ფოტოგრაფი, კინოს ფოტოგრაფი და დამწყები დიზაინერი მარიამ კალანდარიშვილია. საღამოს მუსიკალურად HVL აფორმებდა. ინსტალაცია “არტ არეში” 1 კვირის განმავლობაში დარჩება.
მარიამ კალანდარიშვილმა მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის “უარე ქალაქს” პროექტის “იარე ფეხით” გამოცხადებულ კონკურსში. ჟიურიმ 60 აპლიკანტიდან რამდენიმე გამარჯვებული თანამედროვე ხელოვნების ნიმუში შეარჩია.
ჟიურისაგან მოწონებულ ინსტალაციას “არა ვარ კარგად” “არტ არეამ” საკუთარი სივრცე მას შემდეგ გამოუყო, რაც მერიამ მის წინასწარ შერჩეულ ადგილას განთავსებაზე უარი განაცხადა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ინსტალაციის მასშტაბები გარემოსათან შეუსაბამო იყო და მძღოლთა თვალთახედვის არეალის გააუარესებას გამოიწვევდა.
მერიისთვის, ასევე, მიუღებელია სარეკლამო ტექსტის შინაარსი მისი უარყოფითი შინაარსის გამო. იდეის ავტორები კი ამბობენ, რომ ტექსტი სარეკლამო არ არის.
როგორც “იარე ფეხით” პროექტის მენეჯერი ხათუნა გველესიანი ამბობს, მერიას არ სურდა დაენახა ინსტალაცია, როგორც ხელოვნების ნიმუში.
“ეს არის თბილისის ერთგვარი status update-ი. ქალაქი, რომ დღეს კარგად არაა ამას ყველა ვხედავთ და ვიცით. ტექსტი არაფრის რეკლამას არ ისახავს მიზნად. ის არის ვარდისფერი, ერთი შეხედვით მხიარული ფერი, მაგრამ სათქმელი არ ქმნის დადებით განწყობას,”- ამბობს ინსტალაციის ავტორი.
“უარე ქალაქს” პროექტის მენეჯერებმა სოციალურ ქსელში გამოკითხვა ჩაატარეს და შეეცადნენ გაეგოთ ხალხის აზრით რა აწუხებს ქალაქს. მომხმარებელთა კომენტარები გამოფენაზე გამოიტანეს. რატომ არ არის თბილისი კარგად, ამ კითხვით, არტ არეას ეზოში შეკრებილი მოქალაქეების “ნეტგაზეთმა” გამოკითხა.
რატომ არ არის თბილისი კარგად?
“დაბინძურებულია, ქალაქში გასავლელი ადგილი არ არის, ამდენი მანქანაა, ჰაერს ვერ ჩაყლაპავ,” – ანა კალანდარიშვილი.
“იცით, მე მაინც მგონია რომ ყველაფერი ეკონომიკური პრობლემების ბრალია. თვითონ ხალხია ცუდად და აღარც ქალაქი ადარდებთ,” – მაკა მიმინოშვილი.
“მე არ გამაჩნია საზოგადოებრივი სივრცე… ჩემი ქალაქი ცუდადაა იმიტომ რომ მე ვერ მაძლევს იმას, რაც მოქალაქეს მჭირდება და ალბათ განიცდის ამას,” – ლიკა ტალახაშვილი.
“ამდენი მახინჯი შენობა შენდება. ქალაქში ქაოტური მდგომარეობაა,” – გიორგი მიშველაძე.
“მთავარია ბევრი მაღალი შენობა ააშენონ და ეს ქალაქი კიდევ უფრო ნაცრისფერი გახადონ,” – ქეთი თოფურია.
“სულ რამდენიმე პარკიღა შემოგვრჩა და იმასაც ჩეხავენ. გამწვანების სერიოზული პრობლემა გვაქვს,” – ნინო ნატროშვილი.
“ფეხით გასავლელი ადგილი არ გაქვს. ჩემი ნება რომ ყოფილიყო ამ ინსტალაციას ზუსტადაც, რომ მერიის შენობის წინ დავდგამდი,”- ქეთი მაჭავარიანი.
თქვენ რას ფიქრობთ, რატომ არ არის თბილისი კარგად?