თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, არჩვენების პირველ ტურში მონაწილე ვერც ერთმა კანდიდატმა 50% + ერთი ხმა ვერ მიიღო, ამიტომ არჩევნების მეორე ტური 28 მარტს გაიმართება.
არჩევნები ოპერის თეატრში 24 მარტს გაიმართა. ხმის მიცემის უფლებით სარგებლობდა თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი და სამხატვრო ადმინისტრაცია, სულ 368 თანამშრომელი. დავით კინწურაშვილმა 131 ხმა, ხოლო მზია ნიორაძემ 83 ხმა მიიღო.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი 21 თებერვალს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 9 კანდიდატი: გიორგი ბაბუაძე, დავით გველესიანი, თეიმურაზ გუგუშვილი, დავით კინწურაშვილი, რევაზ ლაგვილავა, დავით მუქერია, მზია ნიორაძე, გიორგი ჟორდანია, რევაზ ჭეიშვილი.
20 – 22 მარტს კანდიდატები თეატრის განვითარების შესახებ საკუთარი კონცეფციით წარსდგნენ თეატრის კოლექტივის წინაშე.
კონკურსს საკუთარი ნებასურვილით გამოეთიშა გიორგი ჟორდანია, რომელმაც 22 მარტს მოხსნა თავისი კანდიდატურა. საქართველოში არყოფნის გამო შემოქმედებითი კოლექტივის წინაშე ვერ წარსდგა გიორგი ბაბუაძე, შესაბამისად, მისი კანდიდატურაც გამოეთიშა კონკურსს.
არჩევნებზე, თეატრის ადმინისტრაციის თხოვნით, დამკვირვებლის სტატუსით მოწვეული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” და ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლები.
თბილისის ოპერის თეატრში არჩევნები სამხატვრო ხელმძღვანელის ასარჩევად პირველად გაიმართა. არჩევნების დანიშვნამდე ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების დიდი ნაწილი თეატრის სამხატვრო ხემძღვანელ გიორგი ჟორდანიას დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ჟორდანიამ თანანდებობა 2014 წლის 14 იანვარს დატოვა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობას არჩევნებამდე რევაზ ჭეიშვილი ასრულებდა.