“თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი გახდა აკადემიის რესტავრაციის ერთგვარი ინსპირატორი. ამდენი წლის მანძილზე ქართული არქიტექტურის ისეთ მაგალითს, როგორიც ეს ძეგლია, ჯერ ასეთი ბედნიერება არ ღირსებია,” – აცხადებს თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი.
პროექტის ავტორები არიან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტები: სალომე თოთლაძე, ლელა ელოშვილი და ლაშა დევდარიანი.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტი თებერვლის თვეში ლონდონის 2015 წლის საერთაშორისო მოდის შოუქეიზზე წარსდგა, სადაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა. შოუქეიზის ორგანიზატორების მიერ გამოცემული კატალოგის გარეკანსა და შოუქეიზის პოსტერებზე ქართველი დიზაინერის, ლაშა დევდარიანის პროექტის გამოსახულება მოხვდა.
“შოუქეიზზე გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი. მივიღე შემოთავაზება დევიდ კომასგან, მას სურს, რომ ვიყო მისი მხატვარ-ილუსტრატორი. რაც ჩემთვის, როგორც დამწყები დიზაინერისათვის, დიდი წარმატებაა,” – ამბობს პროექტის თანაავტორი სალომე თოთლაძე.
პრეზენტაციაზე დიზაინერმა გიორგი შაღაშვილმა პროექტისათვის შექმნილი ფილმი უჩვენა, რომელშიც დიზაინერთა არტ-ფეშენ ნაშრომები იყო განხილული.
ლონდონის საერთაშორისო მოდის შოუქეიზი ბრიტანეთის საბჭოსა და ბრიტანეთის მოდის საბჭოს ორგანიზებით უკვე მეოთხე წელია იმართება. თბილისის სამხატვრო აკადემია შოუქეიზის ოფიციალური პარტნიორი გახდა.
პრეზენტაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი, პროექტის კურატორი მაკა ბახტაძე და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.