ხელოვნება

“ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტი” ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ძეგლებზე იზრუნებს

18 მარტი, 2014 •
“ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტი” ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ძეგლებზე იზრუნებს

ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტი არის ორგანიზაცია, რომლის მიზანიც არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საომარი მოქმედებებისა და კატაკლიზმების დროს. ორგანიზაცია ამუშავებს რისკის მართვისა და მასზე რეაგირების მექანიზმებს. 

 

“ორგანიზაცია იმუშავებს კონკრეტულად საგანგებო სიტუაციებში: ეს არის ბუნებრივი კატაკლიზმები და შეიარაღებული დაპირისპირება. კონკრეტულად ამ კუთხით არც ერთი ორგანიზაცია არ მუშაობს”,- გვითხრა მანანა თევზაძემ, რომელიც “ლურჯი ფარის ეროვნულ კომიტეტს” უხელმძღვანელებს. 

 

ორგანიზაციის სამოქმედო გეგმაში შედის სამუზეუმო სივრცეში დასაქმებული პერსონალისთვის ინფორმაციის მუდმივად მიწოდება, თუ როგორ უნდა დაიცვან საგანგებო სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი და უძრავი ძეგლები. 

 

“ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტი” 1996 წელს შეიქმნა, ხოლო ეროვნულმა კომიტეტმა მუშაობა 2013 წლის მარტიდან დაიწყო. კომიტეტის ქსელში სულ 24 ნაციონალური კომიტეტია გაერთიანებული. მანანა თევზაძის განმარტებით, “ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტი” ეფუძნება იმ წინა გამოცდილებას, რაც “ICOM საქართველოსა” და “ICOMOS საქართველოს” დაუგროვდა გასული წლების განმავლობაში.

 

მანანა თევზაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საფრთხის წინაშე ნებისმიერი ძეგლი შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა კონკრეტული ძეგლები უკვე არიან ასეთი საფრთხის წინაშე. ესენია ოკუპირებული ხაზის მიღმა მდებარე ძეგლები. “სამხრეთ ოსეთის” ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე იკორთის ტაძრის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ შარშან გაავრცელა. თევზაძის თქმით, ამ ეტაპზე ორგანიზაცია მიზნად ისახავს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გაავრცელოს აღნიშნული ძეგლების შესახებ, მათი მდგომარეობის შესახებ, დაზიანებების შესახებ, რომელიც შესაძლოა რომელიმე ძეგლს ჰქნდეს და ეცადოს შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. 

 

თევზაძემ ახსენა ჰააგის კონვენცია შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, როგოორც მექანიზმი, რომ საერთაშორისო დონეზე დაიცვან ქართული კულტურის ძეგლები. კონვენციას საქართველოც შეუერთდა. ჰააგის კონვენციას, 2014 წლის მონაცემებით, 126 სახელმწიფო, მათ შორის რუსეთიცაა მიერთებული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი