“აღმოაჩინე ელიავა” გრძელვადიანი პროექტია, რომელიც 2012 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. პროექტი მიზნად ისახავს ხელოვანების დახმარებით საზოგადოების ყურადღების მიქცევას გარემოზე უარყოფითი გავლენის შესამცირებლად, მისი დაცვისა და რესურსების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობებისკენ, საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფებს შორის დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების პროცესის ხელშეწყობისკენ.
პროექტი გულისხმობს არსებული მდგომარეობის მიმართ ყურადღების კრეატიული და ინოვაციური მეთოდებით გამახვილებას, საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას და პრობლემის გადაწყვეტის არატრადიციული გზების შეთავაზებას.
პროექტი 6 ხელოვანს გააერთიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან. “აღმოაჩინე ელიავას” პირველ ეტაპზე ბაზრობაზე, ჯიხურ 156-ში საქართველოში მცხოვრები ავსტრიელი კატარინა შტადლერი და ალბანელი დონიკა ჩინა მუშაობდნენ.
“ჩვენი სამუშაო ადგილია ელიავას ბაზრობის მანქანების ნაწილების განყოფილება ტერიტორია, რომელიც გარედან თბილისის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის დაბინძურებულ, ქაოტურ და დაბალი სტანდარტის მქონე სივრცესთან ასოცირდება. ამ ადგილის შეფასებისას მასში ხშირად იმას ხედავენ, რაც ის არ არის. მას არ აღიქვამენ სივრცედ, რომელსაც სინამდვილეში წარმოადგენს.
ადგილის რიტმს რუტინული სამუშაო საათები, არსებული სივრცე, თავად გამყიდველებს და შესაძლო მყიდველებს შორის არსებული ურთიერთობები განსაზღვრავს. ერთი შეხედვით ეს ციკლი მხოლოდ ფულის გარშემოა კონცენტრირებული, რაც ბაზრობას, როგორც ასეთს, ფინანსური ურთიერთობების ადგილად აქცევს. მაგრამ უფრო ყურადღებით დაკვირვებისას ხილული ხდება ბაზრობის ცხოვრების სხვა ასპექტიც: გასაყიდი ნივთები, ისევე, როგორც ზოგადად ინფრასტრუქტურა, უმეტესად მეორადი პროდუქციისგან, ნარჩენებისა და გადაყრილი ნივთებისგანაა შექმნილი
მასალების გადამუშავება ემყარება არა მხოლოდ იმპროვიზაციის პრინციპს, არამედ ითვალისწინებს შეზღუდულ პირობებში მუშაობის შესაძლებლობების ცოდნასაც,” -ამბობენ კონფექციის ავტორები.
პროექტი “აღმოაჩინე ელიავა” წარმოადგენს გეოეარის და კულტურისა და მენეჯმენტის კოლაბორაციას, რომელიც ხორციელდება GALA (Green Art Lab Alliance) ფარგლებში ევროკავშირის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით.
“აღმოაჩინე ელიავა” 2014 წელს დონიკასა და კატერინას გარდა კიდევ 4 სხვა ხელოვანს უმასპინძლებს. მათგან ორი, პოლონელი იზაბელა როგუცკა და ქართველი გიორგი მაღრაძე უკვე მუშაობენ ერთობლივ პროექტზე და მათი გამოფენა 16 ივნისს გაიმართება.