ხელოვნება

მერიამ “პანორამა თბილისის” პროექტის დოკუმენტაცია დაიწუნა

7 აპრილი, 2014 • • 2297
მერიამ “პანორამა თბილისის” პროექტის დოკუმენტაცია დაიწუნა

სხდომა სასტუმროში “Holiday Inn”-ში გაიმართა. მას თბილისის მერიისა და ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, არქიტეტორები, ურბანისტები, კულტურული მემკვიდრეობის დამცველი ორგანიზაციები და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები დაესწრნენ.

სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სოლოლაკის მაღლობზე უნდა აშენდეს ბაღი და სასტუმრო. თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, მათ მერიაში შეიტანეს საპროექტო ტერიტორიის საკადასტრო გეგმა, ტოპოგეგმა და ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა.

თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენელმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, ისინი მოელოდნენ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნებოდა ქალაქგეგმარებითი განაშენიანების რეგულირების შესახებ და კომისია მათ მისცემდა რეკომედაციებსა და შენიშვნებს, თუ რა მამართულებით, რა დამატებითი დოკუმენტაცია იქნებოდა საჭრო.  

კომისიის წევრები დაინტერესდნენ, რამდენად მოთხოვნადია ასეთი ფართობის მშენებლობა და განვითარება. კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ წარმოდგენილი მასალა არ იყო საკმარისი.

 

“განაშენიანების გეგმა რომ მოგვცეთ, უნდა იყოს მეტი კვლევა,”- განაცხადა აბესაძემ.

იგი დაინტერესდა იმით, თანაინვესტირების ფონდმა თუ ჩაატარა კვლევა ავტოსადგომებთან დაკავშირებით, რამდენად გაიზრდება ავტომანქანების ნაკადი და მის მიერ შემოთავაზებული ავტოსადგომები რამდენად განმუხტავს საცობებს. აბესაძე ასევე დაინტერესდა იმით, თუ როგორი იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასება მაშინ, როცა სოლოლაკის ქედზე მიმდინარე მშენებლობის დროს მოიჭრება გრუნტი.

კომისიის წევრების შემდეგ კითხვები დასვეს სხდომაზე მყოფმა მოქალაქეებმა. არქიტექტორი ზურაბ ბაქრაძე დაინტერესდა, თუ რატომ არ ხარჯავს თანაინვესტირების ფონდი სახსრებს თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისთვის, რომლებიც დანგრევის პირასაა.

გიორგი ბაჩიაშვილმა, ფონდის ხელძღვანელმა უპასუხა, რომ ეს არ არის სოციალური პროექტი და ვერც ერთ ინვესტორს ვერ დაავალდებულებს, რომ თანხა დაიხარჯოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის.

ზურაბ ბაქრაძემ კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ თბილისის მერიამ მოაწყო საჯარო განხილვა, რაც წინა წლებში არ ყოფილა. სხდომის მსვლელობის დროს მოქალაქეები ისროდნენ რეპლიკებს, რის გამოც ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ ჯერ კომისიის წევრები და ინვესტორის წარმოადგენლები დაასრულებდნენ თავის გამოსვლას და შემდეგ საზოგადოების წარმომადგენლებს შეეძლებოდათ აზრის გამოთქმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომა მერიაში დახურულ კარს მიღმა გადაინაცვლებდა.

აბესაძის განმარტებამ გამოიწვია უკმაყოფილება და რეპლიკა დარბაზიდან: “საჯარო განხილვაში ჩვენი უფლებაა და ნუ გვამადლით.”

ურბანისტმა ირაკლი ჟვანიამ განაცხადა, რომ “პანორამა თბილისი” არღვევს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონს, როდესაც კულტურული დაცვის ზონაში ცდილობენ განახორციელონ პროექტი და საბაგირომ თავისუფლების მოედანი და ამ ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უნდა გადაკვეთოს. გამოთქვა მოსაზრება, რომ უმჯობესია მოეწყოს ელექროტრანსპორტი.

 

“ტფილისის ჰამქრის” წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ყველა პროექტის დამტკიცების წინ საჭიროა ჩატარდეს ღია არქიტექტურული ტენდერი, რომლის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული პროექტები.

“მივმართავ საკრებულოს და მერიის წამორმომადგენლებს, რადგან არჩევნების წინ ყველა დამთმობია, გაქვთ თუ არა პოლიტიკური ნება, რომ კანონში გაიწეროს, რაც ახლა გაიწეროს, ღია არქიტექტურული ტენდერები ჩატარდეს, რომ არ ვიყოთ ინვესტორის კეთილ ნებაზე, რომ ვინმე ინვესტორის ნებაზე არ ვიყოთ დამოკიდებული.”

შეხვედრის ბოლოს ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ მომავალი კვირის ბოლოს კომისია წერილობით მიაწვდის “თანაინვესტირების ფონდს” იმ შენიშვნებს, რომელიც მას აქვს და ამის შემდეგ დაინიშნება მეორე საჯარო განხილვა,  ამ შეხვედრებს კი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება.

გიორგი ბაჩიაშვილმა, “თანაინვესტირების ფონდის” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ისინი სწორედ შენიშვნების მოსმენას ელოდნენ კომისიისგან და წერილობითი პასუხის მიღების შემდეგ მერიას საჭირო დოკუმენტაციას წარუდგენენ.

 

ფონდის განცხადებით, პროექტი „პანორამა თბილისი“ უპრეცედენტოა იმით, რომ ის ქმნის 4 მრავალფუნქციური კომპლექსის (1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და ერეკლე II-ს მოედანი) ერთობლიობას და აკავშირებს მათ საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით, რაც დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც უზრუნველყოფს კომპლექსებს შორის ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, გარეთ გაუსვლელად გადაადგილებას.

 პროექტის განხორციელების პროცესში კი დასაქმდება 2,000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ოთხივე კომპლექსი შექმნის 1,000-ზე მეტ მუდმივ სამუშაო ადგილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი