საქართველოს საკონკურსო სიმღერის Three Minutes To Earth ვიდეორგოლის გადაღება 5 და 6 მარტს ნატახტარის აეროდრომზე გაიმართება. კლიპისა და სცენოგრაფიის რეჟისორი და მხატვარი ბასა და თამრიკო ფოცხიშვილები არიან.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქართველი კონკურსანტების კოსტიუმებზე ფოცხიშვილებთან ერთად, ავთანდილ ცქვიტინიძე და დათუნა სულიკაშვილი იმუშავებენ. ფოტოსესიას კი ჯიჯი რეჯინი უზრუნველყოფს.
Three Minutes To Earth-ის პრემიერა პირველ არხზე გაიმართება. მანამდე 2014 წლის ევროვიზიის Postcard-ის გადაღება 3 მარტს ყვარელში შედგება. სპეციალურად ამ გადაღებისთვის დანიიდან თბილისში ოთხკაციანი გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა.
“40-წამიანი ვიდეო ასახავს საქართველოს დროშის ორიგინალურ აწყობას. Postcard ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ქართველი მონაწილეების სცენაზე გამოსვლამდე გავა ეთერში”,- ნათქვამია საზოგადოებრივი მაწუწყებლის განცხადებაში.
სიმღერას Three Minutes To Earth მარიკო და The Shin ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე შეასრულებენ.
2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს კოპენჰაგენი უმასპინძლებს. 59-ე ევროფესტივალის ნახევარფინალები 6 და 8, ხოლო ფინალი 10 მაისს გაიმართება. კონკურსში წელს 37 ქვეყანა მონაწილეობს.