ხელოვნება

ქართული კინოს ფესტივალი იტალიაში ოთარ იოსელიანის ფილმის ჩვენებით გაიხსნა

20 თებერვალი, 2014 •
ქართული კინოს ფესტივალი იტალიაში ოთარ იოსელიანის ფილმის ჩვენებით გაიხსნა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კინოფესტივალი ქართველი რეჟისორის ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმის „შანტრაპა“ პრემიერით გაიხსნა. „ტეატრო ვალეში“ ოთარ იოსელიანის ნამუშევარი ცნობილმა იტალიელმა მწერალმა და კინოკრიტიკოსმა ენრიკო გეძიმ წარადგინა. ფილმის ჩვენების შემდეგ ოთარ იოსელიანმა მაყურებლის შეკითხვებს უპასუხა.

 

ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება თინათინ გურჩიანის ფილმი – „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“, ნანა ექვთიმიშვილის ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“, რუსუდან ჭყონიას „გაიღიმე“ და გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“.

  

1 მარტს კვირეულის ფარგლებში  ჩატარდება მრგვალი მაგიდა, სადაც ეროვნული კინოცენტრის პრეზიდენტი, ნანა ჯანელიძე და კინოცენტრის სხვა თანამშრომლები შეხვდებიან იტალიელ პროდუსერებსა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს, შეხვედრაზე საქართველოში კინოს განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრებენ.

 

კინოფესტივალის დახურვის დღეს, 2 მარტს, იტალიელ მაყურებელს საშუალება მიეცემა გაეცნოს ქართულ ხალხურ სიმღერებს, რომელსაც რომში არსებული ქართული დიასპორის გუნდი შეასრულებს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ქ. რომში ამ პერიოდში დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ქართული კინოს ფესტივალი საზოგადოების ინტერესთა ათეულში მოხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი