კამპანია სოციალური მედიის მეშვეობით მიმდინარეობს ჰაშთაგით #50dollarsnot50shades, რაც გულისხმობს, რომ 50 დოლარი (ეს თანხა ჯდება საშუალოდ კინოს ბილეთი + პოპ-კორნი და სასმელი) უკეთესია იმ თავშესაფრებს გადაურიცხონ, რომლებიც ძალადობის და შეურაცხყოფის მსხვერპლ ქალებს ეხმარებიან.
აქტივისტები ხაზს უსვამენ მთავარი გმირის – ანასტასია სტილის მდგომარეობას, რომელსაც, მათი მოსაზრებით, შეურაცხყოფენ. “გრეის 50 ელფერი” ბრიტანელი ავტორის ე. ლ. ჯეიმსის ტრილოგიის პირველი წიგნის ეკრანიზაციაა. ფილმში ასახული კრისტიან გრეისა და ანასტასია სთილის ურთიერთობა. კინოსურათის პრემიერა “ბერლინალეზე” უნდა გაიმართოს. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვალენტინობისთვისაა დაგეგმილი და მას საქართველოს კინოთეატრებშიც აჩვენებენ 12 თებერვლიდან.
“ფული, რომელიც თქვენ უნდა დახარჯოთ კინოს ბილეთში, პოპკორნში ან სასმელში უნდა გადაიხადოთ, დაეხმარება იმ ქალებს, რომლებიც შეურაცხყოფის მსხვერპლად იქცნენ იმ ურთიერთობების შედეგად, რაც ფილმში შელამაზებულია, ჰოლივუდს არ სჭირდება თქვენი ფული, ამ ქალებს კი ის დაეხმარება”, – აცხადებენ კამპანიის ინიციატორები.
#50dollarsnot50shades კამპანიაში რამდენიმე ორგანიზაციაა გაერთიანებული, მათ შორისაა, სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვის ამერიკის ეროვნული ცენტრი, ორგანიზაცია შეაჩერე პორნოკულტურა, Antipornography.org და სხვა.
“რეალური ქალები არ ამთავრებენ ურთიერთობებს ანასტასიას მსგავსად, ისინი ან კვდებიან, ან იდევნებიან წლების მანძილზე”, – აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები “ვაშინგტონ ტაიმსთან” საუბრისას.
ფილმის რეჟისორმა ტეილორ ჯონსონმა “გარდიანთან” საუბრისას აღნიშნა, რომ მან მთავარი გმირების ურთიერთობა დაბალანსებული გზით აღწერა. მისივე თქმით, მან სადო-მაზოხისტური სექსის (BDSM) კულტურა გამოიკვლია:
“BDSM ეს შემოსაზღვრული სექსუალური გარემოა. აქ არის წესები და დიახ, ფილმში არის პორნოგრაფიული სცენები, მაგრამ არ მაქვს განცდა, რომ ზღვარს გადავედით”.
“გრეის 50 ელფერის” მიმართ კინოინდუსტრიაში დიდი მოლოდინი არსებობს. წინასწარი გათვლებით, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერის კვირის განმავლობაში შემოსავლები 60 მილიონი უნდა იყოს. თავად წიგნი 50 ენაზე ითარგმნა, მათ შორის ქართულადაც. მსოფლიოში წიგნის 100 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.
ფილმში სექსის სცენების საერთო დრო, ჯამში, 20 წუთია, ეს საერთო ქრონომეტრაჟის 1/6-ია, რაც სურათს ბოლო პერიოდის მეინსტრიმული ფილმების ყველაზე სექსუალური სცენებით დატვირთულ ნამუშევრად აქცევს.
ბრიტანეთის ფილმების კლასიფიკაციის საბჭომ ფილმს 18+ ასაკობრივი შეზღუდვა მიანიჭა. საბჭოს გადაწყვეტილებით, ფილმში ბევრი სიშიშვლე და სადო-მაზოხისტური სექსუალური სცენებია ასახული. ამერიკაში კი მას 17 წელზე პატარა მაყურებლები ვერ ნახავენ.
ფილმის ჩვენება აკრძალა მალაიზიამ, სადაც პრემიერა 12 თებერვალს უნდა გამართულიყო. ფილმების ცენზურის საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წიგნის ადაპტაცია უფრო პორნოგრაფიაა, ვიდრე – ფილმი.
“საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რადგან მიიჩნიეს, რომ სექსუალური სცენები არ ასახავს ბუნებრივ ურთიერთობებს, მათი შინაარსი სადისტურია, სადაც ქალი მიბმული და გამათრახებულია,”- ამბობს ის.