თბილისის მოდის კვირეულის ძირითად პროგრამაში 20-მდე ქართველი დიზაინერის ჩვენება მოეწყობა: ავთანდილი, ატელიე მატერია, დათუნა სულიკაშვილი, გიორგი შაღაშვილი, გოლა დამიან (დალოოდ ჯგუფი), ატელიე კიკალა, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, თეონა გარდაფხაძე, სალომე ამანათიშვილი.
მოდის კვირეულზე წელს ახალი სახელებიც გამოჩნდებიან- წინა წლის საუკეთესო დამწყები დიზაინერი მარიამ მახარაძე, მარიამ გვასალია, MACH & MACH და დიანა ქვარიანი.
თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორების განცხადებით, კვირეულის ფარგლებში ჩატარდება დამწყებ დიზაინერთა კონკურსი, რომლის ჟიურიში იქნებიან უცხოელი სტუმრები: იტალიელი მოდის კონსულტანტი ჯანი ფონტანა და სერენა ტოფეტი, რომლებიც გამარჯვებულ ნიუქამერს სპეციალური პრიზით დააჯილდოვებენ. კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება მასტერკლასები, მათზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, განსაკუთრებით სახელოვნებო უნივერსიტეტებიდან.
წელს თბილისის მოდის კვირეულს საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დააკვირდებიან და გააშუქებენ: L’officiel, Style Du Monde, Buro 24/7, Vogue Russia, Fashion Collection, NARGIS Magazine და Esquire (USA).

6 მაისს თბილისის მოდის კვირეულის გახსნის წვეულების ოფიციალური მასპინძელია MOET CHANDON, ხოლო მოდის კვირეულის არაფორმალურ საღამოებს უმასპინძლებენ ლაუნჯი „ქალაქური“, რესტორანი „მრგვალი ბაღი“, კაფე „აკადემია“ და „ბოჰემა“. მოდის კვირეულის სპონსორის, კომპანია „ორიფლეიმის“ საპატიო სტუმარი თბილისს მხოლოდ ერთი დღით, 7 მაისს ეწვევა. იონას ვრამელი ჩაატარებს THE ONE-ის პროდუქციის პრეზენტაციას და 7 მაისს გამართულ ჩვენებებს დაესწრება.
კვირეულის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ წლევანდელ ღონისძიებას ბლოგის სახით თავისი დღიურები ექნება, რომლის ავტორებიც არიან Kate’s Cool Attitude. დღიურებში განთავსდება ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალა, ბლიცინტერვიუები და ჩვენებების შეფასებები, სტუმრების კომენტარები, სხვადასხვა საინტერესო და, რაც მთავარია, ექსკლუზიური მასალა.
