ვენეციის ბიენალეზე განაცხადების მიღება დასრულებულია. ფესტივალზე, რომელშიც ხელოვანები სახელმწიფოების სახელით მონაწილეობენ, კულტურის სამინისტროს 28 თებერვლამდე უნდა გაეგზავნა ინფორმაცია მის მიერ წარდგენილი პროექტის შესახებ, ხოლო ამის შემდეგ სამინისტროს საკუთარი კომისარი უნდა წარედგინა, რომელიც ქართული პავილიონის მოწყობას ორგანიზებას გაუწევდა.
ხათუნა ხაბულიანმა, გამარჯვებული პროექტის “Skins & Reflection” კურატორმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან 25 თებერვალს წერილობითი თანხმობა მიიღო იმის თაობაზე, რომ სამინისტრო მის პროექტს მხარს დაუჭერდა, თუ იგი “უმოკლეს ვადაში” მოიძიებდა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხის 30%-ს, ხოლო 70%-ს სახელმწიფო თავად დააფინანსებდა.
სამინისტროს წერილში ასევე მითითებულია, რომ 70% არ უნდა ყოფილიყო 84 ათას ლარზე მეტი. საბოლოოდ პროექტის ღირებულება 120 ათასი ლარით განისაზღვრა. ხათუნა ხაბულიანმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ “უმოკლეს ვადაში” 36 ათასი ლარის მოძიებას შეუდგა. დონორობას ნიუ იორკში მდებარე გალერეა Leonardos ARts დათანხმდა, სადაც პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ლევან მინდიაშვილი მუშაობს.
ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავამ, რომელიც აღნიშნულ კომისიაში შედიოდა, 14 მარტს კლუბ “ფრონტლაინში” გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ვენეციის წლევანდელი არქიტექტურული ბიენალე 1914 წლიდან 2014 წლამდე ურბანული არქიტექტურის განვითარების ტენდენციების წარმოჩენას ისახავს მიზნად.
ხათუნა ხაბულიანის პროექტი “Skins & Reflection” საქართველოში მიმდინარე არქიტექტურული განვითარების ტენდენციებს შეეხებოდა. მისი თქმით, ვენეციაში მდებარე ქართული პავილიონი “კამიკაძე ლოჯია”, რომელიც ბიენალეზე საქართველოს წარმოადგენს, გარედან შეიმინებოდა. ხაბულიანის დახასიათებით, ეს იქნებოდა პროექტის ექსტერიერი, რომელიც 2000-იანი წლების შემდეგ ქართულ ურბანულ არქიტექტურაში “აკვარიუმი შენობების” გამოჩენას ეხმიანება.
ხოლო ინტერიერი აერთიანებს ლევან მინდიაშვილის მიერ შექმნილ ურბანული არქიტექტურის მოტივებს, რომლის ცენტრალური ელემენტი ფრესკაა, მასზე ნარიყალას ციხე და ძველი თბილისია გამოსახული, რომელიც თბილისის უძველესი ფოტოს მიხედვითაა შექმნილი.
ხათუნა ხაბულიანის თქმით, მან სამინისტროში თანადაფინანსების წერილი წარადგინა, თუმცა მარტის დასაწყისში “მოულოდნელი პასუხი მიიღო” – სამინისტრომ უარი განაცხადა პროექტის დაფინანსებაზე. მიზეზად კი სამინისტროსა და სამინისტროს მიერ შექმნილ შესარჩევ კომისიას შორის შეუთანხმებლობა დასახელდა.

კომისია, რომელსაც ვენეციის არქიტექტურულ ბიენალეზე წარსადგენი პროექტი უნდა შეერჩია, 2013 წლის ბოლოს შეიქმნა. მასში 17 წევრი- ათი ქართველი და 7 უცხოელი შედიოდა. კონკურსი პროექტების წარსადგენად 2013 წლის 26 დეკემბერს გამოცხადდა. კომისიამ 2014 წლის 3, 4 და 7 თებერვალს განიხილა წარდგენილი 18 პროექტი, რომელთაგან კატარინა შტადლერის, ლენა კილაძისა და ხათუნა ხაბულიანის კურატორობით შექნილ სამ პროექტს მიანიჭა უპირატესობა.
კომისიას სამინისტროსგან მიცემული ჰქონდა თანხმობა, რომ შეეძლო რამდენიმე პროექტის შერჩევა. გამარჯვებულად კატარინა შტადლერის პროქტი დასახელდა, რომელსაც სხვა ორ კურატორთან ერთად უნდა ეთანამშრომლა და სიმბიოზური პროექტით წარმდგარიყო ბიენალეზე.
მარინე მიზანდარი, კომისიის მუშაობის პერიოდში კულტურის მინისტრის მოადგილე, ამბობს, რომ ერთადერთი თვითკმარი პროექტი კატარინა შტადლერის პროექტი იყო. თუმცა კომისიამ ასევე მოიწონა ხათუნა ხაბულიანის ექსტერიერი, რომელიც ავსებდა შტადლერის პროექტს. მიზანდარის თქმითვე, მესამე კურატორის, ლენა კილაძის პროექტი ვერ ჩართეს, ამიტომ არჩევანი ხაბულიანისა და შტადლერის პროექტზე შეჩერდა.
კომისიის გადაწყვეტილებით, ვენეციის ბიენალეზე საქართველოს უნდა წარედგინა ხათუნა ხაბულიანის პროექტის ფასადი, ანუ “კამიკაძე ლოჯია” შეიმინებოდა, ხოლო “კამიკაძე ლოჯიის” შიდა სივრცე კატარინა შტადლერის პროექტის მიხედვით მოეწყობოდა.
ნიკა ნადირაშვილის, “Skins & Reflection”-ის პროექტის ასისტენტის თქმით, კატარინა შტადლერის პროექტი უფრო კვლევით აქტივობას წარმოადგენდა, ვიდრე სახელოვნებოს (ვიზუალურს). კატარინას პროექტის ფარგლებში ქართველი მონაწილეები თვეების განმავლობაში წარადგენდნენ უცხოელი აუდიტორიის წინაშე ქართულ, თბილისურ არქივებს არქიტექტურისა და სხვა სფეროებში. თუმცა სამინისტრომ არ დააკმაყოფილა კომისიის რეკომენდაცია და მხოლოდ Skins & Reflection-ს დაუჭირა მხარი.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რადგანაც კომისიამ მხარი დაუჭირა არა ერთ, არამედ ორ პროექტს, ეს ნიშნავს, რომ კომისიისთვის სრულყოფილი პროექტი არ წარუდგენიათ.
“ჩვვენ რასაც გვთავაზობდნენ დასაფინანსებლად, დაუშვებელია, ალოგიკურია და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ისინი მათ მიერ შექმნილი მე-19 პროექტის დაფინანსებას გვთხოვდნენ”,- განაცხადა მარგიშვილმა.
მარგიშვილის თქმით, კომისიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა კანონს, რადგან ამ შემთხვევაში კომისია გამოდიოდა როგორც პროექტის ავტორი, ასევე, მისი შემფასებელი. ეს კი ინტერესთა შეუთავსებლობა არის. მინისტრის მოადგილის თქმით, კომისიის წევრების ნაწილმა სამინისტროს მიწერა წერილი, რომელშიც მოითხოვა, რომ ან მათ მიერ შერჩეული თანამშრომლობით შექმნილი პროექტი უნდა წასულიყო ვენეციაშჲ, ან არც ერთი.
ლალი პერტენავა ამბობს, რომ კომისიის წევრები სამინისტროში “დაიბარეს” და მოსთხოვეს, რომ გაეუქმებინათ თავისი გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ კომისიის სხდომა კანონის დარღვევით ჩატარადა. ამ მოთხოვნას კომისია არ დათანხმდა.
“ამან გამოიწვია კომისიის წევრების უკმაყოფილება. ერთმნიშვნელოვნად მიიწერა წერილები, რომ ეს არ არის სამართლიანი და ჩვენი წერილების საფუძველზე გადაწყვიტეს, რომ ჩაეშალათ კონკურსი. ამ ორი დღის განმავლობაში მიდიოდა ზეწოლა კულტურის სამინისტროს აპარატის უფროსისა და იურისტისგან”,- ამბობს ლალი პერტენავა.
მინისტრის მოადგილე კი ამბობს, რომ სამინისტრო უშედეგოდ ცდილობდა დაერწმუნებინა კომისიის წევრები, რომ მათ სიმბიოზური პროექტის მიღების უფლება არ ჰქონდათ. მარგიშვილის განმარტებით, სამინისტროს ეგონა, რომ რამდენიმე პროექტის დამტკიცება გულისხმობდა არა “დროსა და სივრცეში თანხვედრილი” პროექტის შექნას, არამედ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი პროექტის არსებობას, რომელიც პირველი სამი თვის განმავლობაში ერთი პროექტი იქნებოდა წარმოდგენილი, ხოლო მეორე სამ თვეში- მეორე პროექტი.
კულტურის მინისტრის მოადგილის თქმით, შემდგომში სამინისტროს “კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის მუდმივმოქმედმა კომისიამ განიხილა არსებული პროექტები და ხაბულიანის ავტორობით წარმოდგენილი პროექტი მოიწონა.
ხათუნა ხაბულიანი ამბობს, რომ ამგვარი მიდგომა თავად ბიენალეს კონცეფციას ეწინააღმდეგება, რადგან ფესტივალზე მხოლოდ ერთი პროექტი უნდა იყოს წარმოდგენილი და არა რამდენიმე, რომელიც 6 თვის განმავლობაში იქნება ბიენალეზე. ხაბულიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კომისიის მუშაობისას თანამშრომლობის კომპონენტი იყო წინააღმდეგობრივი, რამაც კრიზისული სიტუაცია შექმნა.

ამის მიუხედავად, ხაბულიანი დათანხმდა თანამშრომლობას მხოლოდ იმ პირობით, რომ მისი საავტორო პროექტის სახელი არ შეიცვლებოდა. თუმცა, როგორც ხაბულიანი ამბობს, შტადლერისა და კომისიის წევრის, იოანა ვარშას მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ მას კატარინა შტადლერის გეგმის მიხედვით ემუშავა, რაზეც ხაბულიანმა უარი განაცხადა. კონფლიქტი მათ შორის მალე ამოიწურა.
ყოველივე ამის შემდეგ ხაბულიანს დარჩა შთაბეჭდილება, რომ სამინისტროს არ სურდა, მას ბიენალეში მონაწილეობა მიეღო.
“ვენეციის ბიენალეს მიერ წარმოებულ ვადებში არანაირად არ გვეხმარებოდა და ხელს არ გვიწყობდა სამინისტრო. ფაქტიურად, მათ თავიდან თქვეს, რომ შეარჩიეს ორი პროექტი, მერე- ერთი პროექტი, აბსოლუტურად არ აინტერესებდა, როგორ მოესწრებოდა. ყველანაირ ვადას გადავაცილეთ უკვე. ეს თუ მოხდება ფორსმაჟორულად, თქვას სახელმწიფომ და სასწაულებს იზამენ შეიძლება, მაგრამ არსებული დედლაინების მიხედვით არა”,- ამბობს ნიკა ნადირაშვილი.
ვენეციის ბიენალეს არქიტექტურის სექცია პირველად 1980 წელს ჩამოყალიბდა და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. 2014 წელს მეთოთხმეტედ ჩატარდება. საქართველო შარშან ვენეციის ბიენალეს თანამედროვე ხელოვნების სექციაში გიო სუმბაძის პროექტით “კამიკაძე ლოჯია” მონაწილეობდა.




