“მე ამ კაცს ყოველთვის “ვბალეშიკობდი”. აღფრთოვანებული ვიყავი ამ კაცით და მე ასე ვფიქრობ, რომ გადაგვირჩინა ჩვენი სამშობლო”, – ამბობს ივანიშვილის გასაყიდი პორტრეტების ავტორი დემურ გრიგოლია.
ონლაინ მაღაზიაში სულ ორი ფერწერული ტილოა გამოტანილი, ერთის ფასი 2000 დოლარი, მეორის კი 1500 დოლარია. დემურ გრიგოლია ამბობს, რომ სავარძელში მჯდომი ბიძინა ივანიშვილის ტილოს ორი ეგზემპლარი აქვს.
“კრესლოში” მაქვს ორი ცალი. ორივეს ავტორი მე ვარ. არ არის კოპიო დ გადახატული ვიღაცისგან. ჩემია სამივე.”
დემურ გრიგოლიამ ივანიშვილის პორტრეტები 2012 წელს დახატა.
დემურ გრიგოლიას თქმით, მან ნახატის დახატვა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილს გულშემატკივრობს, ხოლო გაყიდვა იმის გამო გადაწყვიტა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მან ისიც გვითხრა, რომ გუშინ გამოქვეყნებული ტილოს შესყიდვის მსურველიც გამოჩნდა.
“ერთმა ქალმა დამირეკა წეღან და ხომ არ დაუკლებთო და რაღაცა…. არ ვიცი გაიყიდება, არ გაიყიდება და დარჩება ოჯახს”,- ამბობს დემურ გრიგოლია.
ტილოს ავტორის თქმით, იგი აპირებს, რომ კიდევ შექმნას ბიძინა ივანიშვილის ნახატი, ამჯერად მისი მშობლიური სოფლის ფონზე.
“ერთი მაქვს რაღაც ჩაფიქრებული. მინდა გავაკეთო უფრო სერიოზული კიდევ რაღაც… უკან მისი სოფლის ფონზე, დაახლოებით.”
დემურ გრიგოლია ამბობს, რომ იგი თბილისის სამხატვრო აკადემიაში მუშაობს 44 წელია. ჩვენს კითხვაზე, ხომ არ უჩუქებია ბიძინა ივანიშვილისთვის ნახატი, გრიგოლიამ უარით გვიპასუხა და დაამატა, რომ იგი ივანიშვილს არ იცნობს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის გამოსახულებით ტილო აქამდეც შეუქმნიათ და მას თვითონ ბიძინა ივანიშვილი ფლობდა, სანამ ეს ტილო პრემიერის რეზიდენციას არ დაუტოვა იმ სხვა საჩუქრებთან ერთად, რომელიც ივანშვილმა პრემიერობის დროს მიიღო. ფერწერული ტილოს გარდა პრემიერის კოლექციაში მისი ქანდაკებაც შედის.