ენზო გინაზი, რომელიც ცნობილია პუპოს სახელით, თბილისში გამართულ ვენეციური კარნავალზე ჩამოვიდა. კონცერტი, როელიც ,,თბილისის ივენთ ჰოლში” 11 მარტს გაიმართა, ორგანიზაცია ,,ცხოვრება მშვენიერია, თინათინ მაღალაშვილი და VIPR –ის მიერ იყო ორგანიზებული, ხოლო გენერალური სპონსორები იყვნენ სამშენებლო კომპანია ,,ანაგი” და სასტუმრო Holiday Inn.
ვენეციური კარნავალის მიზანი, რომელიც წელს უკვე მესამედ ჩატარდა საქართველოში, ბერი ანდრიას ფონდის დახმარება იყო. ეს ფონდი საქართველოში ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებს ეხმარება.
“წინა კარნავალები ადგილობრივი ძალებით ჩავატარეთ. წელს კი ჩემი დიდი ოცნება იყო ვენეციურ კარნავალზე ჩამომეყვანა ცნობილი იტალიელი მომღერალი. ოცნება იმიტომ, რომ ამას დიდი თანხები სჭირდებოდა. მაგრამ მოხდა ის, რასაც მართლა ვერ ვიოცნებებდი, სიხარულისგან მიწაზე არ ვდგავარ და ამ სიხარულის მიზეზი არის ყველასათვის კარგად ცნობილი Enzo Ghinazzi ანუ pupo . როდესაც მე მას დავუკავშირდი და ჩვენი კარნავალის მიზეზი გაიგო, არც კი დაფიქრებულა და მაშინვე დამთანხმდა ჩამოსულიყო ბავშვების დასახმარებლად ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ანუ უჰონორაროდ. იტალიელი ჩამოვიდა დასახმარებლად ქართველი ბავშვებისთვის სრულიად უცხო ქვეყანაში, რათა დახმარებოდა მათ და შეეგროვებინათ ფული. მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, დიდი მიღწევაა ეს ჩემთვის, ის უკვე მეგობრად მთვლის. მან სიტყვა შეასრულა და ის ჩვენ წინაშე წარსდგა არაჩვეულებრივი პროგრამით”, – ამბობს
ამ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ,,ცხოვრება მშვენიერიას” დამფუძნებელი ნიკოლოზ ესაკია.
,, ის სიმღერები, რომლებიც შევქმენი, ვფიქრობ, უნდა ვკითხოთ ღმერთს, ჩემს ბედს და იღბალს. მე არ დავბადებულვარ მუსიკალურ ოჯახში, მაგრამ ჩემი მშობლების ჰობი იყო მუსიკა. ამიტომ სულ უსმენდნენ და მღეროდნენ. შემდეგ მეც აღმოვაჩინე გატაცება მუსიკის წერის, ვისწავლე გიტარაზე დაკვრა, მაგრამ არ მეგონა ცნობილი თუ გავხდებოდი. ეს მერე მოხდა რაღაც დამთხვევებიდან გამომდინარე, და გავაგრძელე.
ტელევიზიის წამყვანობა და მომღერლობა ორი სხვადასვა პროფესიაა, მაგრამ ორივე ნებას მაძლევს, რომ პუბლიკასთან ვიყო კონტაქტზე, რა თქმა უნდა, ჩემი პირველი სიყვარული მუსიკაა. დღეს სატელევიზიო პროგრამის კეთება ჩემი მოთხოვნილება გახდა”, – აღნიშნა პუპომ თბილისის კონცერტის შემდეგ.
თბილისის “ვენეციურ კარნავალში” მონაწილეობა ქართული ესტრადის არაერთმა წარმომადგენელმა მიიღო. არაერთმა დამსწრემ კი ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვების დასახმარებლად ბერი ანდრიას ფონდს თანხა შესწირა.






