ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის თქმით, ახალი შენობა ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით მოიპოვეს.
“თავიდან ვვარაუდობდით, რომ შენობა გამოიძებნებოდა თბილისში, მაგრამ შემდეგ უკეთესად მივიჩნიეთ, ასეთი შენობა აჯობებდა ყოფილიყო ქუთაისში, რომელიც დეცენტრალიზაციას შეუწყობდა ხელს”,- ამბობს გიორგი კეკელიძე.
ეროვნული ბიბილიოთეკის ხელმძღვანელის განმარტებით, შენობა რეკონსტრუქციას საჭიროებს. ბიბლიოთეკა შენობის რეკონსტრუქციას მიმდინარე წელს მოზიდული ინვესტიციებით დაიწყებს.
გიორგი კეკელიძის თქმით, ახალ შენობაში სხვადასხვაგვარი მასალები განთავსდება, მათ შორის საბჭოთა პერიოდში გამოსული ისეთი წიგნები, რომელთა მიმართ მაღალი ინტერესი არ არის. შენობაში ქართველი და უცხოელი მკვლევრებისთვის სამუშაო რეზიდენციები გაკეთდება, რომლებიც ბიბლიოთეკის შენობაში სტიპენდიით იცხოვრებენ და დაწერენ კვლევებს საქართველოს შესახებ, რაც ქვეყნის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.
“მე გავითვალიწინე ყველა მოცემულობა – შენობაში ამ ეტაპზე არ იქნება ტიპური სამკითხველო დარბაზები, რომ ქუთაისში არსებულ ბიბლიოთეკებს არ შევუქმნათ პრობლემა. მესმის, რომ კონკურენცია შეიძლება მათთვის უკეთესი იყოს, მაგრამ არა ახლა და ამ მდგომარეობაში,” –ამბობს გიორგი კეკელიძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.