“ჰოლივუდ რეპორტერის” ინფორმაციით, ფილმის დისტრიბუტორმა კომპანიამ, “Central Partnership”-მა გადაწყვიტა ფილმის ჩვენებაზე უარი ეთქვა მას შემდეგ, რაც რუსეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის წინასაპრემიერო ჩვენება გაიმართა. კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ “ფილმი იმ ისტორიულ ფაქტებს ამახინჯებს”, რომლებიც მეორე მსოფლიო ომსა და საბჭოთა კავშირის ეპოქას ეხება.

 

კომპანია “Central Partnership”-მა  “Summit Entertainment”-თან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში ფილმის დისტრიბუციის უფლება 2011 წელს შეიძინა.  სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელი პაველ სტეპანოვი ამბობს, რომ ისინი გარკვეულ ცვლილებებს ელოდნენ სცენარში, თუმცა საბოლოო შედეგით კმაყოფილი არ აღმოჩნდნენ.

“ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენი პოზიცია კულტურის სამინისტროს პოზიციას ემთხვევვა”,- ამბობს სტეპანოვი.

 

ფილმი რუსეთისა და მოკავშირეების მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებამდე რამდენიმე კვირით ადრე უნდა გამოსულიყო. ფილმი საბჭოთა კავშირის, კონკრეტულად კი, სტალინის მმართველობის დროს ბავშვთა სერიული მკვლელობების გამოძიების შესახებაა. ის ტომ რობ სმიტის ბესტსელერის პირველი ეკრანიზაციაა.

 

ფილმის მსოფლიო პრემიერა, ოფიციალური გეგმის მიხედვით, 17 აპრილს ჯერ აშშ-ში გაიმართება, 2 ივლისს კი ჩილეში დასრულდება. თუმცა რუსეთში პრემიერის ჩაშლის შემდგ  ინფორმაცია გაავრცელა კინოთეატრმა “რუსთაველმა” და “ამირანმა”. კინოთეატრების ინფორმაციით, ფილმის გამოსვლა შემოდგომამდე გადაიდო, თუმცა გადადების  მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ.”ნეტგაზეთი” დაუკავშირდა კინოთეატრების პრესამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ ფილმის გადადების მიზეზი სადისტრიბუციო კომპანიის მიერ გადადებული პრემიერა გახდა.

 

“ამ ფილმის გამოსვლის თარიღი და პრემიერა გადაიდო შემოდგომამდე და, შესაბამისად, ჩვენც გადავწიეთ პრემიერა შემოდგომამდე”,- აცხადებენ კინოთეატრში.

 

რუსეთში ფილმის ჩვენება სადისტრიბუციო კომპანიას რუსეთში “Central Partnership”- ს უნდა უზრუნველეყო. ნეტგაზეთს კინოთეატრში განუცხადეს, რომ მათი მომწოდებელი იგივე სადისტრიბუციო კომპანია არ არის. “რუსთაველისთვის” და “ამირანისთვის” ფილმი უკრაინულ კომპანია “ინტერ ფილმს” უნდა მიეწოდებინა. არსებობს თუ არა კავშირი ამ კომპანიასა და Central Partnership-ს შორის, ამ შეკითხვას კინოთეატრში ვერ პასუხობენ:

 

‘ჩვენ გვაქვს კავშირი მხოლოდ ორი ქვეყნის დისტრიბუციასთან – ბრიტანეთსა და უკრაინასთან. უკრაინის წარმომადგენელი დისტრიბუცია არის “ინტერ ფილმი”, იქიდან უნდა მოგვწოდებოდა ფილმი, იქ გადაიდო და, შესაბამისად, ჩვენთანაც გადაიდო. კავშირი აქვს თუ  არა ამ კომპანია Central Partnership-თან, ამას ვერ გეტყვით”,-აცხადებენ კინოთეატრში.

 

“ინტერ ფილმის” ვებ-გვერდზე კომპანიის შესახებ განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ  კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა   Warner Bros., Universal Pictures, Paramount Pictures, DreamWorks Studio, Central Partnership-ს. “ინტერ ფილმი” ფილმების დისტრიბუციას უზურნველყოფს ბელარუსში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, საქართველოში, სომხეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში.

 

საწმუხაროდ, გაცნობებთ, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ფილმის “ბავშვი №44” პრემიერა ხვალ არ შედგება. რელიზი გადაიდო შემოდგომამდე.

Posted by Rustaveli/Amirani Movie Theaters on Wednesday, April 15, 2015

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *