კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და წიგნის ეროვნული ცენტრი ერთობლივად ახორციელებენ პროექტს „საბავშვო ლიტერატურაზე დაფუძნებული ანიმაციური ფილმის შექმნა”. გერარდ ჰანი კი, როგორც ანიმაციური სტუდიის „ჰან სტუდიოს“ მფლობელი და პროფესიონალი ანიმატორი, პროექტის განხორციელებაში დაეხმარება კინოცენტრს. 28 მაისის შეხვედრა შეხვედრების სერიის პირველი ეტაპია.
“გამომცემლებმა წარადგინეს ის წიგნები, რომელთა ანიმაციად ქცევაც, ფიქრობენ, რომ საინტერესო იქნება ამ პროექტის ფარგლებში. ყველა შემოთავაზებული ვარიანტი გერჰარდ ჰანმა მათთან ერთად განიხილა. შეირჩევა ის წიგნები, რომლებსაც უფრო დიდი პოტენციალი აქვთ იქცნენ ფილმად ან სერიებად. ჰანი ასევე გაეცნო უკვე არსებულ ანიმაციურ პროექტებს და ქართველმა ანიმატორებმა მასთან კონსულტაციები გაიარეს. მნიშვნელოვანია მსგავსი დახმარება ქართველი ანიმატორებისათვის, რომ გაიგონ, რა არის ევროპული მარკეტი და რა არის საჭირო იქ მოსახვედრად,”- აცხადებს ანიმატორი, გერჰარდ ჰანის თანაშემწე მარიამ კანდელაკი.
გერჰარდ ჰანი მოინახულებს საქართველოში არსებულ სტუდიებს, კომპიუტერული გრაფიკის ლაბორატორიას, გაეცნობა ანიმაციის სფეროს მდგომარეობას და შეხვდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს.
“ქართულ ანიმაციაზე ინფორმაციას მანამდე არ ვფლობდი. მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ნამდვილად საინტერესო ტრადიციების ქვეყანა გაქვთ. თუმცა ხელოვნების ბაზარს თავისი უცნაური წესები აქვს. დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ, დაახლოებით 2-3 პროექტი იმდენად მომეწონა, რომ მათი შექმნით ნამდვილად დაინტერესებული ვარ. ჩემი აზრით, არ არის საჭრო გრძელი ისტორიების მოყოლა, ანიმაცია შესაძლოა იყოს მოკლე, მაგრამ ახდენდეს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას. მთავარია იდეა – სწორედ ეს ხდის ანიმაციის ხელოვნებას უნიკალურს,” – ამბობს გერჰარდ ჰანი.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის, ნანა ჯანელიძის თქმით, კინოცენტრი აქტიურადაა ჩართული ქართული ანიმაციის გამოცოცხლების პროცესში.
“დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და დღევანდელი შეხვედრის საფუძველზე ჩაისახება ახალი იდეები, შედგება კოპროდუქციები. კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით უკვე მეორე წელია ვცდილობთ განვავითაროთ ანიმაცია. 1 თვის წინ საფრანგეთიდან გვეწვია მენტორი, ახლა გერმანიიდან გვყავს სტუმარი, რომელმაც გაიცნო ქართული საბავშვო წიგნების გამომცემლები. ბევრი საინტერესო წიგნია, რომელზეც შეიძლება შეიქმნას ანიმაცია. მთავარია, იყოს ორმხრივი ინტერესი და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს მივიღებთ,”- აცხადებს ნანა ჯანელიძე.
გერმანიის ერთ-ერთ წარმატებულ ანიმაციურ სტუდიას „ჰან სტუდიოს“ 35-წლიანი გამოცდილება აქვს სრულმეტრაჟიანი და ანიმაციური საბავშვო ფილმების წარმოებაში. მათი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ანიმაციური სერიალი “1001 ღამე”.