მუდმივად განვითარებადი სცენარი, სიღრმისეულად დანახული პერსონაჟები, სეზონის დამაინტრიგებელი დასასრული – ეს არის ის კრიტერიემები, რითაც გამოარჩევენ “ნეტგაზეთთან” საუბარში მაყურებლები ამერიკულ და ბრიტანული სერიალებს.
“ტაბულას” კინომიმომხილველი ნიკა ესებუა ამბობს, რომ ამერიკული სერიალების მზარდ პოპულარობას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ეს 1990-იან წლებში სწორედ საკაბელო ტელევიზიების აღზევებას უკავშირდება:
“სოპრანოს კლანის”, “სექსი დიდ ქალაქში” და “ოზის” გამოჩენამ სერიალების სამყარო შეცვალა. დიდმა ტელეკომპანიებმა დაინახეს, რომ თუ მაყურებლის ეკრანებთან მიყვანა სურდათ, ამისათვის უფრო რეალისტური შოუები და უფრო მაღალი დონის არტისტების დასაქმება იყო საჭირო. შედეგად 21-ე საუკუნის დასაწყისში “დაკარგულები” და “ექიმი ჰაუსი” გაჩნდა”.
ნიკა ესებუას თქმით, სულ უფრო მეტმა დიდმა რეჟისორმა და მსახიობმა გადაინაცვლა დიდიდან მცირე ეკრანზე:
“სერიალი სულ უფრო ემსგავსება კინოს. დენი ბოილი, მარტინ სკორსეზე, დევიდ ფინჩერი, გილერმო დელ ტორო, სტივენ სოდერბერგი – იმ რეჟისორების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც ესა თუ ის სატელევიზიო შოუ შექმნეს ან მომავალში აპირებენ”.
სერიალების ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან კომპანიად HBO ითვლება თუმცა, უკვე ერთმანეთზე უფრო წარმატებულ სატელევიზიო შოუებს ქმნის Showtimes, BBC AMC და სხვა.
“ნეტგაზეთმა” ჩაატარა გამოკითხვა იმის გამოსავლენად, თუ რომელი ამერიკული და ბრიტანული სერიალი იმსახურებს ყველაზე მეტად მოწონებას საქართველოში. გამოკითხვაში მონაწილეობა ამ დროისთვის 336-მა ადამიანმა მიიღო. (გამოკითხვა კვლავ გრძელდება და მონაცემები შეიძლება შეიცვალოს) შედეგად გამოვლინდა სამი სერიალი, რომელიც ყველაზე მეტად მოწონთ საქართველოში. პირველ ადგილზეა “სამეფო კარის თამაშები”, რომელმაც 62 ხმა მოაგროვა, მეორე ადგილზეა “შერლოკი”, რომელიც “სამეფო კარის თამაშებს” მხოლოდ ერთი ხმით ჩამორჩა, ხოლო მესამე ადგილი სერიალს “სამშობლო” ერგო 41 ხმით. გთავაზობთ აღნიშნული სერიალების მოკლე მიმოხილვას:
სამეფო კარის თამაშები/Game of thrones
“სამეფო კარის თამაშები” ჯორჯ მარტინის ნაწარმოების ეკრანიზაციაა. სერიალში 9 ოჯახი მითიურ მიწა ვესტეროსზე კონტროლის მოსაპოვებლად სრულმასშტაბიან ომში არიან ჩართული.
თითოეულ ოჯახს თავისი სლოგანი აქვს. მაგალითად, ლანისტერების ოჯახის სლოგანია “ლანისტერები ვალში არავის რჩებიან”, თუმცა სტარკების ოჯახის დევიზი – “ზამთარი ახლოვდება” მთელი სერიალის თაგლაინად იქცა. დღეს უკვე სერიალის გულშემატკივრები ამ ფრაზას სხვადასხვა კონტექსტში იყენებენ, თუმცა, როგორც წესი, ზამთრის მოახლოეება განსაცდელის დადგომას მოასწავებს.
სერიალის კიდევ ერთი სლოგანია სიტყვები – “all men must die” (ყველა უნდა მოკვდეს), რომელსაც სერიალის შემქმნელები ზედმიწევნით ასრულებენ, GOT-ის თაყვანისმცემლებს თითქმის ყოველ ახალ სერიასთან ერთად საყვარელი პერსონაჟები ხელიდან ეცლებათ.
ზურა ნიკოლაძე ყველა იმ მახასიათებელს ასახელებს “სამეფო კარის თამაშებზე” (GOT) საუბრისას, რამაც სერიალების პოპულარობა შეუქცევად პროცესად აქცია:
“GOT-ში მოვლენების პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია (ყოველ შემთხვევაში მათთვის მაინც, ვისაც მარტინის წიგნი არ აქვს წაკითხული)… არავინ იცის, ვინ არის მთავარი გმირი, ვინ მოკვდება და ასე შემდეგ. სიკეთე და ბოროტებაც საკმაოდ პირობითი მცნებებია, რადგან “კეთილი” და “ბოროტი” პერსონაჟების სახეები ხშირად რადიკალურად იცვლება. ბევრი პოლიტიკა, ორიგინალური პერსონაჟები, მისტიკა, მოულოდნელობის ეფექტი, სექსი და, რაც მთავარია, საინტერესო ამბავი – სხვა რა უნდა უნდოდეს მაყურებელს კარგი სერიალისგან?”
სერიალის ბოლო სეზონში მოვლენები ტირიონ ლანისტერის ირგვლივ ვითარდება. ბოლო სეზონში მისი ბედი, წინა სეზონებთან შედარებით, რადიკალურად შეიცვალა. სწორედ ამ პერსონაჟთან დაკავშირებულ შეკითხვაზე – “გაუჭირდა თუ არა ავტორს ყველასათვის საყვარელი პერსონაჟის, ტირიონის მდგომარეობის რადიკალურად შეცვლა”, ჯორჯ მარტინი პასუხობს:
“თუ პერსონაჟი ყოველ ნაბიჯზე წარმატებას აღწევს, აღმოჩნდება, რომ ისტორიას ვეღარ აგრძელებ, მე მგონია, ავტორი ყოველთვის უსვამს თავს შეკითხვას – რა იქნება შემდეგში?”
იმას, თუ რა იქნება შემდეგ, “სამეფო კარის თამაშების” გულშემატკივრები 2014 წლის ივნისის შემდგ ელიან. სერიალის ახალ, მეხუთე სეზონს კი 2015 წლის აპრილისთვის ელოდებიან.
სერ არტურ კონან დოილის მიერ შექმნილი პერსონაჟის არაერთი ეკრანიზაციის შემდეგ, BBC-მ 2010 წელს გადაწყვიტა შერლოკ ჰოლმსისა და ექიმი უოტსონის თავგადასავლების შესახებ სერიალი გადაეღო. იმისათვის, რომ BBC-მ სერიალის შექმნა გააგრძელოს, მაყურებლების რაოდენობა წინა სეზონთან შედარებით გარკვეული პროცენტით უნდა გაუმჯობესდეს. “შერლოკის” ბოლო სეზონის პირველ სერიას კი 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. ეს მონაცემი სერიალის სცენარისტის, მარკ გატისის შეფასებით, ამაღელვებელია.
“შერლოკის” პოპულარობის პირდაპირპროპორციულია პერსონაჟის შემსრულებლის ბენედიქტ ქამბერბაჩის პოპულარობის ზრდა. ბრიტანელ მსახიობს, რომელიც მანამდე მხოლოდ თეატრში თამაშობდა, ხოლო ფილმებში ეპიზოდურ ან მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა, ჰოლივუდში გზა გაეხსნა. დღეს “შერლოკის” თაყვანისმცემლებს სწორედ მსახიობის გადატვირთული დღის წესრიგის გამო უწევთ მინიმუმ ორი წლით ახალი სეზონისთვის დალოდება.
ამ დროისთვის მხოლოდ სამი სეზონია გადაღებული, თითოეულში 3 სერიაა და მათი საშუალო ქრონომეტრაჟი 1 საათი და 30 წუთია. პერსონაჟები თითქმის უცვლელია. სერიალის შემქმნელებმა ახლი პერსონაჟის სახით მოლი ჰუპერი დაამატეს, რომელსაც შერლოკი ცალმხრივად უყვარს, თავად შერლოკისთვის კი მოლი ძვირფასი და სანდო ადამიანია.
21- ე საუკუნის შერლოკი კვლავ ბეიკერ სტრიტზე ცხოვრობს, ექიმი უოტსონი მისი და შერლოკის თავგადასავლებზე ჩანაწერების ნაცვლად ბლოგს წერს, შერლოკ ჰოლმსი კი თავის თავს სოციოპათად ახასიათებს, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსაძიებელი საქმეა. წარმოდგენა არ აქვს, როგორაა მზის სისტემა მოწყობილი და არ ესმის, რაში სჭირდება ამის ცოდნა.
“განახლებული შერლოკი უმთავრესად იმიტომ არის საინტერესო, რომ ბენედიქტს ქამბერბაჩი უზადოდ თამაშობს ჰოლმსს, ასევე, შეიცავს ისეთი კუთხით დანახულ ინგლისურ იუმორს, როგორიც მხოლოდ ინგლისელმა შეიძლება შექმნას. სწორედ აქ არის მთავარი განსხვავება ამერიკულ ან სხვა ვერსიებსა და BBC-ს ვერსიას შორის, მისის ჰადსონი და მისი ლეგენდარული ფრაზა: „Sherlock! What have you done to my bloody wall” – ამის გახსენებაზე დღემდე ძალიან მეცინება. რაღა თქმა უნდა, ენდრიუ სკოტი უნდა გამოვყო, რომელიც უზადოდ თამაშობს მორიარტის, მისი გმირის ფრაზებიდან დღემდე მიყვარს: „aren’t ordinary people adorable?” რაღა თქმა უნდა, მარკ გატისის მაიკროფტი და მისი და შერლოკის ყველა დიალოგი. სპეციალურად არ აღვნიშნავ უოტსონის როლს,” – ამბობს იურისტი ივანე აბაშიძე, რომელმაც სერიალის ყურება შემთხვევით დაიწყო.
ექიმი უოტსონის პერსონაჟის როლი შერლოკის თავგადასავლების ამოხსნაში მინიმალურია, “ვერ გავიგე” – ამ ორ სიტყვას იგი იმდენად ხშირად იყენებს, რომ სერიალის ერთ-ერთი გმირი ჩარლზ მაგნუსენი ექიმს ირონიულად ეუბნება, რომ ეს სიტყვები მაისურზე უნდა დაიწეროს, თუმცა უოტსონის მნიშვნელობა სერილის პირველივე სერიიდან ჩანს, მაშინ, როდესაც ექიმი ახალგაცნობილ შერლოკს აკვირდება, მისი უხეშობით გაკვირვებული ლესტრეიდს ეკითხება, თუ რატომ უთმენს ჰოლმსს ამდენს, ლესტრეიდი კი პასუხობს, რომ შერლოკ ჰოლმსი დიდებული ადამიანია, მაგრამ თუ გაუამართლებთ, შესაძლოა, ის კარგი ადამიანიც გახდეს.
სწორედ ეს გამართლებაა ჯონ უოტსონი და მისი როლი შერლოკის გმირის განვითარებაში. როგორც თავად შერლოკი ამბობს:
“მე ამოვხსნი თქვენი მკვლელობის საიდუმლოს, მაგრამ ჯონ უოტსონი გადაარჩენს თქვენს სიცოცხლეს. მენდეთ, ეს ზუსტად ვიცი, მან ჩემი სიცოცხლე ბევრჯერ, სხვადასხვა ფორმით იხსნა”.
ლიტერატურული ნაწარმოების მსგავსად, შერლოკის მთავარი მოწინააღმდეგე სერიალშიც მორიარტია. მსახიობ ენდრიუ სკოტის მიერ შესრულებული მორიარტი მნიშვნელოვნად განსხვავდება პერსონაჟის ორიგინალი ვერსიისგან.
“კონან დოილის მიერ შექმნილი მორიარტის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის ძალიან წარმატებულია, იმდენად, რომ ყველა ბოროტი გმირი მას ჰგავს, მასსავით საუბრობს. თავმომწონედ, ამაყად. ამის კიდევ ერთხელ გაკეთება კლიშე იქნებოდა. ამიტომ მე და მარკ გატისმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა მართლაც შეშლილი, საშიში, არაპროგნოზირებადი მორიარტი,” – ამბობს სტივენ მოფატი, სერილის ერთ-ერთი სცენარისტი.
ივანე აბაშიძეს იმდენად მოსწონს “ბიბისისეული” შერლოკი, რომ დეტექტივის ეკრანიზაციის ძველ ვერსიებს სერიოზულად ვეღარ აღიქვამს:
“ახალ შერლოკში არაფერს შევცვლიდი, გარდა იმისა, რომ უფრო მეტ სერიას გადავიღებდი, თუმცა ალბათ უნდა შევეგუოთ ბედს, ახლა ხომ მაჰათმა განდის დაგუგვლისასაც ჩვენი ბენედიქტი იძებნება”.
მისივე თქმით, სერიალი რამდენიმე მიზეზითაა მაყურებლისთვის საინტერესო და მიმზიდველი:
“არ არის აუცილებელი, თანამედროვე სოციალურ პრობლემატიკას ეხებოდეს შერლოკი, რომ საყურებლად საინტერესო იყოს. თუმცა ყველას, ვისაც ნანახი არ აქვს, მოკლედ ავუხსნი, რომ უნიკალური storyline და ისტორიების ინტერპრეტაცია, უზადო ინგლისური იუმორი და თანამედროვეობასთან შეხამებული ვიქტორიანული გარემო, ის მთავარი მომენტებია, რომლებიც ფილმს მსახიობებთან ერთად საინტერესოს ხდის. ლონდონი ხომ ზოგადად იმით გამოირჩევა, რომ XXI საუკუნეშიც შეგიძლია სრულიად განიცადო ვიქტორიანული ინგლისის სიდიადე”.
სერიალი ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პოლიტიკას და ბრძოლის მეთოდებს აღწერს ტერორიზმის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც 2001 წელს 9/11 ტერაქტი მოხდა.
ამერიკელ ჯარისკაც ნიკოლას ბროუდის, რომელიც ერაყის ომში დაკარგულად ითვლება, 8 წლის შემდეგ პოულობენ და იგი სამშობლოში ბრუნდება. ბროუდი ნამდვილი მისწრებაა პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის, კონკრეტულად კი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისთვის, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. სამშობლოში დაბრუნებული ნიკოლას ბროუდის გმირად ქცევის თანმიმდევრული პროცესი იწყება, მაშინ, როდესაც ბინ ლადენი განეიტრალებულია და საზოგადოებაშიც ტერორიზმის საფრთხე აქტუალობას დღითიდღე კარგავს, ვიცეპრეზიდენტი ბროუდის კონგრესმენობას შეთავაზებს. როგორც თავადვე ამბობს, არა იმ ადამაინს, რომელსაც ამერიკის მთავარი მტრის შესახებ უბრალოდ გაგონილი აქვს, არამედ მას, ვინც იცნობს და უშუალოდ შეხვედრია მტრებს.
ამ ვითარებაში ცენტრალურ სადაზვერვო საგენტოში მხოლოდ ერთი ადამიანია, ვისაც ბროუდის არ სჯერა და ის ტერორისტებთან შეკრული ჰგონია. კერი მეტისონი ოპერატიული მუშაკია, რომელიც ბიპოლარული აშლილობით იტანჯება. ბროუდისადმი ამბივალენტური დამოკიდებულების გამო მეტისონს სამსახურსაც ატოვებინებენ. სერიალის პირველი სამი სეზონი ტერორიზმის საკითხის პოლიტიზაციის, ბროუდის მოტივაციის, მისი გადმობირების, გადარჩენის პერსპექტივის გარეშე დარჩენილი მთავარი გმირის ისტორიაა.
“პირველ რიგში, ისეთ თემას ეხება, რომელსაც ადამიანი გულგრილი ვერ ჩაუვლის, რომელიც უნივერსალურია, რომელიც ხშირად კლიშედაც და პროპაგანდის ნაწილად არის ქცეული – ტერორიზმთან ბრძოლა”, – ამბობს თიკო ცერცვაძე, რომელიც სერილიას ერთ-ერთი გულშემატკივარია.
სერიალის ბოლო სეზონი მთლიანად პაკისტანში ვითარდება. თიკო ამბობს, რომ ბოლო სეზონი თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა:
“ბოლო სეზონი, ჩემი აზრით, ამ ძალიან დიდი და კომპლექსული თემის საინტერესო ანალიზს გვთავაზობს, რომელიც დრამატურგიულად და სცენობრივად უზადოდაა აწყობილი. ზოგადად, გმირები და პერსონაჟები სიღრმისეულად არიან წარმოდგენილნი, ყველა სერიაში თითოეული გმირი ვითარდება, მისი ისტორია ღრმავდება, სერიალი გიჩენს ამბივალენტურ განცდას ამ თემის მიმართ, ეს ამბივალენტურობა მეოთხე სეზონში იფანტება და ყველაფერი თითქოსდა ჰარმონიულად მთავრდება, მაგრამ ეს მოულოდნელობები და უცაბედი აფეთქებები, ზღვარის თითქმის გადალახვა (შვილის არსიყვარულის ტაბუ, მცირეწლოვანთან სექსუალური ურთიერთობა, ქერის შემაშინებელი უკომპრომისობა) უფრო ამძაფრებს სერიალს.”
“სამშობლო” თანამედროვეობას ფეხდაფეხ მიჰყვება, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ წინ უსწრებს მოვლენებს. სერიალის ბოლო სეზონის გამოსვლა ამერიკის სენატის მიერ სააგენტოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის განხილვებს დაემთხვა. სენატის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ CIA ტერორიზმთან ბრძოლის საშუალებად ისეთ მეთოდებს იყენებს, როგორიც წამებაა, ამერიკის ბრძოლის ტაქტიკა თითქმის ზუსტადაა ნაჩვენები სერიალში. ამ პოლიტიკას, როგორც წესი, ცინიკურს უწოდებენ. სერილიას გმირი, ვიცეპრეზიდენტი მისივე ბრძანების გასასამართლებლად, რომლის შედეგადაც მედრესი ააფეთქეს და 80 ბავშვი დაიღუპა, ამბობს:
“თუ აბუ ნაზირი [ტერორისტი] გადაწყვეტს, რომ ბავშვებს შორის დაიმალოს, ამ ბავშვების სიკვდილი მის კისერზეა და არ ჩვენსაზე”.
ამ დილემების საჩვენებლად თავად სერიალის შემქმნელებიც აწყობენ გამოკითხვებს სოციალური ქსელის მეშვეობით. გამოკითხვების უმეტესობა აჩვენებს, რომ უკომპრომისო ბრძოლის მეთოდებს სერიალის მაყურებლები მეტწილად ამართლებენ.
XXX
ზემოთ ჩამოთვლილი სერიალების გარდა, გამოკითხვაში დასახელდა შემდეგი სერიალები – “True Detective”, “Newsroom”, “Walking Dead” “Breaking Bad”, “24”, “House of Cards”,“The West Wing”, “Fargo”, “Sopranos”, “The Big Bang Theory”, “American Horror Story”, “Scandal”, “Mentalist” და სხვები.