ხელოვნება

ომბუდსმენი კულტურის სამინისტროს ონის მუზეუმისთვის ახალი შენობის გადაცემას სთხოვს

24 მარტი, 2015 •
ომბუდსმენი კულტურის სამინისტროს ონის მუზეუმისთვის ახალი შენობის გადაცემას სთხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ არ უნდა უგულებელყონ კულტურული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპი, რომელიც თავის თავში მოიცავს მუზეუმისთვის მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას სათანადო ინფრასტრუქტურით და თითოეული მოქალაქის კულტურული ფასეულობებით სარგებლობის უფლებას.

 

ომბუდსმენის განცხადებით, ვიზუალური დაკვირვებით კარგად გამოჩნდა, რომ შენობა არის ავარიული, დაბზარულია კედლები, დაზიანებულია ჭერი და იატაკი. არ არსებობს ხანძარსაწინააღმდეგო, ცენტრალური გათბობის, გამწოვი ვენტილაციის ან ჰაერის კონდიცირებისა და დაცვის სისტემა. შეუძლებელია შენობის სათანადო წესით დასუფთავება, რაც საფრთხეს უქმნის სამუზეუმო ექსპონატებს.

 

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, უჩა ნანუაშვილმა ონში ვიზიტის დროს მოინახულა მუზეუმის შენობა. მას მიაჩნია, რომ ონის მხარეთმცოდნეობის (ისტორიულ) მუზეუმში დაცული ექსპონატები არა მარტო რაჭა-ლეჩხუმის მხარის, არამედ მთელი ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ თვითმყოფადობას, კულტურულ მემკვიდრეობას და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს წარმოადგენს. და მისი სრული მრავალფეროვნებით დაცვა, საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებიდან გამოდინარე, როგორც თითოეული მოქალაქის, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს.

 

ონის მხრეთმცოდნეობის მუზეუმი 1937 წელს დაარსდა, ის 15 ათას ექსპონატს ინახავს. მუზეუმის ინფორმაციით, დაცული არქეოლოგიური მასალა მოიცავს ქვეყნის ისტორიულ-კულტურული განვითარების სხვადასხვა პერიოდს (ქვის ხანიდან გვიანფეოდალური ხანის ჩათვლით).

 

ექსპონატთა უმრავლესობა განეკუთნება ბრინჯაოს პერიოდს. მათ შორისაა ბრინჯაოს ცხვრის ქანდაკება, ჭვირული ასტრალური ბალთები, ხარის საბუზარები, ქალის სამკაულები, საბრძოლო და შრომის იარაღის სეგმენტები; X-XI ს-ის წმ. გიორგისა და წმ. სამების ეკლესიების არქიტექტურული დეტალები და რელიეფის ფრაგმენტები, X-XIV სს-ის ფულის ნიშნები, XIX ს-ის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, ხელნაწერი და ბეჭდური წიგნები, XX ს-ის ცნობილი ქართველი მხატვრების: უჩა ჯაფარიძს, ვალენტინ შერპილოვის, ვასილ შუხაევის, დავით ნალბანდიანის, სერგო ჩახოიანცის და სხვების ფერწერული ტილოები.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი