ლია უკლება თვითნასწავლი მხატვარია. ხატვას 5 წელია აქტიურად მიჰყო ხელი და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე ცნობილი ტილოც შექმნა. მათ შორის, ფეხმძიმე მარიამის პორტრეტი, რომელსაც ხელში სათამაშო პისტოლეტი უჭირავს. ასევე, ემბრიონად ქცეული ქალის გამოსახულება, რომელიც აბორტის აკრძალვის მოწოდებას ეხმიანება. როგორც თავად ამბობს, ქალთა პრობლემებზე და ფემინიზმის თემაზე შემქნილ მის ნამუშებრებს საზოგადოების დადებითი განწყობა ყოველთვის არ ხვდებოდა წილად.
“გამოფენის თემატიკა არის ქალი, როგორც საკერავი მანქანა, ან უფრო სწორად, “დასაკერი მასალა”. ასევე, ქალი, როგორც ზოგადად დიდი მანქანის, ერთიანი სისტემის ნაწილი. ჩემს ნახატებში ვცდილობ გადმოვცე ჩემი ემოციები, ჩემი პროტესტი იმ უსამართლობის მიმართ, რომელშიც ქალებს გვიხდება ცხოვრება. ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, მე ვაგრძელებ ფემინიზმის თემაზე მუშაობას. სივრცემ საშუალება მომცა, რომ არა მხოლოდ ამ თემატიკის, არამედ სხვა ჩემთვის საყვარელი ნახატებიც გამომეტანა. მართალია, გამოფენა-გაყიდვაა, მაგრამ არის რამდენიმე ნახატი, რომელებსაც ვერ შეველევი,” – ამბობს ლია უკლება.
გამოფენა ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის და ორგანიზაციის “ქალთა ფონდი საქართველოში” ორგანიზებით იმართება.
“ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ლიას გამოფენა გერმანიაშიც კი ჰქონდა და თბილისში არასდროს. კარგად ვიცნობ მის ნამუშევრებს და ვიცოდი, რომ მისი მთავარი შთაგონების წყარო ქალები და მათი პრობლემებია. ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა საგამოფენო სივრცის ძიება დავიწყეთ, მაგრამ დარბაზები ან დაკავებული იყო, ან საკმაოდ ძვირი ღირდა. ამის შემდეგ საღამოს ორგანიზებაში ჩაერთო “ქალთა ფონდი საქართველოში” და დააფინანსა დღევანდელი გამოფენა,” – ამბობს იდა ბახტურიძე, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი.
გამოფენა-გაყიდვა ART AVENUE-ს საგამოფენო სივრცეში 30 მაისის ჩათვლით დარჩება.