18-დან 23 მაისის ჩათვლით, თბილისს 25-მდე უცხოელი მწერალი და პოეტი ეწვევა. მათ შორის, ფილიპ ბესონი საფრანგეთიდან, სვეტლანა ალექსევიჩი ბელორუსიდან და სარა ბოუერი ბრიტანეთიდან. ფესტივალის სტუმრები გამართავენ შეხვედრებს მკითხველთან და ჩაერთვებიან დისკუსიებში. ასევე მოეწყობა წიგნების თარგმანების პრეზენტაციები. შეხვედრები გაიმართება მწერლთა სახლში, ევროპის სახლში, ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმსა და რამდენიმე უნივერსიტეტში. შეხვედრების ზუსტი განრიგის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორი საქართველოს მწერალთა სახლია, რომელიც ფესტივალის ყოველწლიურად ჩატარებას გეგმავს.
“იტალიის, საფრანგეთის, ამერიკის საელჩოები და ბრიტანეთის საბჭო აქტიურად იყვნენ ჩართული მწერლების მოწვევის პროცესში. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდეს და ფესტივალი ყოველწლიურად გაიზარდოს. გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ მწერლებისა და მკითხველის ერთმანეთთან დაახლოების პროცესს,”- განაცხადა საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორმა ნატალია ლომოურმა.

პირველი შეხვედრა დღეს, 18:00 საათზე, მწერლთა სახლში ფილიპ ბესონთან შედგება, სადაც საკუთარი წიგნის “იქიდან ზღვა ჩანს” თარგმანის პრეზენტაციას გამართავს. დღე პოეზიის საღამოთი დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ყველა მოწვეული მწერალი და პოეტი მიიღებს.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
