ხელოვნება

ქუჩის მუსიკის ფესტივალი თბილისში [VIDEO]

31 მაისი, 2014 •
ქუჩის მუსიკის ფესტივალი თბილისში [VIDEO]

ქუჩის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დღეს, 31 მაისს, 13:00–ზე დაიწყო და საღამოს 21:00 საათამდე გაგრძელდება. რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებულია სამი ძირითადი სცენა სხვადასხვა მიმდინარეობის შემსრულებლებისთვის. თუმცა მუსიკალური ბენდები და ინდივიდუალური შემსრულებლები  ქუჩაში ტროტუარებზეც უკრავენ. 


ფესტივალის ორგანიზატორის, ახალგაზრდული ორგანიზაცია “დრონის” წარმომადგენელთა განცხადებით, ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში ქუჩის მისიკის კულტურის დანერგვას და ამ მუსიკის პოპულარიზაციას. ღონისძიების ფარგლებში ტარდება ასევე საქველმოქმედო აქცია იმ მოხუცთა დასახმარებლად, რომელთაც მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება.

 

“ეს არის დიდებული ფესტივალი მუსიკოსებისათვის, იმათთვის, ვინც უკრავს, მღერის, ქმნის ნებისმიერი ჟანრის კომპოზიციას. ეს არის უბრალოდ სასიამოვნო დღე მუსიკის მოყვარულთათვის, რომელთაც შეეძლებათ მაისის ერთი თბილი დღის განმავლობაში თვალი ადევნონ, მოუსმინონ, დატკბნენ მუსიკის ჰანგებით”, – ამბობენ ორგანიზატორები.



ღონისძიებაში მონაწილეობს 600–მდე მუსიკოსი, მათ შორის 90–მდე ქართული მუსიკალური ჯგუფი, 50–მდე სოლო-შემსრულებელი და მუსიკალური ორკესტრები. ფესტივალში ჩართულები არიან მუსიკოსები ლიტვიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

 

ქუჩის მუსიკის დღე პირველად ლიტვაში ჩატარდა 2007 წელს, რომელიც ყოველწლიური ფესტივალი გახდა. მისი დამფუძნებელია იყო ლიტველი მუსიკოსი ანდრიუს მამონტოვასი. ყოველ წელს, მაისის ერთ დღეს ყველა მუსიკოსი და შემსრულებელი იკავებს სხვადასხვა ქალაქს, გამოდის ქუჩაში და უკრავს მუსიკას.

 

ფესტივალი 2007 წელს პირველად ვილნიუსში ჩატარდა, 2009 წელს ფესტივალმა მთელი ლიტვა მოიცვა და ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო მასში. საბოლოოდ 5000-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა ფესტივალში. ლიტვის ინიციატივას ევროპის სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. 2012 წელს ქუჩის მუსიკის დღე პირველად გაიმართა საქართველოში.

ქუჩის მუსიკის ფესტივალი თბილისში, 31 მაისი, 2014/ ფოტო: ნეტგაეზთი/მაკა მაჭავარიანი
ქუჩის მუსიკის ფესტივალი თბილისში, 31 მაისი, 2014/ ფოტო: ნეტგაეზთი/მაკა მაჭავარიანი




მასალების გადაბეჭდვის წესი