ხელოვნება

არტისტების აქცია საყდრისის მხარდასაჭერად [ვიდეო]

20 მარტი, 2014 •
არტისტების აქცია საყდრისის მხარდასაჭერად [ვიდეო]

აქციის მონაწილის, სოფო კილასონიას თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ საყდრისის მაღაროს მონიტორინგი გასწიონ არა სამინისტროს მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა, არამედ იმ მიუკერძოებელმა არქეოლოგებმა, რომლებიც მიმართავდნენ წერილობით, რომ არ დაეზიანებინათ საყდრისის მაღარო. 


ასევე, აქციაზე გაჟღერდა მოთხოვნა, რომ სალიცენზიო ტერიტორიაზე დაუშვან ის არქეოლოგები, რომლებიც საყდრისში მუშაობდნენ და მაღაროს იცნობენ, რათა შეფასდეს, მაღაროს რა ნაწილია დაზიანებული. 

 

სოფო კილასონია გამოეხმაურა კულტურის სამინისტროსა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრას, რომელზეც კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა დიპლომატებს იმ გადაწყვეტილების დასაბუთება გააცნო, რომელზე დაყრდნობითაც კომპანია RMG-ის მიეცა ნებართვა, რომ ამ ტერიტორიაზე წიაღისეული მოეპოვებინა. 


“დიპლომატიურ კორპუსსაც კი არ აჩვენეს ის დასკვნა, რომლის საფუძველზეც დღეს გამოაქვთ გადაწყვეტილება, რომ საყდრისი შეიძლება აფეთქდეს. მთავარია, მაღაროა აღმოჩენილი და იქ ოქროს მოიპოვებდნენ თუ სპილენძს არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ძეგლი მარტო იმიტომ, რომ ეს არის უძველესი მაღარო- ცივილიზაციის ნიშანი”,- ამბობს კილასონია.


“ნეტგაზეთის” კითხვაზე, მოითხოვენ თუ არა მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომ მთავრობის წარმომადგნელებს შეხვდნენ და პრემიერს მიაწოდონ ინფორმაცია საყდრისში არსებული ვითარების შესახებ, რადგან მან სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა იმის თაობაზე, რომ საყდრისში აღმოჩენილი მასალა მუზეუმში უნდა გადაიტანონ, რაც გაზაფხულზე მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც კულტურის სამინისტრომ არ გაითვალისწინა, კილასონიამ უპასუხა, რომ შეხვედრას არ აქვს აზრი.


“მეცნიერები არაერთხელ შეხვდნენ პრემიერმინიტრს. აქ არ არის საუბარი მისი არაინფორმირებულობის შესახებ, სამწუხაროდ,”- აღნიშნა კილასონიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი